Facebook Twitter

საქმე # 140100115003731350

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №871აპ-20 ქ. თბილისი

კ–ე ი., 871აპ-20 17 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. კ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი. კ–ე ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენდა პოლიციელს - საჯარო მოხელეს. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, როგორც პოლიციელს, მას ევალებოდა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, ხოლო ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ეკრძალებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2015 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, .............ის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრზე ,,მერსედეს ბენცის’’ მარკის სამარშუტო ტაქსით, სახელმწიფო ნომრით №....., მგზავრობისას, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის უგულებელყოფითა და უფლებამოსილების გადამეტებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი. კ–მ, საზოგადოებისადმი თავისი უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, თანნაქონი ,,მაკაროვის’’ სისტემის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან სამარშრუტო ტაქსის იატაკის მიმართულებით განახორციელა ორი გასროლა, რითაც დააზიანა სამარშრუტო ტაქსის ძარა. მიუხედავად, სამარშრუტო ტაქსიში მყოფი საზოგადოების მოწოდებისა, რომ იგი დაწყნარებულიყო, ი. კ–მ კვლავ განახორციელა თანნაქონი ,,მაკაროვის’’ სისტემის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ამავე სამარშრუტო ტაქსის მგზავრებმა - ე. გ–მ და ი. კ–მ.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ი. კ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა - დ. ძ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ი. კ–ს დამნაშავედ ცნობას და მის მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ზურაბ წერეთელმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ი. კ–ს დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მოსაზრებით:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ი. კ–ს მიმართ არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და უკანონო. საქმის განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარემ წარადგინა ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა გამართლებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას;

- ი. კ–ს ბრალეულობის დასტურად სასამართლოში წარადგინეს მოწმეები, რომლებმაც მისცეს ჩვენებები და დამაჯერებლად აღწერეს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებები. მტკიცებულებებში ასახულმა ინფორმაციამ სრულად მოიცვა ი. კ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ყველა რელევანტური ელემენტი.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. კ–ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.

8. მოწმეთა ჩვენებები არ ეწინააღმდეგება ი. კ–ს ჩვენებას, რომლის მიხედვითაც: იგი მუშაობდა ........ის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე 2015 წლის 2 აპრილს ერთი დღით გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან ..........ში ნათესავის დაკრძალვაზე მიდიოდა მან სუფრასთან დალია 7-8 ჭიქა ალკოჰოლური სასმელი მოგვიანებით იგი და გ. კ–ე ელოდებოდნენ მიკროავტობუსის გასვლას ბათუმის მიმართულებით, რომელიც 12 საათზე უნდა გასულიყო. მიკროავტობუსის გასვლამდე მასთან მივიდა ორი, 20-22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომლებმაც სთხოვეს ფული, რაზეც მან უპასუხა, რომ არ ჰქონდა. ი. კ–ე ავიდა მიკროავტობუსში და დაჯდა ხელმარცხნივ, სავარძელზე. ყველა მგზავრს ეძინა. მიკროავტობუსი უკვე დაძვრას აპირებდა, როცა ის ორი ახალგაზრდა მის უკან, სხვადასხვა მხარეს მდებარე სავარძლებზე დასხდნენ. მგზავრობისას შეაწუხა ქარმა, ვინაიდან კართან იჯდა და გადაჯდა მიკროავტობუსის უკანა კუთხეში, სავარძელზე, სადაც ერთი მამაკაცი იჯდა სავარძლის მეორე მხარეს. მის წინ იჯდა ორი ახალგაზრდა ბიჭიდან ერთ-ერთი, ხოლო მეორე გვერდით დაუჯდა და ჰკითხა, თუ სად მუშაობდა, რაზეც მან უპასუხა, რომ .............ში მუშაობდა. ახალგაზრდა ბიჭმა უთხრა, რომ იგი ...........ში ვერ ჩააღწევდა, რადგან ეს მიკროავტობუსი წეროვანს ვერ გასცდებოდა. ამ სიტყვების შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი მარჯვენა ხელით თმაში სწვდა, ხოლო მარცხენა ხელით ქურთუკის გადაფარება უნდოდა თავზე. ამ დროს მეორე პირიც წავიდა მისკენ, რომელმაც დაიძახა, რომ იარაღი აქვსო. იარაღი მას მარჯვენა მხარეს ქამარზე ეკეთა და იგრძნო, თუ როგორ იღებდა მისგან იარაღს. მან მარცხენა ხელის მაჯაზე მოკიდა ხელი ახალგაზრდას და ცდილობდა, რომ მისკენ და მგზავრებისაკენ არ მიემართა იარაღი და დაეწია ქვემოთ, რა დროსაც მოხდა ორი გასროლა. მიკროავტობუსი არ გაჩერებულა და მიდიოდა. მას მეორე ახალგაზრდაც ხელს უშლიდა, რის გამოც კიდევ ორი გასროლა მოხდა. მგზავრებმაც გაიღვიძეს და მიკროავტობუსიც გაჩერდა, სალონში სინათლე აანთეს, მგზავრები ჩავიდნენ მიკროავტობუსიდან, მათ შორის კვლავ გრძელდებოდა ძიძგილაობა. ამ დროს მეორე ახალგაზრდა გადმოვიდა მისკენ, მეორე ბიჭს ამოუდგა გვერდით და მარჯვენა მხარში ჩაარტყა რაღაც, რის შემდეგაც ორივენი ჩავიდნენ მიკროავტობუსიდან. იგი მიკროავტობუსიდან არ ჩასულა, რადგან მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს. პოლიციის მანქანაში ჩაჯდომისას 15 მეტრის მოშორებით დაინახა მისი კუთვნილი იარაღი, რომელიც ძირს ეგდო დაშლილ მდგომარეობაში.

9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. კ–ს ჩვენება თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან: გ. კ–ს, ნ. ც–ს, ზ. ზ–ს, ე. გ–ს ჩვენებებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან.

10. გ. კ–ს ჩვენების თანახმად, ........ის ავტოსადგურში, როდესაც დაბრუნდა, დაინახა, რომ ი. კ–ეს ესაუბრებოდა ორი ახალგაზრდა. ი–მ კითხვაზე უპასუხა, რომ მას ფული სთხოვეს. ორივე იყო ე.წ. „მოძველბიჭო ელემენტები“. ი. კ–ე ავიდა და პირველ ადგილზე დაჯდა მიკროავტობუსში. ორი ახალგაზრდა მაშინ ავიდა მიკროავტობუსში, როდესაც გასვლას აპირებდა. გ. კ–მ დაინახა, რომ ერთი ახალგაზრდა დაჯდა ი–ს უკან. მოგვიანებით მას დაურეკა ი. კ–მ და უთხრა, რომ თავს დაესხნენ(2015 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი - 12:13:01).

11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ ი. კ–ეს გ. კ–სათვის არ დაურეკავს, რადგან საქმეში წარმოდგენილი არ არის სატელეფონო ამონაწერები, რომლებიც დაადასტურებდა რეალურად დაურეკა თუ არა ი. კ–მ გ. კ–ს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს გ. კ–ს ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს.

12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი. კ–ე ცდილობდა, აღეკვეთა ორი ახალგაზრდის მიერ მისი კუთვნილი საშტატო იარაღის დაუფლების მცდელობა, მათთვის წინააღმდეგობის გაწევას კი მოჰყვა უნებლიე გასროლები. მათ შორის, მოწმეების - ზ. ზ–სა და ნ. ც–ს ჩვენებების თანახმად, მიკროავტობუსში ყოფნისას, გზაში, ..........თან, მოესმათ ორი გასროლის ხმა. როდესაც მიიხედეს, დაინახეს, რომ ორი ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა, იარაღი წაერთმია მამაკაცისათვის. ძიძგილაობისას კიდევ მოხდა გასროლა. იარაღი მიმართული იყო ძირს(დასტურდება ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართული ნახაზით).ი. კ–ს ჩვენებას ასევე ამყარებს ე. გ–ს ჩვენება, რომლის თანახმადაც, გასროლამდე ი. კ–ე და მასთან ერთად უკანა სავარძელზე მყოფი ორი პირი ერთმანეთს რაღაცას ესაუბრებოდნენ. შემდეგ კი, დაახლოებით 00:20 საათზე, უკანა მხრიდან გაიგონა გასროლის ხმა.

13. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მომხდარი შემთხვევის შემდეგ მიკროავტობუსიდან ჩავიდა ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთს უბეში ჰქონდა იარაღი, რომელიც იქვე მდებარე არხში ჩააგდო, შემდეგ კი გაიქცნენ. ბრალდების მხარდმ არ დაადგინა მოცემული ორი პირის ვინაობა, რომელთა შესახებ საუბრობს როგორც ი. კ–ე, ასევე მიუთითებენ მოწმეები.

14. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის ზურაბ წერეთლის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე