Facebook Twitter

საქმე # 330100119003142743

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №895აპ-20 ქ. თბილისი

ხ–ი დ., 895აპ-20 19 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ–ს, მსჯავრდებულ ლ. შ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: დ. ხ–ს, - დაბადებულს 19.. წელს და ლ. შ–ს,- დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ. თ............ში, ..........ის ქუჩა №..-ში მდებარე ინდივიდუალური მეწარმე ,,.............ის“ სასტუმროში, ჯგუფურად დ. ხ–ს და ლ. შ–მ, რომელთაგან ეს უკანასკნელი შეიარაღებული იყო დანით, სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე ხ. კ–ზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, კერძოდ: სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ფული, რის შემდეგაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, კერძოდ: თავის არეში დანის ტარის ჩარტყმით და მარცხენა თვალის არეში ხელის დარტყმის შედეგად, გასტაცეს ერთი ცალი გალია მასში მოთავსებული ორი თუთიყუშით და ერთი ცალი აკვარიუმი მასში მოთავსებული სამი თევზით, ჯამში ღირებული 165 ლარად და მიიმალნენ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განაჩენით დ. ხ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

დ. ხ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 30 ივნისიდან 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

ლ. შ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

ლ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

ლ. შ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 29 ივნისიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. შ–ის ადვოკატმა ლ. ბ–მ, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა. მსჯავრდებულ დ. ხ–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაუსაჩივრებია.

5. ადვოკატმა ითხოვა ლ. შ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება. პროკურორმა ითხოვა ლ. შ–ისა და დ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებულ დ. ხ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

დ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ დ. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 9 ოქტომბრიდან;

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 30 ივნისიდან - 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით;

მსჯავრდებული დ. ხ–ი დაკავებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და შესახლებულ იქნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

ლ. შ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

ლ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ლ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის

29 ივნისიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ხ–ს ადვოკატმა ა. ჭ-მ, მსჯავრდებულმა ლ. შ–მ და მისმა ადვოკატმა მ. ღ–მ.

ადვოკატი ა. ჭ–ი ითხოვს მსჯავრდებულ დ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობას, კასატორის მტკიცებით საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის ჩვენების გარდა, სხვა არცერთი მამხილებელი მტკიცებულება. მოწმეებმა ვ. ნ–მ და ც. უ–მ - ქართული ენა არ იციან, შესაბამისად არ ესმოდათ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის მიმდინარე საუბრის შინაარსი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე არ დაიკითხნენ მითითებული მოწმეები, ხოლო მხოლოდ გამოკითხვის ოქმები არ არის საკმარისი ფაქტობრივი გარემოების დასადგენად. ამასთან, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა არ გაატარეს სათანადო ღონისძიებები მოწმეთა სასამართლოში წარსადგენად.

თავის მხრივ, ადვოკატი მ. ღ–ა საჩივრით ითხოვს ლ. შ–ის უდანაშაულოდ ცნობას, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და დაზარალებულის ჩვენებით ვერ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ყაჩაღობის ჩადენა. ლ. შ–ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია გალიის ან/და აკვარიუმის დაუფლების მიზნით ძალადობას ან ძალადობის მუქარას. კასატორი უთითებს მსჯავრდებულ დ. ხ–ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად ის სასტუმროში მივიდა მარტო, გამოსვლისას დაინახა გალია და აკვარიუმი და წაიღო, თუმცა მიზეზი არ ახსოვს.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებში წარმოდგენილი მოსაზრებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორების მოთხოვნა მსჯავრდებულების უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

10. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. მათ შორის: დაზარალებულის - ხ. კ–ს, მოწმეების - ვ. ნ–ს და ც. ი–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციით; ლ. შ–ის და დ. ხ–ს პირადი ჩხრეკის ოქმებით; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით; პირის ამოცნობის ოქმებით; ნივთის ამოცნობის ოქმით; შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 29 ივლისის დასკვნით (ექსპერტის ჩვენებას); სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 ოქტომბრის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენება აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი; ხ. კ–ს ჩვენება არის თანმიმდევრული და სრულადაა თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან - რის გამოც სასამართლოს არ აქვს საფუძველი არ გაიზიაროს დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

12. უსაფუძვლობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას გამოკითხული მოწმეთა - ვ. ნ–ს და ც. ი–ს - მიერ გამოკითხვისას მითითებულ ინფორმაციასა და დაზარალებულის ჩვენებას შორის შეუსაბამობის შესახებ დანასთან დაკავშირებით: ც. უ ს–მ გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ ტახტზე მჯდომმა ახალგაზრდა მამაკაცმა შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო დანა და გახსნა. იმავდროულად მეორე ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა მეორე სართულზე განთავსებულ სამზარეულო ოთახში, გამოიტანა გალია, ორი თუთიყუშით, ასევე აიღო მეორე სართულის მისაღებ ოთახში განთავსებული აკვარიუმი მასში მოთავსებული თევზებით და კიბეებით ჩავიდა ქვევით. ხ. კ–ი გაეკიდა მას, ხოლო დანით შეიარაღებული მამაკაცი თავის მხრივ უკან გაჰყვა ხ–ს. მეორე მხრივ, ხ. კ–მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას შემდეგ რაც ლ. შ–მ ჯიბეში შეინახა დანა, მან კვლავ ამოიღო კიბეზე ჩასვლისას, მაშინ როცა დაედევნა ხ. კ–ს, რომელიც თავის მხრივ მისდევდა დ. ხ–ს გალიისა და აკვარიუმის გამოსართმევად. მოწმეების გამოკითხვის ოქმებსა და დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებებს შორის, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების კვალიფიკაციისათვის არ დასტურდება არსებითი წინააღმდეგობის არსებობა არც ერთმანეთთან და არც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ლ. შ–მ დაადასტურა სასტუმროში ყოფნისას ჩინელი გოგოს ყოფნის ფაქტი.

13. დაზარალებულის ჩვენებითა და მოწმეების - ც. უ ს–ს და ვან ნას გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დგინდება, რომ დ. ხ–ს მიერ ნივთების წაღებას წინ უძღვოდა ლ. შ–ს მხრიდან დაზარალებულის მიმართ დანით განხორციელებული მუქარა ნივთის გადაცემის თაობაზე.

14. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ლ. შ–ს მიერ ჩვენებაში შემოთავაზებულ ვერსიას, რადგან აღნიშნული ვერსია წინააღმდეგობაში მოდის, როგორც დაზარალებულის ჩვენებასთან ასევე მოწმეების: ც. უ ს–ს და ვ. ნ–ს მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან.

15. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ლ. შ–მ დაზიანებები დაზარალებულს სწორედ მაშინ მიაყენა, როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა დ. ხ–საგან დაებრუნებინა მისი ნივთები. ასევე დაზარალებულის განმარტებით დანით შეიარაღებული ლ. შ–ი ემუქრებოდა მოკვლით, თუ არ გაჩერდებოდა - თავს არ დაანებებდა დ. ხ–ს, რომელიც ნივთებთან ერთად ცდილობდა სასტუმროს ტერიტორიის დატოვებას. მსჯავრდებულების მიერ სასტუმროდან ნივთების ძალადობით წაღება გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ლ. შ–ი კონკრეტულ დღეს სასტუმროში შევიდა დაწესებულების დახურვის მოთხოვნით და მას ყაჩაღობის განზრახვა არ ჰქონია, დაზარალებულთან ჩხუბი კი მოჰყვა სწორედ ამ საკითხზე საუბარს. მოცემულ შემთხვევაში დ. ხ–ს დაზარალებულის მიმართ უშუალოდ არ უძალადია და არ მოუთხოვია რაიმე ნივთის გადაცემა, მაგრამ მან სამზარეულოდან გამოიტანა გალია თუთიყუშებით და მისაღები ოთახიდან აიღო აკვარიუმი თევზებით, მაშინ როდესაც ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა ლ. შ–ი, ასევე დაეთანხმა ლ. შ–ის მითითებას გაეტანა აღნიშნული ნივთები, რაც თავის მხრივ იძლევა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას - ყაჩაღობის ჩადენისას აუცილებელი არ არის ჯგუფის ყველა წევრმა განახორციელოს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, საკმარისია ერთი პირი ახორციელებდეს ამგვარ მოქმედებას და ეს ფაქტი მეორე პირის განზრახვითაც იყოს მოცული.

16. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით: დაზარალებულის ჩვენებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოცნობის ოქმებით, ოდოროლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. შ–სა და დ. ხ–ს მიერ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი და საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ–ს, მსჯავრდებულ ლ. შ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ღ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე