Facebook Twitter

ას-371-1053-03 28 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 8 სექტემბერს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს «ა-ისაგან» ტ. ა-მა და დ. ღ-მა მიიღეს 30000-30000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით. კრედიტის დაფარვის თავდებად 1998 წელს 4 სექტემბერს თავდებობის ხელშეკრულებით მითითებულია შპს «ს-ის» რუსთავის სასწავლო საწარმოო წამოწყება». იმის გამო, რომ მოვალეებმა კრედიტი დროულად ვერ დაფარეს, ბანკმა «ს-ის» ანგარიშიდან 14104 აშშ დოლარი ჩამოჭრა, ხოლო დარჩენილი თანხის დასაბრუნებლად სარჩელი აღძრა თავდების მიმართ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ტ. ა-სა და დ. ღ-ზე გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით 1998წ. 4 სექტემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულება. უკანონოდ განხორციელებული ქმედებისათვის სს «ა-ს» დაეკისრა 66767.36 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაში შევიდა.

2001წ. 17 აპრილის მოთხოვნის დათმობისა და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებით სს «ქ-უმ» სს «ა-ისაგან» მიიღო ყველა ვალი და მოთხოვნა, რომელიც ასახული იყო «ა-ის» საბალანსო (ასევე ბალანსგარეშე) ანგარიშებზე 2001წ. 20 აპრილის მდგომარეობით.

2001წ. 21 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით «ა-ი» გამოცხადდა გადახდისუუნაროდ და გაუქმდა მისი საბანკო ლიცენზია, ხოლო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 მაისის დადგენილებით დაინიშნა «ა-ის» ლიკვიდატორი.

შპს «ს-ის» რუსთავის სასწავლო საწარმო წამოწყებამ» 2001წ. 6 ივლისს მიმართა სს «ა-ს» სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდის გამო. ბანკმა აცნობა, რომ მისი ქონების აქტივები და პასივები 2001წ. 17 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სს «ქ-უს».

2002წ. 8 აპრილს შპს «ს-ის» რუსთავის სასწავლო საწარმოო წამოწყებამ» სარჩელი აღძრა სს «ქ-უს» მიმართ სს «ა-ის» უფლებამონაცვლედ ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. სარჩელის საფუძვლად მიუთითა ზემოთ აღნიშნული გარემოებები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, როგორც ვალი,Mმას არ გადასცემია, რადგან იგი 2001წ. 21 მაისის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული არ არის.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს «ქ-უ» ცნობილ იქნა უფლებამონაცვლედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით სს «ა-ის» რუსთავის ფილიალზე დაკისრებული თანხის გადახდევინებაზე და დადგენილ იქნა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი სს «ქ-უს» მიმართ. სასამართლომ დაადგინა, რომ 2001წ. 17 აპრილის ხელშეკრულებით, 2001წ. 21 მაისის მიღება-ჩაბარების ¹11-2001 და ¹2ა-2001 აქტებით სს «ა-მა» გადასცა, ხოლო «ქ-უმ» მიიღო ყველა ვალდებულება (ვალი), რომელიც ასახულია «ა-ის» საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშებზე 2001წ. 20 აპრილის მდგომარეობით, გარდა ე. დ-ის სესხის გირავნობის უზრუნველყოფით მიღებული აქტივებისა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული დოკუმენტების საფუძველზე «ქ-უმ» მიიღო ყველა ვალი და მოთხოვნა, მათ შორის დ. ღ-სა და ტ. ა-ის მიმართ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 198-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ «ა-მა» მოთხოვნები და უფლებები ლ. ღ-სა და ტ. ა-ზე გადასცა ისეთსავე მდგომარეობაში, როგორიც მასთან იყო.

სასამართლომ, ასევე მიუთითა სკ-ს 201-ე მუხლზე, რომლითაც მოთხოვნის დათმობისას ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიც და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც, ე.ი. როცა მოთხოვნის დათმობა გაფორმდა 2001წ. 20 აპრილს, დ.ღ-ისა და ტ. ა-ის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა «ქ-უს», მასვე გადაეცა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაც და ჯერ კიდევ არსებული თავდებობის ხელშეკრულება.

სასამართლომ მიუთითა სსკ-ს 92-ე მუხლზე და «სააღსრულებო წარმოების შესახებ»კანონის 24-ე მუხლზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საჩივარში მიუთითა, რომ «ქ-უმ», მართალია, აიღო დ. ღ-ისა და ტ. ა-თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება, მაგრამ იგი 2002წ. 21 მაისის ხელშეკრულებით გადასცა შპს «ბ-ს». აპელანტს მიაჩნია, რომ ამ დავაში სათანადო მოპასუხე შპს «ბ-ა».

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

2001წ. 10 აპრილს სს «ა-სა» და სს «ქ-უს» შორის შედგა წინასწარ განზრახულობითა ოქმი, რომლის თანახმად, «ქ-უს» გადაეცა «ა-ის» აქტივები და პასივები (ვალდებულებები), მათ შორის დ. ღ-ისა და ტ. ა-ის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება. 2001წ. 17 აპრილს დაიდო ხელშეკრულება ვალის გადაკისრებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც ძველი მფლობელის ხელში იყო. ძველ მფლობელს კი სარჩელი აღძრული ჰქონდა სასამართლოში და ამ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე მან ახალ მფლობელს («ქ-უს») მოთხოვნის უფლება დაუთმო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში სათანადო მხარე შპს «ბ-ა», რომელსაც შემდგომში დაეთმო დ. ღ-ისა და ტ. ა-ის მიმართ მოთხოვნა. სასამართლომ მიუთითა სკ-ს 204-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვალის გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე. ასეთი თანხმობა კი «ს-ის რუსთავის სასწავლო წამოწყებას» არ გამოუთქვამს. ამდენად, ეს შეთანხმება მოსარჩელესთან მიმართებაში არ არის ნამდვილი.

სასამართლომ, ასევე მიუთითა სსკ-ს 92-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ქ-უმ». კასატორს მიაჩნია, რომ განჩინება კანონდარღვევითაა გამოტანილი და იგი უნდა გაუქმდეს სსკ-ს 393-ე მუხლის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტების, 394-ე მუხლის «ა» და «ზ» ქვეპუნქტების საფუძველზე, კერძოდ, სასამართლოს არ უნდა მიეთითებინა სსკ-ს 92-ე მუხლზე, რადგან აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია საპროცესო უფლებამონაცვლეობა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ნორმა უნდა გამოეყენებინა, 2001წ. 18 მაისს გადაწყვეტილების მიღებამდე.

კასატორს მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა ხდება არა სასარჩელო, არამედ სსკ-ს 2671 მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, იგი თვლის, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა უნდა გადაიხადოს სს «ა-მა», რადგან იგი დღესაც არსებობს, როგორც იურიდიული პირი. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა 204-ე მუხლი, რადგან იგი ითვალისწინებს ვალის გადაკისრებას მოთხოვნის მფლობელის თანახმად, მან კი შპს «ბ-ს» დაუთმო მოთხოვნა და არა ვალი.

კასატორს მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ, ერთ-ერთი მოსამართლე იყო იმ სააპელაციო პალატის შემადგენლობაში, რომელმაც მოცემულ საქმეზე სს «ქ-უს» კერძო საჩივარი განიხილა და 2001წ. 7 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა იგი.

კასატორი, ასევე ასაჩივრებს 2003წ. 27 მაისის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე. მას მიაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 31-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტი, რადგან პალატის შემადგენლობის ორი მოსამართლე იყო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის თანაკურსელი, რაც მათ მიუკერძოებლობაში ეჭვს იწვევს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა განმარტებებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ს 92-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა აღნიშნულ ნორმაზე, რადგან მოთხოვნის (სარჩელის) სამართლებრივ საფუძველს მითითებული მუხლი წარმოადგენს. 92-ე მუხლის პირველი ნაწილით სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაკისრება და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. ამასთან, უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზე. პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება პროცესის ერთ-ერთი სტადიაა, რაზეც მიუთითებს საპროცესო კოდექსში იმ ნორმების არსებობა, რომლებიც ადგენენ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს (გვ. 251-255-ე მუხლში, 263-ე, 2671-ე და სხვა მუხლში), ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან თუ ერთ-ერთი მხარე გავიდა, დასაშვებია ამ მხარის უფლებამონაცვლით შეცვლა.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უფლებამონაცვლეობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა 2671 მუხლით დადგენილი წესით. მართალია, აღნიშნული მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის წესს (იგი განიხილება მხარის განცხადების წარდგენის საფუძველზე), მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხები სადავო არ არის. ასევე, სკ-ს 92-ე მუხლით გათვალისწინებული მხარის უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტაც, თუ იგი უდავოა, მხარის განცხადების საფუძველზე ხდება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში იგი სადავოა და ამიტომ დავა განხილულ უნდა იქნეს საერთო სასარჩელო წესით. «სააღსრულებო წარმოების შესახებ» კანონის 24-ე მუხლით სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული მოვალის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია. აღნიშნული ნორმა ადგენს სარჩელის წარდგენის წესს უფლებამონაცვლეობის საეჭვოობისას.

აქედან გამომდინარე, რადგან გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზე უფლებამონაცვლეობის საკითხი სადავო გახდა, სასამართლომ იგი სწორად განიხილა საერთო სასარჩელო წესით და დაადგინა, რომ სადავო თანხის გადახდაზე ვალდებული პირი მოპასუხეა. პალატა აქვე მიუთითებს, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ს 198-ე და 204-ე მუხლები. განსახილველ შემთხვევაში 204-ე მუხლის მოთხოვნა დაცულია და სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ამ ნორმის განმარტებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნული მუხლით, თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე. პალატა მიუთითებს, რომ თანხმობა შეიძლება იყოს წინასწარი (ნებართვა) და შემდგომდროინდელი (მოწონება). ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თანხმობის გარეშე მოვალეთა (მოვალესა და მესამე პირს) შორის დადებული გარიგება ბათილია. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოიწონა «ა-სა» (მოვალე) და «ქ-უს» (მესამე პირი) შორის დადებული ვალის გადაკისრების გარიგება და მოითხოვა ახალი მოვალისაგან მოთხოვნის შესრულება, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სკ-ს 204-ე მუხლი და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სადავო თანხის შპს «ბ-ზე» დაკისრების თაობაზე.

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მითითებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, რადგან სსკ-ს 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემდაგენლობამ. თუ რაში გამოიხატება სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობა, კასატორის მოსაზრება ამის თაობაზე დაუსაბუთებელია. რაც შეეხება ამავე მუხლის «ზ» ქვეპუნქტს, იგი იმ შემთხვევაში გახდება გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების საფუძველი, თუ სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მოთხოვნები. კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოსამართლე იმ სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდა, რომელმაც ადრე განიხილა ამ საქმესთან დაკავშირებული სს «ქ-უს» კერძო საჩივარი, არ წარმოადგენს 29-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევას.

პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, კერძოდ, აცილების თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლები და თვლის, რომ სასამართლომ შუამდგომლობა სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს «ქ-უს» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივნისის განჩინება უცვლელი დარჩეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.