საქმე # 210141121004272702
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3491-21 19 მაისი, 2021 წელი
კ–ი ლ., 3491-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ს–ს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ლ. კ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ. შ–ს ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. მ–ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ლ. კ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით ლ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 21 მაისიდან.
2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. კ–ს მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ლ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ს–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
5. მსჯავრდებულ ლ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ს–მ საჩივრით ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინების გაუქმება, მსჯავრდებულ ლ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება და დანიშნული სასჯელის განახევრება.
6. მსჯავრდებულ ლ. კ–ს სასამართლო წარმოების მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 13 მაისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ლ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
4. მოცემულ შემთხვევაში ლ. კ–ი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ (ეხება ამნისტია), ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ (არ ეხება ამნისტია) ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ (არ ეხება ამნისტია), „გ“ (არ ეხება ამნისტია) და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში ლ. კ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად, მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები), რისთვისაც განაჩენით განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 3091-21; 2921-21; 2001-21 გადაწყვეტილება).
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ს–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე