საქმე # 330100120003794295
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №948აპ-20 ქ. თბილისი
ს–ი ი., 948აპ-20 20 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენით:
ი. ს–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან - ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-111 მუხლი ამოირიცხა, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ი. ს–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი, პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი.
გაუქმდა ი. ს–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა. მასვე მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 14 ივნისიდან იმავე წლის 7 აგვისტოს ჩათვლით და ი. ს–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, პენიტენციური დეპარტამენტის N.. დაწესებულებიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ს–ი და მ. წ. 2015 წელს იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ საერთო შვილი - 2015 წელს დაბადებული გ. წ–ი. 2020 წლის 14 ივნისს ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ი. ს–ი მივიდა მ. წ–ს საცხოვრებელ მისამართზე, მდებარე თ............ში, ...............ის დასახლება, ............ ქ.№..-ში, სადაც, შელაპარაკების ნიადაგზე, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მ. წ. მოუწოდებდა ი. ს–ს, რომ დაეტოვებინა საცხოვრებელი ბინა და გააფრთხილა, რომ დარეკავდა პოლიციაში. მიუხედავად ამისა, ი. ს–მ გააგრძელა ყოფილი მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც დაემუქრა, რომ პოლიციის წასვლის შემდეგ სცემდა და გაუტეხავდა თავს. მუქარით შეშინებულმა მ. წ–მ შემთხვევის ადგილზე გამოიძახა პოლიცია, რის შედეგადაც ი. ს–ი დააკავეს ბრალდებულის სახით ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ი. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას რეალური მოხდით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ი. ს–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 14 ივნისიდან იმავე წლის 7 აგვისტოს ჩათვლით.
5. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ლევან ვეფხვაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ი. ს–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, რომ არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა რეალური მოხდით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო არ იზიარებს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საჩივრის მოტივებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ი. ს–ის მიმართ არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი.
3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5. საქმის მასალების თანახმად, ი. ს–ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, იგი ნასამართლობის არმქონეა.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინა პირობა; ი. ს–ის მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, წარმოადგენს საკმარის ზომას მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის და შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
7. სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს, ხასიათს; იმ გარემოებას, რომ ი. ს–სა და დაზარალებულს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი; ი. ს–ისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ძალადობრივ ხასიათს; ოჯახში ძალადობით გამოწვეულ განსაკუთრებით მძიმე შედეგებს ბავშვის ფსიქიკასა და ნორმალური განვითარებისთვის როდესაც ბავშვი მოწმე ხდება ძალადობრივი გამოვლინებებისა ოჯახში, რაც ართმევს მას უსაფრთხოების განცდას. შესაბამისად, არასრულწლოვნისთვის სოციალურად ჯანმრთელ, ძალადობისაგან თავისუფალ, უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში განვითარების უფლების უზრუნველყოფის და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლით განსაზღვრული პრევენციის მიზნებისთვის, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსჯავრდებულს დაეკისროს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პირობითი მსჯავრის დროს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი ( მაგალითისთვის ის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N 475აპ-20; N644აპ-20; N75აპ-21).
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ი. ს–ის ბრალეულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ მ. წ–სა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, ალკოტესტით შემოწმების ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს შემდეგს: სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას ი. ს–ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით მსჯავრდების თაობაზე სსკ-ის მე-111-ე მუხლზე მითითებით და აღნიშნავს: ი. ს–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს ქმედების ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით კვალიფიკაციისას, რაც გულისხმობს მუქარას, ჩადენილს ოჯახის წევრის მიმართ, დამატებით იმავე კოდექსის მე-111 მუხლზე მითითება საჭირო აღარ არის, რის გამოც ი. ს–ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი, როგორც ზედმეტად წარდგენილი (მაგ.იხ.საქმე №965აპ-20).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ი. ს–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი, როგორც ზედმეტად წარდგენილი;
4. ი. ს–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ი. ს–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;
5. ი. ს–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 14 ივნისიდან იმავე წლის 7 აგვისტოს ჩათვლით;
6. ი. ს–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისროს შემდეგი მოვალეობები: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე