Facebook Twitter

# 030100120003725433

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №933აპ-20 ქ. თბილისი

ჯ–ა ლ., 933აპ-20 27 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძის

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით ლ. ჯ–ა, დაბადებული 19.. წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის და 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ლ. ჯ–ს 2020 წლის 5 მაისიდან 2020 წლის 6 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით შეუმცირდა დანიშნული სასჯელის ზომა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 5 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ლ. ჯ–ამ ქვის სროლით, განზრახ გაანადგურა .....ის მუნიციპალიტეტის ......ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე, ამავე ადმინისტრაციული ერთეულის გამგეობის შენობის ფანჯრის 4 მმ სისქის, 18,35 მ2 მინა. დაზარალებულს მიადგა - 275,25 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ფელიქს ჯალაღონიამ და ითხოვა ლ. ჯ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი.

5. მსჯავრდებულმა ლ. ჯ–ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენი და ითხოვა განაჩენის გაუქმება ან მინიმალური სასჯელის განსაზღვრა. საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ადასტურებს, რომ მისი სოფლიდან დენდროლოგიურ პარკში მრავალსაუკუნოვანი ცაცხვის ხის გადარგვის გამო, პროტესტის ნიშნად ჩაამსხვირია გამგეობის შენობის ფანჯრის მინა, თუმცა სადავოდ ხდის მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობას და აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნას. კასატორი უთითებს, რომ გამოძიებამ ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის ორჯერ მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რაც უჩენს ეჭვი, რომ მეორედ გაგზავნილი საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება გამომძიებლის მიერ იმდაგვარად დაკორექტირდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მიყენებული ზიანის თაობაზე ყველა შემთხვევაში ყოფილიყო 150 ლარზე მეტი, რათა გამოძიებას შესაძლებლობა ჰქონოდა დაედასტურებინა მის მიერ მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი.

6. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ფელიქს ჯალაღონიამ საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვა საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2020 წლის 5 მაისის დადგენილებით ექსპერტიზას წარედგინა კითხვა: ,,რა ღირებულების არის 2020 წლის 5 მაისის მდგომარეობით ექსპლუატაციაში ნამყოფი, 4 მილიმეტრი სისქის 18,35 კვადრატული მეტრი გამჭვირვალე მინა“, ხოლო საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2020 წლის 6 მაისის დადგენილებით ექსპერტიზას წარედგინა კითხვა: ,,რა ღირებულების არის 2020 წლის 5 მაისის მდგომარეობით, 4 მილიმეტრი სისქის 18,35 კვადრატული მეტრის გამჭვირვალე უფერული მინა“. მითითებულ შეკითხვებს შორის არ არსებობს ისეთი არსებითი განსხვავება, რაც გააჩენდა რაიმე ეჭვს განმეორებით დასმულ კითხვასთან დაკავშირებით. შეკითხვები მიმართულია ერთიდაიგივე საკითხის დასადგენად. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 მაისის დასკვნის თანახმად - 4 მმ სისქის 18,35 კვმ გამჭვირვალე მინის საბაზრო ღირებულება 2020 წლის 5 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს - 275,25 ლარს.

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. ჯ–ამ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას სასჯელის შემსუბუქების შესახებ, რადგან საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენით ლ. ჯ–ს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით განესაზღვრა ადეკვატური სასჯელი.

12. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ლ. ჯ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

13. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად - ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

14. 2021 წლის 29 იანვარს სასამართლოს მხრიდან ლ. ჯ–ს, როგორც ნასამართლობის არმქონე პირს, ეცნობა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების პირობის - დაზარალებულის თანხმობის შესახებ. 2021 წლის 24 მაისს მსჯავრდებულს განმეორებით ეცნობა, რომ მის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებისათვის საჭირო იყო დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენა. სატელეფონო შეტყობინების შესახებ ოქმის თანახმად, საუბრისას მან განაცხადა, რომ ვერ წარმოადგენს დაზარალებულის თანხმობას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მის მიმართ გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით, ასევე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე