საქმე # 330100115001013491
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №736აპ-18 ქ. თბილისი
გ–ი დ., 736აპ-18 13 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის, მსჯავრდებულ დ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ო–ს, მ. ს–სა და ი. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი ქეთევან გურაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებული დ. გ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ. ო–ი, მ. ს–ე და ი. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და დ. გ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ო–ი შესაგებლით ითხოვს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით დ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
გაუქმდა დ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ნოემბრის განჩინებით ..........ში, ..........ოს შესახვევი N..-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი: ........., დადებული ყადაღა.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის ივლისში დ. გ–მა, რომელმაც ვითომდა იყო .......ში, .........ს ქუჩა, მეორე შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრის - დ. მ–ს მემკვიდრე, ამავე ქონების ფაქტობრივი ფლობის დასადასტურებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა ორი მოწმე - დ. მ–ი და დ. მ–ი. მათ დაადასტურეს დ. გ–ს მიერ წლების განმავლობაში ..........ში, ......ს ქუჩა მე.. შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ვითომდა ფლობა, რაც საფუძველი გახდა დ. გ–ზე, მის შვილებსა და მაზლზე ნოტარიუს თ. გ–ს მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემისა.
სამკვიდრო მოწმობის გამოყენებით დ. გ–მა საკუთრების უფლება დაარეგისტრირა თ.......ში, ..........ს ქუჩა, მეორე შესახვევის N..-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის ნახევარზე, რაც მოგვიანებით, საკუთარი შეხედულებისამებრ, განკარგა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. გ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ. გ–ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
დ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 31 იანვრიდან იმავე წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით, დ. გ–ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა 2000 ლარამდე.
დ. გ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზში.
გაუქმდა დ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პირადი თავდებობა.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 ნოემბრის განჩინებით თ.........ში, ..........ს შესახვევის N..-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი: ............., დადებული ყადაღა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კასატორები არ უთითებენ არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეების არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ დ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (თვითნებობა, ე.ი. ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მსჯავრდებასთან დაკავშირებით, რომელიც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით.
8. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით თაღლითობა განმარტებულია როგორც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.
წარმოდგენილი საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ 19.. წლის 3 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დ. მ–მა ა. ჯ–გან შეიძინა ქალაქ .....ში, ......ს შესახვევი N..-ში აშენებულ მიწის ნაკვეთზე (ზომით 322 მ2), ოთხი საცხოვრებელი ოთახი, საერთო ფართი 62 მ2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 13 აგვისტოს გაცემული ცნობით, ......ოს შესახვევი N..-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. თუმცა, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ. თ.......ი, .......ს შეს. N..-ში მდებარე უძრავ ნივთზე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი აღრიცხულია დ. (დ.) მ–ის საკუთრებაში, ნაწილის ½-ის მოსარგებლედ კი მითითებულია მ. კ–ი. ამასთან, აღნიშნული, მ. კ–ის ½ წილი მისი მემკვიდრის - ს. კ–გან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა თ. ს–მა და დღემდეც წარმოადგენს მის საკუთრებას. კერძოდ,:
9. 1956 წლის 3 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (ტომი №1; 54-55) თანახმად, „ა. ჯ–მა გავყიდე, ხოლო დ. მ–მ ვიყიდე ნახევარი ნაწილის უფლება ორი ერთ სართულიანი სახლისა, შემდგარი ოთხი საცხოვრებელი ოთახისაგან, საერთო ფართობი 62 კვ. მეტრი მასთან დამხმარე სათავსოებით მდებარე ქალ. თ..........ში ........ის რაიონში ............ოს შეს. №.., აშენებული მიწის ნაკვეთზე ზომით 122 კვ. მეტრი.“
1956 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ა. ჯ–ს დაეკისრა ვალდებულება „ერთი თვის განმავლობაში გაუფორმოს ნოტარიუსის წესით მოსარჩელე დ. დ–ს მ–ს ერთი ოთახი თავისი შუშაბანდით და პადვლით, მდებარე ........ს შესახვევი №..-ში“.
10. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების (ტომი №2; ს.ფ. 45) თანახმად, რომელიც შედგენილია 22/06/2010 16:09 სთ-ზე, ........ში ........ოს შესახვევი №..-ში მდებარე უძრავი ქონების ½ -ის მესაკუთრეა დ. მ–ი, ხოლო ½ -ის მესაკუთრეა მ. კ–ი.
11. დადგენილია, რომ დ. მ–ს რძალმა - დ. გ–მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის მიზნით. კერძოდ, სურდა, რომ მის მეუღლეს - გ. გ–ს მიეღო დედის - დ. მ–ს მემკვიდრეობა, ხოლო ვინაიდან გ. გ–ც იყო უკვე გარდაცვლილი, მისი მემკვიდრეობა მიეღო თავად - დ. გ–ს. სათანადოდ ვერ დადასტურდა, რომ მოცემული მომენტისათვის დ. გ–ს განზრახვას წარმოადგენდა, დაუფლებოდა ქ. თ........ში, ........ს შესახვევი N..-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ½ წილს და მას ამოძრავებდა სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. უსაფუძვლოა, რომ აღნიშნული მიზნის არსებობა დადგენილად იქნეს მიჩნეული დ. გ–ის მიერ სასამართლოში წარდგენილ მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე. ფ. მ–მა და დ. მ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაადასტურეს, რომ დ. გ–ს დედამთილი იყო დ. მ–ი, რომელიც ცხოვრობდა იყალთოს შესახვევი N..-ში. მისი შვილი და დ. გ–ს მეუღლე - გ. გ–ი პატრონობდა დედას, ხოლო ორივე მათგანის გარდაცვალების შემდეგ დ. გ–ი აქცევდა ყურადღებას დ. მ–ს სახლს. როგორც მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ფ. მ–მა აღნიშნა, მას სამოქალაქო კოლეგიის წინაშე ტყუილი არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის დაადასტურა, რომ აღნიშნულ მისამართზე ნამდვილად ცხოვრობდა დ. მ–ი, რომელიც შემდეგ მის შვილსა და რძალთან გადავიდა საცხოვრებლად სხვა უბანში და ისინი უვლიდნენ მოხუცს. რაც შეეხება მოწმე - დ. მ–ს, მისი განმარტებით, დ. გ–მა შეიყვანა შეცდომაში და სასამართლოს წინაშე ათქმევინა ცრუ ინფორმაცია. დ. მ–მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ............ში, ..........ოს შესახვევი N..-ში ნამდვილად ცხოვრობდა დ. მ–ი, ხოლო შემდგომ მის შვილთან და რძალთან გადავიდა საცხოვრებლად და ისინი უვლიდნენ.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს დ. მ–ის ჩვენებაში არსებულ წინააღმდეგობებზე. კერძოდ, ეს უკანასკნელი ვერ აკონკრეტებს, თუ რაში გამოიხატებოდა მისი მხრიდან სასამართლოს შეცდომაში შეყვანა. მ-ს განმარტებით, ერთ შემთხვევაში დ. გ–მა უთხრა, სასამართლო სხდომაზე დაედასტურებინა, რომ ცხოვრობდა .......ოს შესახვევი N..-ში, ხოლო შემდგომში მისივე განმარტებით, სასამართლოსათვის უნდა ეთქვა, რომ დ. გ–ი ხანდახან მოდიოდა და უვლიდა დედამთილის ქონებას. ასევე, მ-ის მითითებით, გ–მა მოატყუა და მისი მეზობლის სახლზე ათქმევინა, რომ ვითომ ის იყო მისი დედმათილის საკუთრება, ხოლო მოგვიანებით მოწმე კვლავ განმარტავს, რომ დ. გ–ს კ–ის სახლზე არასოდეს უთქვამს დაადასტურე, რომ მე ამ სახლში ვცხოვრობდი და ვუვლიდიო. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს წინაშე უტყუარად ვერ დადგინდა, ფ. მ–მა და დ. მ–მ იცრუეს თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის წინაშე მოწმის სახით დაკითხვისას და კონკრეტულად რაში გამოიხატა მათი მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ დ. გ–სათვის საკუთრებაში გადაეცა ..............ოს შესახვევი N..-ში მდებარე ფართობის ნაწილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული ფაქტი და დ. გ–ი ცნობილ იქნა დ. მ–ს მემკვიდრედ. სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დადგენილა, თუ რა ოდენობის და რა სახის ქონება გააჩნდა მამკვიდრებელს.
13. საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება, რომ დ. მ–ი ცხოვრობდა და საკუთრებაში ჰქონდა ..........ში, ..........ს შესახვევი N..-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილი. მოწმეთა ჩვენებებით, (მათ შორის დ. მ–ისა და დ. მ–ის ჩვენებებით) დასტურდება, რომ დ. მ–ს უვლიდა მისი შვილი და რძალი. შესაბამისად, დ. გ–მა დაირეგისტრირა მხოლოდ დ. მ–ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდის № ..............) თანახმად (ტომი №1; ს.ფ.16-21), რომელიც მომზადებულია 2012 წლის 1-ლ ნოემბერს, ........ში .....ს შესახვევი №..-ში მდებარე უძრავი ქონება არის თანასაკუთრებაში. ½-ის მესაკუთრეა თ. ს–ი, ხოლო ¼-ის მესაკუთრეები არიან დ. გ–ი, ი. გ–ი და გ. გ–ი, ასევე, ¼-ის მესაკუთრე არის გ. გ–ი. როგორც დგინდება, დ. გ–ს ჰქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული ქონება იყო მისი და თავისად დაიგულა.
14. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. კ–ი და მისი ოჯახი წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდნენ ........ს შესახვევი N..-ში მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა ნაგებობას - 100 მ2 ფართს. პირის ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, რომ ნივთი, რომელსაც ეუფლება სავარაუდო დამნაშავე, იყოს სხვისი, ან ქონებრივი უფლება ეკუთვნოდეს სხვას. იმ პირობებში კი, როდესაც ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო, სათანადოდ დაესაბუთებინა გ. კ–ის დაზარალებულად მიჩნევის საკითხი, არ არსებობს ისეთი ხასიათის აშკარა, დამაჯერებელ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აქვე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ დ. გ–ს ბრალდებულად ცნობის მომენტისათვის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად არავინ იყო ცნობილი. დ. გ–ს ბრალი წარედგინა 2015 წლის 18 მაისს, ხოლო გ. კ–ი დაზარალებულად ცნობილ იქნა ერთი თვის შემდეგ - 2015 წლის 18 ივნისს.
15. საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. თვითნებობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადავო უფლებების განხორციელების წესი. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს ან/და ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატიული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანი, რაც სასამართლომ უნდა დაადგინოს კონკრეტული გარემოებების მიხედვით.
16. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას და მიაჩნია, რომ გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ დ. გ–მა ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ: გ. კ–ი წარმოადგენს დ. გ–ს მიერ დარეგისტრირებული ფართობის ნაწილით მოსარგებლე პირს, რომელსაც „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, უსასყიდლოდ მიეღო მის სარგებლობაში არსებულ ფართობზე რეგისტრაციის უფლება ( იხ. მუხლი 9). ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი დ. გ–ი მართლსაწინააღმდეგოდ არ მოახდენდა ქონების რეგისტრაციას, გ. კ–ს უსასყიდლოდ შეეძლო, მოეთხოვა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის, როგორც უმკვიდრო ქონების, მის საკუთრებაში გადასვლა. დ. გ–ს მიერ დარეგისტრირებულ ფართობზე მანამდე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ ყოფილა, ..........ს შესახვევი N..-ის ½ ნაწილი დ. მ–ს საკუთრებაში ირიცხებოდა, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად და ამასთან, უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ გ. კ–ის ოჯახი წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთითა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის, მსჯავრდებულ დ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ო–ს, მ. ს–სა და ი. ბ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე