ას-373-646-04 8 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. რ-ემ 2002წ. 23 ივნისის სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ლ. ბ-ისა და ყაზბეგის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ლ. ბ-ისათვის 3404 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო, ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. რ-ის სასარჩელო მოთხოვნა ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლ. ბ-ის წარმომადგენელმა _ კ. კ-მა. 2003წ. 30 იანვრის განჩინებით, ლ. ბ-ის საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და განხილვა რამოდენიმეჯერ იქნა დანიშნული და გადადებული სხვადასხვა მოტივებით. 2003წ. 19 ივნისს კი, როცა სხდომას ესწრებოდა მხოლოდ მოსარჩელე მ. რ-ე, სასამართლომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და საქმიდან, როგორც თანამოპასუხე, ამორიცხა ყაზბეგის მიწის მართვის სამმართველო იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს რაიმე მოთხოვნა მის მიმართ არ გააჩნდა. ამავე სხდომაზე საჩივრის განხილვა გადაინიშნა 2003წ. 11 ივლისს 12 საათზე.
მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო 2003წ. 11 ივლისს სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3404 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ყაზბეგის რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დარღვეული იყო სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, კერძოდ, 2003წ. 11 ივლისის სხდომაზე არ იყვნენ მოწვეულები მოპასუხის წარმომადგენლები, ხოლო მოპასუხეს კი სასამართლო უწყება ჩაბარდა 9 ივლისს, ე.ი. არ ჩაბარდა იმ ვარაუდით, რომ მას საკმაო დრო ჰქონოდა სასამართლოში დროულად გამოსაცხადებლად.
აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატის 2004წ. 5 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ყაზბეგის რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ლ. ბ-ის საჩივარი პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ. რ-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს სსკ-ის 435-ე მუხლის თანახმად, დავა უნდა განეხილა 1964წ. 26 დეკემბრის „სამოქალაქო საპროცესო სამართლის კოდექსის“ ნორმათა შესაბამისად.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა და საქმეში მხარედ არ ჩააბა არასრულწლოვანი. ამავე დროს არ გამოიყენა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნა და არ შეაჩერა საქმის წარმოება, ნ. რ-ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის, კერძოდ მისი წარმომადგენლის _ ზ. ჩ-ის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა _ თავისი განჩინებით მიაკუთვნა მხარეს ის, რაც არ მოუთხოვია და იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, რომ მასში ჩამოთვლილ არც ერთ საკითხს არ შეხებია.
კასატორი ასევე თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხის წარმომადგენლები არ იყვნენ მოწვეულები სასამართლო სხდომაზე, რადგან იმ დროისათვის მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰყავდა წარმომადგენლები, რწმუნება გაცემულია 2002წ. 6 აგვისტოს, მას არ ყოლია წარმომადგენელი სასამართლოში. მოწინააღმდეგე მხარეს ასევე საკმაო დრო ჰქონდა მოსამზადებლად, მოპასუხეს უწყება ჩაბარდა 2002წ. 7 ნოემბერს 15 ნოემბრის მოსამზადებელი სხდომის ჩატარების შესახებ, სადაც არ გამოცხადდა, შემდეგ მთავარი სხდომა დაინიშნა 5 დეკემბერს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ მოპასუხე და მისი წარმომადგენლები სასამართლო სხდომაზე არ იყვნენ მოწვეულნი სსკ-ის 70-ე მუხლით დადგენილი წესით. მითითებული გარემოების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავა უნდა განეხილა 1964წ. სსკ-ის ნორმათა შესაბამისად, რადგან სსკ-ის 435-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კანონებით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. მოცემული დავა სააპელაციო პალატამ განიხილა 2004წ. თებერვალში, ამ დროს კი მოქმედებდა 1997 წელს მიღებული საპროცესო კოდექსი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად განიხილა მოცემული დავა მოქმედი სსკ-ის შესაბამისად.
კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან სხდომის ოქმით ირკვევა, რომ მ. რ-ემ განაცხადა, რომ იგი არის იურისტი, არ სჭირდება წარმომადგენელი.
კასატორის განცხადებას იმის შესახებ, რომ სასამართლო მოვალე იყო შეეჩერებინა საქმის წარმოება, ასევე ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან საქმის წარმოება ჯერ არ დამთავრებულა, საქმე დაბრუნდა ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოში და მოსარჩელეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეუძლია განაცხადოს რაიონულ სასამართლოში. ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა, აპელანტი მოითხოვდა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც დაკმაყოფილდა. ამდენად, სააპელაციო პალატას იმაზე მეტი, რასაც აპელანტი მოითხოვდა არ მიუკუთვნებია მხარისათვის.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს არ ჰყავდა წარმომადგენლები, მოპასუხეს რწმუნება არ ჰქონია წარმოდგენილი სასამართლოში. საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება, რომლითაც მოპასუხე კ. კ-სა და ს. ა-ეს აძლევს უფლებამოსილებას, აწარმოონ მისი საქმე სასამართლოში. ასევე, ყაზბეგის რაიონული სასამართლოს პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი სწორედ მოპასუხის წარმომადგენელმა კ. კ-მა შეიტანა, რაც დასტურდება ასევე ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 იანვრის განჩინებით. ამდენად, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოპასუხეს ჰყავდა წარმოადგენლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 5 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.