საქმე # 140141121004549277
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№3581-21 28 მაისი, 2021 წელი
გ-ე დ., 3581-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს–მის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. დ. გ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო საქმიანობის, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ დ. გ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
4. მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს–მ საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ დ. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებულ დ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ჯარიმა.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულ დ. გ–ს მიმართ გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
5. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
6. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს უფლების აღდგენას იმ შემთხვევაში, როდესაც ამნისტიის აქტით მსჯავრდებული სასჯელისგან თავისუფლდება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება 141-21).
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე