Facebook Twitter

საქმე # 330100120003784139

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №41აპ-21 ქ. თბილისი

გ–ი დ., 41აპ-21 25 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ - იოსებ ხუციშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ დ. გ–სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით.

მსჯავრდებული დ. გ–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ–ა შესაგებლებით ითხოვენ პროკურორ იოსებ ხუციშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 7 ივნისიდან იმავე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმდა დ. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 7 ივნისს, თ........ში, ...............ში, დ. გ–მ, ურთიერთშელაპარაკების დროს, ყოფილ მეუღლეს - ნ. ღ–ს სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ნ. ღ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 7 ივნისს, ...........ში, ............ში, დ. გ–ი ყოფილ მეუღლეს - ნ. ღ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ ,,ავტომანქანაზე ტვინს მიასხმევინებდა‘‘ და ,,დამარხავდა, როგორც ძაღლებს მარხავენ‘‘, რა დროსაც ნ. ღ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ დ. გ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა დ. გ–მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედებები.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ. გ–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა დ. გ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა; მსჯავრდებულს დანიშნული აქვს სსკ-ის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე; კასატორი არ უთითებს კონკრეტულ გარემოებაზე რაც დაადასტურებდა დ. გ–სთვის განსაზღვრული სასჯელის შეუსაბამობას სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე