Facebook Twitter

საქმე # 330100116001456174

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№69აპ-21 ქ. თბილისი

ნ-ე ს7, 69აპ-21 24 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ნ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორ გიორგი გაგნიძესა და ბრალდებულ ს. ნ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

ს. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ს. ნ–ს დაეკისრა ვალდებულება - საპროცესო შეთანხმების დადებიდან 18 თვის ვადაში, დააკმაყოფილოს დაზარალებულების პრეტენზიები ზიანთან დაკავშირებით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით, ს. ნ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება - პასპორტის გამომძიებლისთვის ჩაბარების თაობაზე, გაუქმდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ს. ნ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, თ............ში, ............ს მე-.. კვარტლის, N..-ე კორპუსის, მე-2 სადარბაზოს, მე-.. სართულის ბინა N..-ში (საკადასტრო კოდით: ...........) მდებარე, ნ. დ–ს (პირადი ნომრით: ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ნ–ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

სს „........ ბანკის“ .........ის იუსტიციის სახლში მდებარე სერვის ცენტრის საცალო დაკრედიტების უფროსმა ს. ნ–მ განიზრახა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდა სს „...... ბანკის“ კლიენტების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ს. ნ–მ გამოიყენა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა, ნდობაში შევიდა სს „....... ბანკის“ კლიენტებთან. 2014-2016 წლების პერიოდში, მოქმედებდა რა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, საბანკო სერვისებით სარგებლობისთვის მასთან მისულ მოქალაქეებს: ზ. დ–ს, თ. დ–ს, ს. ს–ს, ვ. მ–ს, ჯ. გ–ს, ხ. ჰ–ს, ჯ. ჩ–ს, ნ. ქ–ს, დ. კ–ს, ვ. ყ–ს, ს. ჯ–ს და ნ. ჩ–ს მოტყუებით მოაწერინა ხელი სხვადასხვა სახის საბანკო დოკუმენტებზე - კრედიტის ხელშეკრულებებზე, სხვადასხვა ტრანზაქციის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, პლასტიკური ბარათების დამზადების, მასზე ლიმიტის დამტკიცებისა და გაცემის დოკუმენტებზე, რისი გამოყენებითაც მოტყუებით დაეუფლა სს „თ. ბ-ს“ კლიენტების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ჯამში 174 916 აშშ დოლარს და 92140.5 ლარს, კერძოდ: ზ. დ–ს 96 498 აშშ დოლარს; თ.დ-ს 8 000 ლარს და 15 000 აშშ დოლარს; ს. ს-ს 25 952 აშშ დოლარს; ვ. მ–ს 9 343 ლარს და 4 601 აშშ დოლარს; ჯ. გ–ს 12 000 ლარს და 450 აშშ დოლარს; ხ. ჰ–ს 9 450 ლარს; ჯ. ჩ–ს 5 500 ლარს; ნ. ქ–ს 28 000 ლარს და 4 000 აშშ დოლარს; დ. კ–ს 13 415 აშშ დოლარს; ვ. ყ–ს 6 997.5 ლარს; ს. ჯ–ს 12 850 ლარს და ნ. ჩ–ს 15 000 აშშ დოლარს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენი 2020 წლის 13 მარტს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გიორგი გაგნიძემ და მოითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენის გაუქმება, რადგან მსჯავრდებულმა ს. ნ–მ დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა - საპროცესო შეთანხმების დადებიდან 18 თვის ვადაში - 2020 წლის 20 თებერვლამდე, არ დააკმაყოფილა დაზარალებულების პრეტენზიები ზიანთან დაკავშირებით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც დამტკიცდა პროკურორ გიორგი გაგნიძესა და ბრალდებულ ს. ნ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და სისხლის სამართლის საქმე ს. ნ–ს მიმართ ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ნ–მ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების ძალაში დატოვება.

6. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა. კერძოდ, კასატორი უთითებს, რომ 2019 წლის 5 მარტს სს ,,...... ბანკმა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბანკის მიერ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გადახდილი თანხების ს. ნ–სათვის დაკისრება. ამ გარემოების გათვალისწინებით ს. ნ–ე თვლის, რომ მან ერთი მხრივ, უნდა დააკმაყოფილოს დაზარალებულები განაჩენით დაკისრებული პირობის თანახმად, ხოლო მეორე მხრივ, თანხა უნდა გადაუხადოს სს ,,თ. ბ-ს“. მითითებული გარემოების შესახებ, რაც გახდა საპროცესო შეთანხმების პირობის ვერ შესრულების ობიექტური მიზეზი, კასატორმა მიმართა საქართველოს პროკურატურასაც.

7. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გიორგი გაგნიძის შესაგებელის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განაჩენი არის დასაბუთებული და კანონიერი, ხოლო მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც ცნობილ უნდა იქნეს დაუშვებლად.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დადგენილია, რომ დამტკიცდა პროკურორ გიორგი გაგნიძესა და ბრალდებულ ს. ნ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება; ამასთან, საპროცესო შეთანხმების დადებისას განისაზღვრა კონკრეტული პირობა კონკრეტული ვადით. კერძოდ, ს. ნ–ს დაეკისრა ვალდებულება - საპროცესო შეთანხმების დადებიდან 18 თვის ვადაში, დააკმაყოფილოს დაზარალებულების პრეტენზიები ზიანთან დაკავშირებით;

11. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ს. ნ–ემ საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში - საპროცესო შეთანხმების დადებიდან 18 თვის ვადაში, სრულად არ აანაზღაურა დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

13. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ს. ნ–ს დაეკისრა ვალდებულება - საპროცესო შეთანხმების დადებიდან 18 თვის ვადაში, დააკმაყოფილოს დაზარალებულების პრეტენზიები ზიანთან დაკავშირებით; შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების პირობა დაირღვეოდა თუ 2020 წლის 20 თებერვლამდე არ მოხდებოდა დაზარალებულების პრეტენზიების დაკმაყოფილება - მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

14. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება (საპროცესო შეთანხმების ოქმი, შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და ბრალდებულის წერილობითი განცხადება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, 2018 წლის 20 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი) ს. ნ–სათვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმების პირობები (იხ. მაგალითად: 2018 წლის 20 აგვისტოს სხდომის ოქმი 17:44:21), სურდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მიღწეული პირობებით (იქვე, 17:50:44), აცნობიერებდა შეთანხმების სამართლებრივ შედეგს და შესაბამისად - საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგს.

15. აღნიშნულის მიუხედავად, მსჯავრდებულმა ს. ნ–მ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების ოქმით განსაზღვრული პირობა 18 თვის ვადაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე. კერძოდ, 2020 წლის 12 მარტის ოქმის თანახმად, დაზარალებულებმა - ვ. ყ–მ, ს. ჯ–მა, ნ. ჩ–მ, ს. ს–მ, ნ. ქ–მ დაადასტურეს, რომ მსჯავრდებულ ს. ნ–ს 2020 წლის 12 მარტის მდგომარეობით მათთვის არ აუნაზღაურებია ზიანი. ასევე, მსჯავრდებულ ს. ნ–ს ადვოკატმა სატელეფონო გასაუბრებისას პროკურორს დაუდასტურა, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა ს. ნ–ს არ შეუსრულებია.

16. 2020 წლის 13 მარტს პროკურორმა გიორგი გაგნიძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის დაცვით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ს. ნ–ს მიერ საპროცესო შეთანხმების დარღვევა და არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ნ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე