Facebook Twitter

საქმე # 330100118002697074

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №58აპ-21 ქ. თბილისი

ხ–ე ნ., 58აპ-21 17 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ნ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. თ........ში, ...........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალ ნ. ხ–სა და მამამისს, გ. ხ–ს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. ურთიერთშელაპარაკებისას ნ. ხ–მ გ. ხ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ჯერ ხელებითა და ფეხებით, შემდეგ კი დანის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა მრავლობითი დაზიანება. კერძოდ, თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ღია ჭრილობა, ორივე თვალბუდეზე მრავლობითი ჭრილობა, ცხვირის არეში ნაკვეთი, გულმკერდსა და ზურგზე - ნაკაწრი ჭრილობები, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსარზე, მარცხენა წინა მხრის, მარცხენა მტევნისა და მარცხენა ტერფის არეში მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ასევე მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის არეში 1 თითის გამშლელი მყესისა და სხივის ნერვის ზედაპირული ტოტის დაზიანება, რომელიც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ნ. ხ–ე საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

გამართლებულ ნ. ხ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ნ. ხ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა ნ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდგომში - სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას დაარღვია საპროცესო კანონის მოთხოვნები, გამართლებულის ქმედება არასწორად შეაფასა, მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.

8. დაზარალებულმა გ. ხ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას უარყო ნ. ხ–ს მიერ მისი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტი და განაცხადა, რომ ნ. ხ–ე მისი შვილია, რომელთანაც აქვს ნორმალური, მამაშვილური ურთიერთობა. 2018 წლის 15 აგვისტოს ის და ნ. ხ–ე მარტო იმყოფებოდნენ სახლში. ისინი წინა საღამოს გვიანობამდე სვამდნენ ღვინოს და საუბრობდნენ. შემდეგ 3-4 საათით დაიძინეს. დილის დაახლოებით 07:00 საათზე მათ სამზარეულოში კიდევ დალიეს. ნ. ხ–ე ბანკის ვალებზე საუბრობდა, რასთან დაკავშირებითაც მათ მოუვიდათ კამათი. კამათისას იგი განერვიულდა და ვინაიდან ხელში პურის დანა ეჭირა, ნ–მ სცადა დანის წართმევა, რა დროსაც იგი წაიქცა, სახე დაარტყა და გონება დაკარგა. ნ–მ წამოაყენა იგი და წაიყვანა საწოლისკენ, რა დროსაც კიდევ წაიქცა. ნ–მ იგი წამოაყენა და საწოლზე დააწვინა. მას ხელიდან სისხლი მოსდიოდა, თუმცა ჭრილობა ნ–მ შეუხვია, შემდეგ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და წაიყვანეს საავადმყოფოში. მან დანის წართმევის დროს მიიღო ნაჩხვლეტი ჭრილობა, ხოლო დანარჩენი დაზიანებები - წაქცევის შედეგად. იგი არ თვლის თავს დაზარალებულად და მიაჩნია, რომ ნ–ს დაპატიმრების შედეგად უფრო დაზარალდა.

9. მოწმე ც. ჩ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის გ. ხ–ს ცოლისდა. ნ. ხ–ე მისთვის შვილივითაა, ნ–ა იზრდებოდა ბაბუასთან და ბებიასთან და მათი გარდაცვალების შემდეგ ის და ნ–ა ერთად ცხოვრობდნენ. გ. ხ–ე კარგი მამაა, თუმცა ცუდი თვისება ის აქვს, რომ ხშირად სვამს და ვერ ანებებს დალევას თავს. 2018 წლის 15 აგვისტოს, დილის 07:00 საათზე, მას დაურეკა ნ. ხ–მ და უთხრა, რომ მამამისი დაჭრილი იყო. იგი დაახლოებით 10 წუთში მივიდა მათთან. ბინის შესასვლელთან ნახა, რომ გ. ხ–ე ძირს იწვა. გ–მ მას უთხრა, რომ ნ-სთვის დაენებებინა თავი, რადგან თვითონ წაიქცა. მას არ გაკვირვებია მისი ნათქვამი, რადგან გ–ა ხშირად წაქცეულა სიმთვრალის გამო. ის და ნ–ა ცდილობდნენ, საწოლზე დაეწვინათ გ–ა, თუმცა ვერ შეძლეს. ამასობაში მისი დისშვილი ნ–ა მივიდა ადგილზე, რომელმაც სასწრაფო გამოიძახა. სასწრაფო დახმარებამ გ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, ხოლო ნ–ა პოლიციამ წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.

10. რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ უთითებს ნ. ხ–ს მიერ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე. მართალია, პატრულ-ინსპექტორები და სასწრაფოს ექიმები ადასტურებენ, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს ნახეს იატაკზე მწოლიარე, დასისხლიანებული გ. ხ–ე, მაგრამ ისინი ვერ ადასტურებენ, რომ სხეულის დაზიანებები ნ. ხ–მ მიაყენა.

11. გარდა ამისა, პატრულ-ინსპექტორმა მ. გ–მ ჯერ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ნ. ხ–ს არ უთქვამს, რომ მამამისს დაზიანებები თვითონ მიაყენა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ნ. ხ–მ სამზარეულოს დანაზე მითითებით განაცხადა, რომ ამ დანით მიაყენა დაზიანებები მამამისს. ასევე, პატრულ-ინსპექტორმა ნ. ჩ–მ მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე ნ. ხ–ე იყო ნასვამი და არაადეკვატურად პასუხობდა შეკითხვებზე, ხოლო მ. გ–მ მიუთითა, რომ ნ. ხ–ე ადეკვატურად პასუხობდა შეკითხვებზე. შესაბამისად, მათი ჩვენებები ამ ნაწილში ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ამასთანავე, თავად დაზარალებული გ. ხ–ე უარყოფს, რომ დაზიანებები შვილმა მიაყენა და აცხადებს, რომ ეს დაზიანებები წაქცევისა და დანის წართმევის შედეგად მიიღო.

12. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულის დაზიანების ფაქტი და სიმძიმე, თუმცა ვერ დგინდება, რომ დამდგარი შედეგი მიზეზობრივ კავშირშია ნ. ხ–ს ქმედებასთან.

13. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

14. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.

15. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე