Facebook Twitter

საქმე # 010100220900035808

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად

დატოვების შესახებ

საქმე №451-20 ქ. თბილისი

13 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე,

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ადვოკატების - მ. რ–სა და ე. ქ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საკასაციო საჩივრის შემოტანის დროს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის N010190920801 საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2. 2020 წლის 22 სექტემბერს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა დავით გუმბერიძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მ. რ–სა და ე. ქ–ს მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადვოკატები: მ. რ–ი და ე. ქ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხნენ მოწმის სახით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებები სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრეს ადვოკატებმა - მ. რ–მა და ე. ქ–მა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებებით არ დაკმაყოფილდა ადვოკატების - ე. ქ–ისა და მ. რ–ს საჩივარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებები საკასაციო წესით გაასაჩივრეს ადვოკატებმა: მ. რ–მ და ე. ქ–მ.

7. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ გასაჩივრებული განჩინებების მიხედვით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ მიღებული განჩინებები საბოლოოა და არ საჩივრდება. მაგრამ საკითხი ეხება ისეთი ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას, როგორიცაა დაცვის უფლება და მნიშვნელოვანია, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება.

2020 წლის 22 სექტემბერს ადვოკატები - მ. რ–ი და ე. ქ–ი დაბარებულები იყვნენ საგამოძიებო ორგანოში, მათ წარმოებაში არსებული საქმიდან მიღებულ ინფორმაციაზე გამოსაკითხად. საქართველოს სსსკ-ის 113-ე მუხლის საფუძველზე მათ უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე. პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მათი მოწმის სახით დაკითხვის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ არ შეისწავლეს შუამდგომლობის დასაბუთება და მიზანშეწონილობა, შუამდომლობის დაკმაყოფილებით უგულებელყვეს საქართველოს სსკ-ი და „ადვოკატის შესახებ“ კანონის იმპერატიული მოთხოვნები. 2020 წლის 21 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და გამოიტანა განჩინება ადვოკატ მ. რ–ს საკუთრებაში არსებული მობილური ტელეფონის ამოღების თაობაზე. განჩინების ფარგლებში ამოღებულ მობილურ ტელეფონს მისი მონაწილეობით ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც მოხდა ტელეფონში არსებული ინფორმაციის კლონირება. ადვოკატ მ. რ–ს ტელეფონში ინახებოდა მისი და მისი ოჯახის პერსონალური ინფორმაცია, ასევე სხვა კლიენტების საქმესთან დაკავშირებით პროფესიული კონფიდენციალური ინფორმაცია. მ. რ–მ გამოძიებას ნებაყოფლობით წარუდგინა ტელეფონი და მათ ჰქონდათ საშუალება, დაეთვალიერებინათ იგი და ენახათ გამოძიების ფარგლებში საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა საჭირო ინფორმაცია. გამოძიების მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობითა და სასამართლოს განჩინებით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლი, კონფიდენციალობის პრინციპის გარეშე კი არ არსებობს უფლება სამართლიან სასამართლოზე.

8. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრეს და მკაფიოდ ადგენს, რომ საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. მოცემული ნორმის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების - განაჩენის კანონიერება (ასევე - საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და 314-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი).

9. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატების - მ. რ–სა და ე. ქ–ს მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებები, რომლებიც საკასაციო წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რაზეც თავად საჩივრის ავტორებიც მიუთითებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იმ აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ, რომლის გადასინჯვა სცდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.

10. სასამართლო ითვალისწინებს ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის მნიშვნელობას, ასევე იმ გარემოებას, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციით და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას (იხ.მაგალითად, Michaud v. France, no.12323/11; Tamosius v. the United Kingdom, no. 62002/00, 19/12/2002; Sérvulo & Associados - Sociedade de Advogados, Rl v. Portugal, no. 27013/10); განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვისას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების ( მაგ. Kırdök and Others v. Turkey, no. 14704/12, 03/12/2019) დაცვის სავალდებულოობას. მაგრამ ვინაიდან სასამართლო მოკლებულია საჩივრის განხილვის სამართლებრივ საფუძველს/შესაძლებლობას, ის ვერ შეაფასებს განმცხადებლების მიერ მითითებულ შემთხვევაში სათანადო პროცედურული გარანტიების დაცვის ან/და საკმარისობის, ჩარევის დასაშვეობის ან/და პროპორციულობის საკითხს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებების თაობაზე მ. რ–სა და ე. ქ–ს მიერ შეტანილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

12. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ადვოკატების - მ. რ–სა და ე. ქ–ს საკასაციო საჩივარი

დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე