საქმე # 330100119003010897
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №885აპ-20 ქ. თბილისი
ხ–ა ჯ., 885აპ-20 17 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე,
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ხ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენის მიხედვით, ჯ. ხ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 2232-ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 2232-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ჯ. ხ–ას მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ე. ტ–მ რამდენიმე წლის წინ ა..........ს რესპუბლიკის მოქალაქე მ. ნ–საგან გარკვეული საპროცენტო განაკვეთით ისესხა 60 000 აშშ დოლარი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეტაპობრივად, სულ, ჯამურად ე. ტ–მ მ. ნ–ს გადაუხადა 88 000 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, მ. ნ–ი კვლავ მოითხოვდა ე. ტ–ისაგან დამატებით 60 000 აშშ დოლარის გადახდას, რამაც მათ შორის წარმოშვა კონფლიქტი.
ზემოაღნიშნული კონფლიქტისა და ფინანსური დავის მოგვარების მიზნით, ე. ტ–ს დაუკავშირდა ნაცნობი - ჯ. ხ–ა, რომელმაც შეიტყო მას და მ. ნ–ს შორის არსებული უთანხმოების შესახებ და „კანონიერი ქურდის“ ჩ. შ–ს დახმარებით საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.
2019 წლის თებერვალში ე. ტ–ს დამატებით დაუკავშირდა ჯ. ხ–ა და უთხრა, რომ ე–ს „კანონიერი ქურდის“ ჩ. შ–სთან გადასახდელი ჰქონდა 60 000 აშშ დოლარი. თანხა ჯ. ხ–სდა გიგლა შაკაიასთვის უნდა გადაეხადა, რის შემდეგაც მაჰაბათ ნამაზოვთან არსებული დავა აღმოიფხვრებოდა.
ვინაიდან ე. ტ–ი იმყოფებოდა გ..........ში, საკითხის მოგვარებაში დახმარება - ჯ. ხ–სდა გ. შ.........სთან კომუნიკაციის დამყარება სთხოვა მეგობარს - ფ. ა–ს.
2019 წლის მარტ-აპრილში „კანონიერმა ქურდმა“ ჩ. შ–მ და ამ უკანასკნელის დავალებით „ქურდული სამყაროს“ წევრებმა - ჯ. ხ–ამ და გ. შ–მ ე. ტ–სა და ფ. ჰ–თან არაერთხელ გამართეს „ქურდული შეკრება“, რა დროსაც „ქურდული“ გარჩევით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, თავიანთთვის ფინანსური უპირატესობის მიღების მიზნით, ე. ტ–ს მოსთხოვეს და აიძულებდნენ 60 000 აშშ დოლარის გადახდას.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. ხ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა ჯ. ხ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. ხ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ხ–ას ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. კასატორის მოსაზრებით, მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა და აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯ. ხ–ას მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია.
8. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის.,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა - „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.
9. ,,ქურდული სამყაროს“ წევრის განსაზღვრება მოცემულია ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმადაც, „ქურდული სამყაროს“ წევრი არის პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. ობიექტური მხრივ, „ქურდული სამყაროს“ წევრობა გამოხატულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მოქმედებს ამ სამყაროს მიზნების მისაღწევად. აქტიურ მოქმედებაში იგულისხმება: დაშინება, მუქარა, იძულება, ,,ქურდული გარჩევა“, დანაშაულის ჩადენა, პირების გამოძებნა დანაშაულის ჩასადენად და მათი წაქეზება დანაშაულის ჩადენისკენ, იმ ობიექტის მოძიება, საიდანაც შეიძლება ქონების ამოღება. დანაშაული დამთავრებულია „ქურდული სამყაროს“ აღიარებასთან ერთად კონკრეტული ქმედების ჩადენისთანავე და მნიშვნელობა არა აქვს, მიაღწია თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრმა დასახულ მიზანს. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია „ქურდული სამყაროს“ წევრის მოქმედება მიმართული იყოს „ქურდული სამყაროს“ წევრებისთვის ან სხვა პირებისთვის სარგებლის მიღებისკენ.
10. ქურდული სამყაროს წევრობა არ გულისხმობს მხოლოდ სიტყვიერი ფორმით მის აღიარებას. მეტიც, პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისთვის საერთოდ არ არის აუცილებელი, პირი ზეპირსიტყვიერად აცხადებდეს, რომ იგი აღიარებს ქურდულ სამყაროს. გადამწყვეტი პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისთვის არის ის ფაქტი, რომ პირი თავისი ქმედებებით გამოხატავდეს პატივისცემას ქურდული ტრადიციების მიმართ და ხელს უწობდეს ამ სამყაროს ფუნქციონირებასა და გაძლიერებას(იხ. უზენაესი სასამართლოს №324აპ-15 გადაწყვეტილება).
11. „ქურდული სამყარო“ არის „კანონიერ ქურდებსა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის არაფორმალურ კავშირზე დაფუძნებული ჯგუფი, რომლის წევრები მოქმედებენ განსაზღვრული კრიტერიუმებით. მათ შორის ყველა კონტაქტი და ურთიერთობა არ ხორციელდება უშუალოდ. ჯგუფს გააჩნია მიკროსტრუქტურა, რომელსაც აყალიბებს ამ ჯგუფის წევრთა პოზიციები და იერარქია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N 882აპ-20 გადაწყვეტილება).
12. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, ნებისმიერი ქმედებისთვის (გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ჩადენილი იმ პირის მიერ რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური მოქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
13. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული პირი, რომელიც არ არის „ქურდული სამყაროს“ წევრი ან „კანონიერი ქურდი“, მისთვის ცნობილია ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ და ამის მიუხედავად, აქტიურად უწყობს ხელს ამ საქმიანობას. აქტიური ხელშეწყობა შესაძლოა, გამოიხატოს „ქურდული სამყაროს“ დაფინანსებაში, ბინის დროებით დათმობაში, მატერიალური ფასეულობებით(მათ შორის, საკვებით) მის მომარაგებაში.
14. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერით, სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასაბუთებულია ჯ. ხ–ს მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრობა. მსჯავრდებული მისი აქტიური ქმედებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად აწყობდა ქურდულ გარჩევას, როგორც პირადად, ისე სატელეფონო საშუალებების გამოყენებით. ჯ. ხ–მ ჩაიდინა ყველა ის ქმედება, რომელიც აუცილებელია „ქურდული სამყაროს“ წევრობისათვის. ის აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ (ამას არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ და კასატორი მკაფიოდ მიუთითებს მსჯავრდებულის მიერ ქურდული სამყაროს აღიარებაზე; საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება ე.წ. ორმხრივი აღიარების არსებობა) და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში (დაშინებით, მუქარით, იძულებით, „ქურდული გარჩევით“/ „ქურდული შეკრებით“).
15. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომ მსჯავრდებული არ წარმოადგენს „ქურდული სამყაროს“ წევრს. შესაბამისად, არ არსებობს მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლით კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. ხ–სდა მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე