Facebook Twitter

საქმე # 100141221004274598

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№3631-21 31 მაისი, 2021 წელი

ტ–ე დ., 3631-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ტ–ს საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. დ. ტ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

2. 2021 წლის 13 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - ...........ის პრობაციის ბიუროს უფროსმა წარდგინებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ტ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 იანვრის განჩინებით საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დ. ტ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ტ–ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. მსჯავრდებულმა დ. ტ–მ საჩივრით ითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

6. მსჯავრდებულ დ. ტ–ს საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 31 მაისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს საჩხერის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ დ. ტ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

4. მოცემულ შემთხვევაში დ. ტ–ე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ (ეხება ამნისტია) და ,,ბ“ (არ ეხება ამნისტია) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

5. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში დ. ტ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან ერთად, მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), რისთვისაც განაჩენით განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 3091-21; 2921-21; 2001-21 გადაწყვეტილება).

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ტ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე