Facebook Twitter

ას-370-645-04 1 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ხ-ეს გახსნილი აქვს საოჯახო ინვენტარის გამქირავებელი პუნქტი. 2000წ. 12 სექტემბერს რ. ც-ემ მისგან 3000 ლარად ერთი კვირით იქირავა 600 კვ.მ ბრეზენტის გადასაფარებელი, რომელიც უნდა გამოეყენებინა იეჰოვას მოწმეთა კონგრესის ჩასატარებლად. 2000წ. 16 სექტემბერს კონგრესი დაარბიეს და წაიღეს მისი ბრეზენტი. რ. ც-ემ 300 კვ.მ ბრეზენტის საფასური 1500 ლარი გადაუხადა და დაპირდა დანარჩენი ბრეზენტის დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაუხდიდა კიდევ 1500 ლარს.

ლ. ხ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს რ. ც-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეზე ბრეზენტის გადასაფარებლის ღირებულების _ 1500 ლარისა და ქირის _ 300 ლარის დაკისრება.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლ. ხ-ეს სარჩელზე 300 კვ.მ ბრეზენტის გადასაფარებლის ღირებულების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. ლ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა ბრეზენტის გადასაფარებლის ქირის გადახდის ნაწილში დაკმაყოფილდა. რ. ც-ეს ლ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა. რ. ც-ეს ადვოკატის მომსახურების ხარჯების 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ც-ის წარმომადგენელმა მ. ც-ამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ. ც-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ 2000წ. 4 ნოემბრის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რომ ლ. ხ-ე უარს ამბობს ბრეზენტით სარგებლობისათვის გადასახდელ ქირაზე. სკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე რაიონულმა სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი 300 ლარის დაკისრების ნაწილში. აპელანტმა ვერ წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულება, რომ 500 ლარი გადაიხადა ადვოკატის მომსახურების საფასურად.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ც-ის წარმომადგენელმა მ. ც-ამ. მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 თებერვლის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც კასატორს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ქირის _ 300 ლარის გადახდა და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ხ-ისათვის რ. ც-ის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება 800 ლარის ოდენობით.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ რ. ც-ემ მოსარჩელისათვის ვერ შეძლო შეპირებული ქირის დაბრუნება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში რ. ც-ის მიერ გამქირავებლისათვის გადასახდელ 1500 ლარში შედის ქირის ოდენობაც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ც-ის წარმომადგენელი მ. ც-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ 2000წ. 4 ნოემბერს მხარეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა 600 კვ.მ ბრეზენტის ქირავნობის ხელშეკრულება. ვინაიდან რ. ც-ემ უარი განაცხადა ბრეზენტით სარგებლობისათვის გადასახდელ ქირაზე, და მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, მაგრამ არ უარყო, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ქირის გადახდა ვერ შეძლო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 531-ე მუხლი, რომლის შესაბამისად ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ რ. ც-ემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ადვოკატის ხარჯების გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია.

სააპელაციო პალატის 2004წ. 6 თებერვლის სხდომაზე რ. ც-ის წარმომადგენელმა შ. კ-მა განმარტა, რომ ადვოკატის ხარჯებთან დაკავშირებით მტკიცებულება არ არის საქმეში, მაგრამ დავის საგნის 4% ხომ ეკუთვნოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ც-ის წარმომადგენელი მ. ც-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 თებერვლის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.