საქმე # 190100120003736755
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №77აპ-21 ქ. თბილისი
შ–ა რ., 77აპ-21 25 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 29 აპრილს, 23:09 საათზე, რ. შ–ა მივიდა ქალაქ რ.........ში, მე-.. მიკრორაიონის №....-ში მდებარე თავისი მეუღლის, მ. კ–ს საცხოვრებელ ბინაში, რითაც არ შეასრულა მის მიმართ 2020 წლის 29 აპრილს, 19:50 საათზე, გამოცემული №.. შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნები, რომლის თანახმად, მას 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მ. კ–ა ცხოვრობდა.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით რ. შ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გაუქმდა რ. შ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
განემარტა რ. შ–ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, რ. შ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა რ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. №..... შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ იგი შეადგინა პატრულ-ინსპექტორმა - დ. ჯ–მ 2020 წლის 29 აპრილს, 19:50 საათზე. შემაკავებელი ორდერი გამოცემულია 30 დღით მოძალადე რ. შ–ს მიმართ. მსხვერპლს წარმოადგენს მ. კ–ა. შემაკავებელი ორდერის მე-10 პუნქტში გაკეთებულია აღნიშვნა, რომ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოძალადეს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; ხოლო მე-11 პუნქტში ხაზგასმული და აღნიშნულია, რომ შემაკავებელი ორდერი ძალაშია მისი გამოცემისთანავე. ოქმს თან ერთვის მსხვერპლისა და პატრულ-ინსპექტორის ხელმოწერა. შემაკავებელი ორდერის მოძალადის ხელმოწერის გრაფაში გაკეთებულია წარწერა: „ხელის მოწერაზე უარი განაცხადა“.
9. კასატორის განმარტებით, რ. შ–ამ იცის ქართული ენა და საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნეს შემაკავებელი ორდერით აკრძალული მოქმედებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებისას, იმის გამო, რომ მან სათანადოდ არ იცოდა სამართალწარმოების ენა, დაენიშნა თარჯიმანი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების თანახმად.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, შემაკავებელ ორდერში, სხვა რეკვიზიტებთან და გარემოებებთან ერთად, ასევე მიეთითება „დ) ამ მუხლის მე-32 პუნქტით გათვალისწინებული იმ მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს“. ამავე მუხლის მე-35 ნაწილის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი იწერება სამართალწარმოების ენაზე, ცხადად და გასაგებად.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა უკავშირდება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის და ვალდებულების შეუსრულებლობას. ამასთან, აღნიშნული ქმედებისთვის პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება, რომ პირისთვის ცნობილი იყო არა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი მის წინააღმდეგ, არამედ ამ ორდერით მასზე დაკისრებული შეზღუდვები და მოვალეობები და მაინც არღვევს მათ.
12. შესაბამისად, პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს რომ არღვევს შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებს და ასევე მისთვის ცნობილი უნდა იყოს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ რ. შ–ამ არ იცოდა სათანადოდ სამართალწარმოების ენა, რაც მისი ჩვენების თანახმად გახდა შემაკავებელი ორდერის ხელმოწერაზე მის მიერ უარის თქმის მიზეზი (იხ. სხდომის ოქმი, 2020 წლის 21 ოქტომბერი, 11:47:17;11:59:07;12:02:57).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეზე დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების ანალიზით ნათელი ხდება, რომ 2020 წლის 29 აპრილს რ. შ–ს მიმართ გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის შემდგომაც ის კვლავ იმყოფებოდა მსხვერპლის - მ. კ–ს საცხოვრებელ სახლში და დაამყარა მასთან კომუნიკაცია, რასაც არც თავად რ. შ–ა უარყოფს თავის ჩვენებაში. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ რ. შ–ს განმარტებით, მას ესმის ქართული ენა, მაგრამ გამართულად ვერ საუბრობს და არ შეუძლია ქართულ ენაზე წერა-კითხვა. დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულია, რომ თანაცხოვრების პერიოდში ის რ. შ–ს ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, ასევე, რ. შ–მ ქართულად წერა-კითხვა არ იცის და შემაკავებელ ორდერში გაკეთებულ ჩანაწერს ვერ წაიკითხავდა. მოწმე დ. ჯ–მ კი მიუთითა, რომ მათ
რ. შ–ს ქართულ ენაზე განუმარტეს შემაკავებელი ორდერის პირობები, ბრალდებულს გააცნეს უფლებები. მანვე აღნიშნა, რომ რ. შ–ა თავისუფლად საუბრობდა ქართულ ენაზე.
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც გამოსცა რ. შ–ს მიმართ შემაკავებელი ორდერი, უნდა დარწმუნებულიყო, რომ მხარეებისთვის სათანადოდ გასაგები და ნათელი იყო მისი შინაარსი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რ. შ–სთვის გასაგები იყო მისთვის აკრძალული ქმედებების არსი, რაც იმთავითვე გამორიცხავს შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ, რამდენიმე წუთში (დაზარალებულის განმარტებით - 5 წუთში) შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების პირდაპირი განზრახვით დარღვევას.
15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
16. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე