Facebook Twitter

ას-365-1028-03 6 აპრილი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 19 ივლისს ს. მ-ემ და მ. ი-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. ც-ის, ბათუმის ...... ქარხნისა და ნოტარიუსი მ. ჯ-ის მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად საცხოვრებელი ფართის სიმცირის გამო სხვა მოსარჩელეებთან ერთად შეიჭრნენ ბათუმის ...... ქარხნის კუთვნილი ბაგა ბაღის შენობაში. ქ. ბათუმის მერიის 1998წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით აღნიშნული ბაგა ბაღი მთლიანად ჩაირიცხა საცხოვრებელ ფონდში და დანაწილდა კონკრეტულ მოსახლეებზე, მათ შორის მოსარჩელეების ოჯახებზეც. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქარხანამ მათ სარგებლობაში არსებული ფართის ნაწილზე საბინაო ორდერი გადასცა ვ. ც-ეს, რომელმაც მოახდინა სადავო ფართის პრივატიზაცია, თუმცა მოსარჩელეთაგან მისი გამოთავისუფლება ვერ შეძლო.

საქმის მასალებში წარმოდგენილ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება ქ. ბათუმის ...... ქარხნის სარჩელის გამო ს. მ-ისა და მ. ი-ის მიმართ მათი ქ. ბათუმში, ...... მდებარე საერთო საცხოვრებლის 26,62 კვ.მ ფართიდან გამოსახლების შესახებ, რომლითაც მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ფართიდან.

მოპასუხე ს/ს “ტ-ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ ზემოხსენებულ ქარხანაში. მათ ეკავათ 17 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ბინა შენობის მეორე სართულზე. 1998წ. 7 მარტს ორ მობინადრესთან ერთად მოსარჩელეები შეიჭრნენ იმავე შენობის პირველ სართულზე და დაიკავეს 26,64კვ.მ ფართი. ქ. ბათუმის მერიის 1998წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით აღნიშნული ბაგა ბაღი მთლიანად ჩაირიცხა საცხოვრებელ ფონდში და დანაწილდა კონკრეტულ მოსახლეებზე. აქედან 12,32 კვ.მ გადაეცა მოსარჩელეებს, ხოლო დარჩენილი 12,32 კვ.მ ორდერის საფუძველზე გადაეცა ვ. ც-ეს. მიუხედავად მათი დაკავებული სადავო ფართიდან სასამართლო აღმასრულებლის მიერ გამოსახლებისა, მოსარჩელეებმა შეავიწროვეს ვ. ც-ე და მეორე დღესვე განაგრძეს ფართის ფლობა. აღნიშნულის შემდეგ ვ. ც-ემ მოახდინა ფართის პრივატიზაცია, რაც, მხარის აზრით, განხორციელდა კანონიერად.

მოპასუხე ქ. ბათუმის ნოტარიუსმა მ. ჯ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2003წ. 23 ივნისის სადავო პრივატიზაციის ხელშეკურლება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან მას წარუდგინეს ყველა სათანადო დოკუმენტი. მხარემ აღნიშნა, რომ ფართის ირგვლივ დავის არსებობის შესახებ მისთვის ქარხნის ადმინისტრაციას უნდა ეცნობებინა, რაც არ განხორციელებულა.

ვ. ც-ემ ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო ფართის პრივატიზაცია მოახდინა კანონიერად, შესაბამისი ორდერის საფუძველზე, მოსარჩელეები კი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, მისი კუთვნილი ფართიდან უნდა გამოსახლდნენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება გაუქმდა. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილბის მე-2 პუნქტზე და მიიჩნია, რომ ქარხნის ადმინისტრაციამ შეცდომაში შეიყვანა ნოტარიუსი, როდესაც ვ. ც-ეს სადავო გამოუთავისუფლებელი ფართის პრივატიზების ნება დართო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ც-ემ და ქ.ბათუმის ...... ქარხანამ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ.ბათუმში, ..... მდებარე ბინა ეკუთვნოდა შპს ბათუმის ...... ქარხანას”, რომელიც უნებართვოდ დაიკავეს მოსარჩელეებმა ს. მ-ემ და მ. ი-ემ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით ისინი სადავო ბინიდან გამოსახლდნენ, თუმცა გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულების შემდეგ მოსარჩელეები სადავო ფართში ცხოვრებას მაინც აგრძელებდნენ. 2000წ. 23 ივნისს, ქარხნის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ვ. ც-ემ მოახდინა აღნიშნული ფართის პრივატიზაცია. მოსარჩელეები, კი იმთავითვე ფართს ფლობდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძლის გარეშე. მათ სახელზე გაიცა ორდერი ¹16 ბინაზე, ხოლო სადავო ფართი წარმოადგენს ¹14 ოთახს, რომელიც აღირიცხა ვ. ც-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2000წ. 23 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკურლების გაფორმებისას ბინის დაკავების უფლება ვ. ც-ეს მოპოვებული ჰქონდა, თუმცა ვერ ახორციელებდა მოსარჩელეთა თვითნებობის გამო. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ პრივატიზაცია გაკეთდა სწორედ იმ ბინაზე, რომელიც ვ. ც-ეს მართლზომიერად ჰქონდა დაკავებული, ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილბის მე-2 პუნქტი უშვებდა გამოთავისუფლებული ბინების პრივატიზაციის შესაძლებლობასაც. საოლქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეები სადავო ბინიდან გამოსახლდნენ და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს, ამასთან ვ. ც-ის სახელზე გაცემული ორდერი პრივატიზაციის დროს ძალაში იყო და მისი გაუქმება არავის არ მოუთხოვია.

სააპეალციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. მ-ემ და მ. ი-ემ. კასატორებმა მიუთითეს, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობენ 42,3 კვ.მ ფართის ბინაში, საიდანან ორი ოთახი დაკანონებული აქვთ, ხოლო მესამე 12,3 კვ.მ ფართის ოთახის მათთვის გადაცემისათვის არაერთ ინსტანციას მიმართეს, ვინაიდან ოჯახი შესდგება 7 სულისაგან და ესაჭიროება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მხარის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილბა, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემოდა სახლის დამქირავებელს, ამდენად, მხოლოდ იმ ბინის პრივატიზაციაა შესაძლებელი, რომელიც გადაეცა დამქირავებელს, რასაც მოპასუხე მხარის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კასატორთა განმარტებით, სასამართლოს უნდა გაერკვია ვ. ც-ის სახელზე სადავო ბინის ორდერის გაცემა კანონიერად მოხდა თუ არა. ამასთან, მხარის აზრით, მოცემული დავა უნდა განხილულიყო ახალი სკ-ის მიხედვით. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ქ.ბათუმის ტრანსფორმატორთა ქარხანა წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციათა 100% აჭარის ა/რ მრეწველობის სამინიტროს ეკუთვნის, ამდენად, სადავო ბინის პრივატიზაცია უნდა მომხდარიყო არა ადმინისტრაციის, არამედ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით.

კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ისინი სადავო ფართიდან გამოასახლა, ვინაიდან აღნიშნული საკითხი უკვე იქნა განხილული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 6 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტიელბით. მხარის განმარტებით, პალატამ დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლი, როდესაც არ გაარკვია ადრე უკვე განხილულ თუ მოცემულ სარჩელზე უნდა ეთქვას უარი მოსარჩელეებს. მხარის აზრით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სადავო ფართის გამოთავისუფლებას, მისი ქარხნისათვის ჩაბარებასა და ვ. ც-ის შესახლებას ადგილი არ ჰქონია. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილბა და აღნიშნული გადაწყვეტიელბის სისწორე დასტურდება როგორც 1999წ. 6 ივლისის ოქმით, ისე ბათუმის პროკურატურის 2000წ. 30 ოქტომბრის დადგენილებით. მხარის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ფართი მდებარეობს ს. მ-ისა და მ. ი-ის კუთვნილი ორი ოთახის შუაში და ვ. ც-ისათვის მისი გამოყოფა რეალურად შეუძლებელია.

ს. მ-ემ და მ. ი-ემ მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:

ქ. ბათუმში, ...... მდებარე სადავო ბინა, რომელიც ამჟამად უნებართვოდ დაკავებული აქვთ ს. მ-ეს და მედიკო ივანაძეს წარმოადგენდა შპს “ბათუმის ......” ქარხნის საკუთრებას. 2000წ. 23 ივნისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით ბინა საკუთრებაში გადაეცა მოპასუხე ვ. ც-ეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მეორე პუნქტით პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა), მათ შორის ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე გამოთავისუფლებული ბინა.

მოცემულ შემთხვევაში პრივატიზაციის ობიექტს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირის – შპს-ს კუთვნილი ქონება, რომელიც არ შეიძლება გაიგივებული იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის ქონებასთან. ამდენად, მესაკუთრეს თავისი ქონება პრივატიზაციის ხელშეკრულებით არ უნდა გადაეცა შემძენისათვის.

კერძო პირებს შორის ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სკ-ის შესატყვისი ნორმებით.

ამდენად, საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ვინაიდან სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

საქმის ხელახლა განხილვისას საოლქო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სადავო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის რა სამართლებრივი ურითერთობა წარმოიშვა, ფაქტიურად რა შეთანხმებას ჰქონდა ადგილი და საჭიროებს თუ არა იგი რაიმე ფორმის დაცვას. ფორმის დაუცველობის შემთხვევაში, მხარეები ადასტურებენ თუ არა ამ გარიგებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. მ-ის და მ. ი-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.