საქმე # 120100120003751510
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №912აპ-20 ქ. თბილისი
ნ–ი თ., 912აპ-20 21 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განაჩენით თ. ნ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 7 მარტს, ღამის საათებში, თ. ნ–მ ქვის სროლით განზრახ დააზიანა ქ. ბ............ში, ..........ის ქუჩის N..-ში მდებარე ბ........ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულის შესასვლელი კარის მინაპაკეტი და ამავე კარის ზედა მხარეს არსებული გარე ფასადის დეტალი. დაზარალებულ ორგანიზაციას მიადგა - 354,40 ლარის ქონებრივი ზიანი.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ და ითხოვა თ. ნ–ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, კერძოდ: მისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშნვა. აპელანტის მტკიცებით, გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის განაჩენი.
5. ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა თამუნა მურჯიკნელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი და ითხოვა თ. ნ–ისათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რადგან მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი დანაშაული, ამასთან, არ აანაზღაურა ზიანი.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სააპელაციო სასამართლომ დეტალურად მიუთითა იმ არგუმენტებზე, რომლებზე დაყრდნობითაც განსაზღვრა კონკრეტული სასჯელი. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას სასჯელის დამძიმების შესახებ, იმაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არც ზიანი აუნაზღაურებია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენით თ. ნ–ს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, განესაზღვრა ადეკვატური სასჯელი, კერძოდ - ალტერნატიული სასჯელებიდან ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მინიმალური ზომა, რაც ჩაეთვალა პირობითად.
9. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრულყოფილად შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ნ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
10. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.
11. 2021 წლის 1 თებერვალს სასამართლომ თ. ნ–ს, როგორც ნასამართლობის არმქონე პირს, აცნობა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების პირობის - დაზარალებულის თანხმობის შესახებ. 2021 წლის 13 მაისს მსჯავრდებულს განმეორებით ეცნობა, რომ მის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებისათვის საჭირო იყო დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენა. სატელეფონო შეტყობინების შესახებ ოქმის თანახმად, საუბრისას მან განაცხადა, რომ ვერ წარმოადგენს დაზარალებულის თანხმობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თ. ნ–ის მიმართ გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით, ასევე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე