Facebook Twitter

საქმე # 330100119003184338

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №894აპ-20 ქ. თბილისი

ჯ–ე რ., 894აპ-20 21 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე,

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ჯ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განაჩენით რ. ჯ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - მსჯავრდებულია სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

2. რ. ჯ–ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის ივნისის ბოლოს რ. ჯ–მ ხ.......ს რაიონის სოფელ ......ში, N.. სამცველოს სახელმწიფო ხის ფონდის მიწაზე, ხე-ტყის დამზადების ბილეთისა და საფასურის გარეშე, ტყის მცველისგან ფარულად უკანონოდ გაჩეხა 6.64 კუბმეტრი ხე- ბუჩქნარი, რითაც გარემოს მიაყენა 1008.48 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ჯ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჯ–მ, რომლებიც საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და რ. ჯ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ჯ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჯ–მ, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და რ. ჯ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორთა მოსაზრებით, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ რ. ჯ–ს ბრალეულობას. განაჩენი მიღებულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. ჯ–ს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია.

8. კასატორები უთითებენ, რომ სასამართლო განაჩენში ამახინჯებს მოწმე ზ. ს–ს ჩვენებას, განაჩენის თანახმად: „მოწმემ დაადასტურა, რომ ხ.....ს რაიონის პოლიციის თანამშრომელმა წინასწარ მოჭრა რამდენიმე ხე და დაპირდა, რომ ქვითარს აუცილებლად მოუტანდა“. მოწმე ზ. ს–ს მსგავსი ჩვენება არ მიუცია სასამართლოსთვის. პირიქით, დაცვის მხარის შეკითხვაზე უპასუხა, რომ მან არ იცის, თუ ვინ მოჭრა სადავო სამი ძირი ხე-ტყე.

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის აღნიშნულ მსჯელობას, რადგანაც მოწმე ზ. ს–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად: 2019 წლის მაისის თვეში, „....“ ტყეში, რ. ჯ–ს მამამ - შ. ჯ–მ აჩვენა სამი ძირი ხე, რომელთა მოჭრაც სურდა. შ. ჯ–ს განუმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტების მოპოვების შემდეგ შეძლებდა ხე-ტყის მოჭრას და წაღებას. რამდენიმე ხნის შემდეგ შეამჩნია, რომ მოჭრილი იყო სწორედ ის სამი ძირი ხე, რომელთა წაღებაც რ. ჯ–ს მამას სურდა. აღნიშნულის თაობაზე ესაუბრა რ–ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ხეები თავად მოჭრა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის სხდომის ოქმი 10:44:39-10:44:45), ამასთან, დაჰპირდა, რომ ქვითარს აიღებდა და მორებს მის (ზ. ს–ს) გარეშე არ წაიღებდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ხ–ს რაიონის პოლიციის თანამშრომელმა წინასწარ მოჭრა რამდენიმე ხე და დაჰპირდა, რომ ქვითარს აუცილებლად მიუტანდა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის სხდომის ოქმი 10:44:40-10:45:00), თუმცა ისარგებლა მისი ნდობით, პირობა არ შეასრულა, არ მიუტანა საჭირო დოკუმენტი და წაიღო უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ხეების მოჭრის ადგილზე, ჯირკვების გადამოწმებისა და შესაბამისი ზომების აღების შემდეგ, შეადგინა აქტი რ. ჯ–ს სახელზე, თუმცა მან აქტზე ხელი არ მოუწერა და განუცხადა, რომ ხე-ტყე მამამისმა მოჭრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული გახდა, აქტი შ. ჯ–ს სახელზე შეედგინა. ვინაიდან რ. ჯ–ე პოლიციის თანამშრომელი იყო, ვერ გაბედა მის სახელზე ჯარიმის გამოწერა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის სხდომის ოქმი 10:49:20-10:49:32).

10. მოწმე ა. ა–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ სწორედ რ. ჯ–ე დაუკავშირდა მას 2019 წლის 29 ივლისს კურორტ ......ის ტყიდან ხ......ს რაიონში მოჭრილი მორების ტრანსპორტირების თხოვნით და შეჰპირდა, რომ ტრანსპორტირებისას პრობლემა არავის მხრიდან არ შეექმნებოდა - თუ გააჩერებდა გარემოს დაცვის ინსპექცია ან პოლიცია, თვითონ მოაგვარებდა მათთან ყველაფერს(იხ. ტ. 1, ს.ფ. 55-58). სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმე ლ. კ–ს ჩვენებას და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

11. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ გაუგებარია, ვინ დაადგინა ზიანის ოდენობა. საქმეში არ არის წარმოდგენილი აქტი მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის შესახებ.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია აქტი ტყით სარგებლობის წესების დარღვევის თაობაზე, რომელსაც თან ერთვის სატყეოს უფროსის მიერ შედგენილი ტყეზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი(იხ. ტ. -2, ს.ფ. 106-107), ..........ის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, .....ის სატყეო სააგენტოს უფროსის თ. ყ–ს წერილში მითითებულია, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეადგენს 1008.48 ლარს, ვინაიდან აღნიშნული ხე-ტყე გატანილია ჭრის ადგილიდან. ხოლო, თუ მოხდება მორების ჩამორთმევა, მაშინ ზიანი შეადგენს 840,40 ლარს. აღნიშნული ხე-ტყე მოჭრილია, სავარაუდოდ, 2019 წლის ივნისის ბოლოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 3-6).

13. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ სადავოდ გახადა .....ის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ......ის სატყეო სააგენტოს უფროსის - თ. ყ–ს 2019 წლის 6 აგვისტოს N..... წერილი და შესაბამისად, აუცილებლად უნდა დაკითხულიყო წერილის შემდგენი და მასზე ხელის მომწერი პირი.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. საკასაციო სასამართლო განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლი პირის დაკითხვას უკავშირებს იმპერატიულად განსაზღვრულ ორ მიზანს: დოკუმენტის ავთენტიკურობისა და წარმომავლობის დადგენას. დოკუმენტის ავთენტიკურობის და წარმომავლობის დასადასტურებლად საკმარისია ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი პირის დაკითხვა, თუმცა იმის არჩევა, ვინ უნდა დაიკითხოს, დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე (მათ შორის დოკუმენტის სახეზე, დოკუმენტის მოპოვების ვითარებაზე, დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ ჩვენების მიცემაზე და ა.შ.). (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის 99აპ-20 გადაწყვეტილება).

15. მოცემულ შემთხვევაში ასეთი პირი იყო გამომძიებელი - გ. გ–ე, რომელთანაც წერილი ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. გ. გ–ე სასამართლოში დაიკითხა მოწმის სახით და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის მითითებული წერილის მოპოვების კანონიერება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანს. ამასთან, აღნიშნული წერილი წარმოადგენს ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რაც დამოწმებულია შესაბამისი წესით (შტრიხკოდი, ბეჭედი). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ....ის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - .....ის სატყეო სააგენტოს უფროსის - თ. ყ–ს 2019 წლის 6 აგვისტოს N..... წერილი კანონით დადგენილი წესით გაუცვალა დაცვის მხარეს, რომელსაც სურვილის შემთხვევაში შეეძლო საკუთარ დასაკითხ პირთა სიაში მიეთითებინა წერილის შემდგენი პირი - თ. ყ–ე, რაც მას არ გაუკეთებია.

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საკუთარი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

18. მოწმეების ბ. მ–ს, გ. ლ–ს, ლ. კ–ს, ფ. ა–ს, რ. ბ–ს, ზ. ს–ს ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებითა და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. ჯ–მ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე უკანონოდ გაჩეხა ხეები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ცდილობდა მის ტრანსპორტირებას გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებისაგან მალულად.

19. სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ჯ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე