Facebook Twitter

ას-376-654-04 1 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე,),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: მიღებული სარჩოს გადახდა და სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. გ-ი მუშაობდა ტყიბულში, ლენინის სახელობის შახტაზე ..... . იგი 1968წ. იანვარში სამსახურში მიდიოდა რკინიგზის ლიანდაგით, მას წამოეწია მატარებლის შემადგენლობა, რომელსაც სიგნალი არ მიუცია და სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჯ. გ-ი გადახტა ხიდიდან, რის შედეგად მან მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება და განესაზღვრა პროფესიული შრომისუნარის დაკარგვა 90%-ით, ინვალიდობის მეორე ჯგუფი. ქ. ტყიბულის სახალხო სასამართლოს 1972წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. გ-ის სარჩელი და მოპასუხე ა\კავკასიის რკინიგზის სამტრედიის განყოფიდებას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ვნებით მიყენებული ზიანის საზღაურში 1972წ. 25 თებერვლიდან იმავე წლის 15 მარტამდე პერიოდში 159 მანეთი და 12 კაპიკი, ხოლო შემდეგ 1972წ. 15 არტიდან ყოველთვიურად თვეში 113 მანეთი და 30 კაპიკი მუდმივად თუ პენსიის ოდენობა არ შეიცვლება. მოპასუხე ჯ. გ-ს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ სარჩოს მციმე როდენობით უხდის, იგი არ არის დაკავშირებული მისი პროფესიის საშუალო გამომუშავებასთან. ამის გამო ჯ. გ-მა 2003წ. ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ს-ოს“ მიმართ და მოითხოვა 1992 წლიდან 2003წ. ივლისამდე მოპასუხისათვის 13036,86 ლარის დაკისრება, ყოველთვიურად 11831 ლარის დაკისრება სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. გ-ის სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ-მა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. გ-ის სარჩელი და შპს „ს-ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 846,60 ლარი. ამასთან მოსარჩელე ჯ. გ-ს მოპასუხე შპს „ს-ოსაგან“ დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 106,47 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹4 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 12 აგვისტოს 619 დადგენილება „უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ“. ამჟამად არადამქირავებლის ბრალეულობის შემთხვევაში იგივე ან მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის სხვა ნორმა არ არსებრობს, რის გამოც რაიონულ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (კანონის ანალოგიით) და უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული წესები.

ვინაიდან სკ შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმის ან პროფესიული დაავადების გამო ზიანის ანაზღაურების ურთიერთობას არ არეგულირებს, ამიტომ მოცემულ დავაზე ვერ გავრცელდება ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები. ამიტომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 128-129-ე მუხლები. მოცემულ დავასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული წესის 63-ე და 51-ე პუნქტის შესაბამისად, რომელთა შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან ზიანის ანაზღაურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან. იმავე ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად ჯ. გ-ისათვის ანაზღაურების პერიოდი მოიცას 122 თვეს _ 1993წ. 1 აპრილიდან 2003წ. ივლისამდე, რაც გაამრავლა პალატამ საშუალო ხელფასის 90%-ზე ანუ 106,47 ლარზე, რაც შეადგენს 12 989,34 ლარს. ამ თანხას სასამართლომ გამოაკლო მიღებული თანხები 58 ლარი და 1084,74 ლარი, რის შედეგად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 11846,60 ლარი. ყოველთვიურად კი 106,47 ლარის გადახდა.

შპს „რ-ის“ წარმომადგენლობა სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს დირექტორმა შ. ა-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ არანაირი განმარტება არ მისცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 12 აგვისტოს ¹619 დადგენილებას „უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის» შესახებ. ეს აქტი აწესრიგებს მხოლოდ უბედური შემთხვევით და არა საწარმოო ტრამვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ჯ. გ-ის დაზიანება მიეკუთვნება უბედურ შემთხვევას და არა საწარმოო ტრავმას. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ვინაიდან არ არსებობს დამქირავებლის ბრალეულობის შემთხვევაში ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის სხვა ნორმა, რაიონულ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები (კანონის ანალოგია) და უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესები. კასატორმა მიუთითა, რომ აღნიშნული ბრძანებულებით მოწესრიგებულია არა უბედური შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობა, არამედ დამქირავებლის მიზეზით წარმოშობილი საწარმოო ტრავმა.

პალატამ არასწორად მიუთითა, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები. სკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ბოლო სამი წლის მიუღებელი თანხა, რაც მოიცავს 2000-2003 წელს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ჯ. გ-მა 1968წ. იანვარში უბედური შემთხვევის შედეგად მიიღო ტრავმა, მოპასუხე ორგანიზაციის ბრალით, რის გამოც მოპასუხე ორგანიზაციას დაეკისრა მის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა. ჯ. გ-მა 2003წ. ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ და მოითხოვა 1993 წლიდან სრული ოდენობით პენსია მისი პროფესიის საშუალო გამომუშავების შესაბამისად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 12 აგვისტოს 619 დადგენილება „უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ“, ამჟამად არადამქირავებლის ბრალეულობის შემთხვევაში იგივე ან მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის სხვა ნორმა არ არსებობს, რის გამოც რაიონულ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (კანონის ანალოგიით) და უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული წესები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ზემოაღნიშნული წესის 63-ე პუნქტი, რომლის თანახმად შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ გამოიყენება ამ წესების ნორმები, გარდა 22-ე, 33-ე, 34-ე, 39-ე, მე-40 პუნქტებისა.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი შრომითი მოვალეობების შესრულებისას საწარმოო ტრამვის ან პროფესიული დაავადების გამო ზიანის ანაზღაურების ურთიერთობას არ არეგულირებს, ამიტომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 128-129-ე მუხლები. მოცემულ დავასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული წესის 63-ე და 51-ე პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან ზიანის ანაზღაურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ბრძანებულება კანონქვემდებარე აქტია და იგი არ არის კანონი. კანონის «ნორმატიული აქტების შესახებ» 25-ე მუხლის შესაბამისად, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის მაღალ საფეხურზე მდგომ აქტს, მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსს. სკ-ის 128-ე მუხლში არ არის მითითებული, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობაა, ამიტომ ჯ. გ-ის მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის წესები, კერძოდ სკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია. ამდენად, ჯ. გ-ის სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა 1993 წლიდან 2000 წლამდე ხანდაზმულია, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო 2000წ. ივლისიდან და სასამართლოს უნდა გაერკვია მოპასუხე ორგანიზაციაში 2000წ. ივლისიდან სამი წლის განმავლობაში ე.ი. 2003წ. ივლისამდე როგორ გაიზარდა შრომის ანაზღაურება.

ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილებისას სარჩოს გაანგარიშება უნდა მოხდეს იმ წესით, რომ სარჩოს ოდენობის გაზრდა სრულ ზღვრამდე უნდა მოხდეს ხელფასის (ანაზღაურების) მომატების დროიდან არა მესამე თვეს, არამედ შრომის ანაზღაურების გაზრდის მომენტიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და იგი სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს სახით 10647 ლარის გადახდა 2003წ. 1 ივლისიდან. ამიტომ ამ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «რ-ის» წარმომადგენლობა სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს დირექტორი შ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი ჯ. გ-ის სასარგებლოდ მოპასუხე ორგანიზაციისათვის ყოველთვიური სარჩოს 106.47 ლარის 2003წ. 1 ივლისიდან დაკისრების ნაწილში.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.