ას-364-657-04 30 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 13 სექტემბერს თ. ბ-ამ ლ. ბ-ას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და ძმის _ ო. ბ-ას დანაშთი ქონების 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა.
თ. ბ-ას განმარტებით, მისი ძმა _ ო. ბ-ა გარდაიცვალა 2002წ. 7 თებერვალს. აწ გარდაცვლილ ო. ბ-ას არ ჰყავდა ცოლ-შვილი, დარჩა ორი და – თვითონ მოსარჩელე და მოპასუხე ლ. ბ-ა.
თ. ბ-ა ცხოვრობს ლანჩხუთში. ძმის გარდაცვალების შემდეგ ვერ შეძლო თბილისში ჩასვლა, რათა მიემართა ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების შესახებ. მან განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე, კანონით დადგენილ ვადაში შეადგინა, დაამოწმა ლანჩხუთის ნოტარიუსთან და ახლობელს გაატანა თბილისში, ნოტარიუსთან წარსადგენად.
თ. ბ-ამ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ მიაკითხა ნოტარიუსს სამკვიდროს მოწმობის მისაღებად, მაგრამ მისი განცხადება ნოტარიუსთან არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ახლობელი, რომელსაც თბილისში გაატანა განცხადება ნოტარიუსისათვის, თბილისში ვერ ჩავიდა და განცხადება ფოსტით გააგზავნა.
ლ. ბ-ამ (მოპასუხე) აღძრა შეგებებული სარჩელი თ. ბ-ას მიმართ და მოითხოვა მისი ცნობა უღირს მემკვიდრედ, იმ საფუძვლით, რომ თ. ბ-ამ ძმა ო. ბ-ა გააგდო ლანჩხუთში მდებარე მშობლების სახლიდან, მიაყენა შეურაცხოფა. აღნიშნულის გამო ო. ბ-ას განუვითარდა გულის ინფარქტი და გარდაიცვალა. თ. ბ-ა დაკრძალვაზე არ ჩამოსულა და არც დაკრძალვის ხარჯები გაუღია.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუგრძელდა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა. თ. ბ-ა ცნობილ იქნა სადავო სახლის 1/2-ის მესაკუთრედ, იმ საფუძვლით, რომ თ. ბ-ამ კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით გამოავლინა ნება სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დანიშნულების ადგილას – ნოტარიუსთან ვერ მოხვდა.
რაც შეეხება ლ. ბ-ას შეგებებულ სარჩელს, იგი არ დაკმაყოფილდა, რადგან მან ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოითხოვა გამოტანილი გადაწყვეტილბის გაუქმება და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის განჩინებით ლ. ბ-ას სააპელაცო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002წ. 7 თებერვალს გარდაიცვალა ო. ბ-ა, რომელსაც ანდერძი არ დაუტოვებია. მას დარჩა სამკვიდრო ქონება, კერძოდ, საცხოვრებელი ბინა, მდებარე ...... თბილისში.
სკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. ო. ბ-ას პირველი რიგის მემკვიდრეები არ დარჩენია.
ამავე მუხლის შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრეების არარსებობის შემთხვევაში, მემკვიდრეებად ითვლებიან მისი დები და ძმები. გარდაცვლილ ო. ბ-ას დარჩა ორი და – თ. და ლ. ბ-ები, რომლებიც არიან მისი მემკვიდრეები.
სკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ თ. ბ-ამ კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, 2002წ. 11 აპრილს, დაწერა განცხადება სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით, მოქმედი ნოტარიუსის – თ. გ-ის სახელზე, რომელშიც ითხოვდა ო. ბ-ას დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გადაცემას. აღნიშნული განცხადება დამოწმებულ იქნა ლანჩხუთის ნოტარიუსის მიერ.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ე. ჩ-ემ დაადასტურა, რომ იგი მიდიდოდა თბილისში და თ. ბ-ამ გადასცა მას აღნიშნული განცხადება ნოტარიუს თ. გ-ისათვის ჩასაბარებლად, მაგრამ ბავშვის ავადმყოფობის გამო იგი ვერ წამოვიდა თბილისში და განცხადება ჩააგდო საფოსტო ყუთში, თ. ბ-ასათვის კი არ შეუტყობინებია, რომ დავალება ვერ შეასრულა.
როდესაც თ. ბ-ამ, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, 2002წ. აგვისტოს ბოლოს, მიაკითხა ნოტარიუსს თ. გ-ს, აღმოაჩინა, რომ მისი განცხადება მასთან არ მისულა, რის შემდეგ, 2002წ. 13 სექტემბერს მან მიმართა სასამართლოს სარჩელით სამკვიდროს ვადის გაგრძელების შესახებ.
სკ-ის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ-ას მიერ სამკვიდროს მიღების ვადა გაშვებულია რამდენიმე დღით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, რაც სწორად იქნა მიჩნეული საპატიოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა თ. ბ-ას სარჩელი.
რაც შეეხება ლ. ბ-ას შეგებებულ სარჩელს თ. ბ-ას უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ, მისი უარყოფა მოხდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისობაში, კერძოდ:
სკ-ის 1510-ე მუხლით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად, ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება – სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).
საქმის მასალებით არ დადასტურდა თ. ბ-ას მხრიდან არც ერთი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა, რაც შეეხება იმას, რომ იგი შეურაცხყოფას აყენებდა ძმას და არ გაუღია დაკრძალვისათვის ხარჯები, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, ეს არ არის უღირს მემკვიდრედ ცნობის საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ამ.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, უკანონოდ მიაჩნია თ. ბ-ასათვის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.
ასევე უკანონოდ ეთქვა უარი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან, მისი განმარტებით, თ. ბ-ამ მშობლების ოჯახიდან ნამდვილად გამოაგდო ო. ბ-ა, რომელიც დაავადდა და გარდაიცვალა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე, რადგან სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში მხარეების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სასამართლომ საქმეზე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კანონით დადგენილ ვადაში თ. ბ-ამ დაწერა და ნოტარიუსთან გააგზავნა (სამკვიდროს ადგილსამყოფელის მიხედვით) განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე. დადგენილია, რომ განცხადება ადრესატამდე არ მივიდა თ. ბ-ასაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. სასამართლომ სავსებით საფუძვლიანად მიიჩნია აღნიშნული გარემოება იმ საპატიო მიზეზად, რასაც სკ-ის 1426-ე მუხლი ითვალისწინებს. პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 1426-ე მუხლი და საპატიო მიზეზად მიიჩნია სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება. ამდენად, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოების გამო:
სკ-ის 1310-ე მუხლი ადგენს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პირი მიჩნეულ იქნეს უღირს მემკვიდრედ. აღნიშნული ნორმით არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლის მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან თავისი ახლობელი პირის მოწვევას მემკვიდრეებად, ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახ დანაშაული, ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ. პალატა მიუთითებს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი არ წარმოადგენენ უღირს მემკვიდრედ ცნობის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს.
ამდენად, სასამართლომ შეგებებული სარჩელი სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.