ას-384-1354-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბავშვის მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. რ-ე და გ. რ-ე დაქორწინდნენ 1997წ. 22 აპრილს და ამ დროიდან ერთად ცხოვრობდნენ გ. რ-ის მშობლების, მ. რ-ისა და ნ. კ-ის, ოჯახში ქ. ბაღდათში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი – მ. რ-ე, დაბადებული 19...... წ. ...... ივლისს. ქორწინებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მეუღლეთა შორის წარმოიშვა უთანხმოება, რის გამოც ს. რ-ემ დატოვა მეუღლის საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა დედასთან, ქ. ქუთაისში.
ს. რ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. რ-ის, მ. რ-ისა და ნ. კ-ის მიმართ და ითხოვა მცირეწლოვანი შვილის, მ. რ-ის, მისთვის მიკუთვნება.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით ს. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მცირეწლოვანი შვილი აღსაზრდელად გადაეცა დედას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. რ-ემ, მ. რ-ემ და ნ. კ-მა. მათ ითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილოებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 აგვისტოს განჩინებით გ. რ-ის, მ. რ-ისა და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითა:
სააპელაციო პალატა დაეყრდნო სსკ-ს 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და იგი მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო არ დაეთანხმა სპეციალისტის, ნ. კ-ის დასკვნას, რომ მცირეწლოვან მ. რ-ეს დედა არ უყვარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. რ-ის ნეგატიური განწყობა დედისადმი უნდა განხილულ იქნეს, როგორც აპელანტთა ზემოქმედების შედეგი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტებმა ვერ წარმოადგინეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ს. რ-ე თავს არიდებდა შვილის აღზრდის მოვალეობასა და მათ შორის არ იყო თბილი დედა-შვილური დამოკიდებულება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეს აქვს ბავშვის ნორმალური აღზრდისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობები, მაგრამ ბავშვის აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი ყურადღება მისი აღზრდის მორალურ მხარეს უნდა მიექცეს, რომლის ძირითად დონორსაც უმეტესწილად მცირეწლოვანი ბავშვისათვის დედა წარმოადგენს.
პალატამ გაითვალისწინა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაცია, რომელმაც უპირატესობა ბავშვის დედასთან ცხოვრებას მიანიჭა.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. და მ. რ-ეებმა, ნ. კ-მა.
კასატორებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად შემდეგი გარემოებანი მიუთითეს: სასამართლომ იგნორირება გაუკეთა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-9 და მე-12 მუხლების მოთხოვნას, რომლითაც აღიარებულია ბავშვთა უფლებების უპირატესობა. როდესაც საკითხი ეხება ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმხორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება, სასამართლოები, თუ სხვა ორგანოები, ვალდებულნი არიან ყურადღება უპირველესად ბავშვთა უფლებების დაცვას მიაქციონ.
კასატორთა აზრით სასამართლომ დაარღვია სკ-ს 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები _ დავის გადაწყვეტისას შვილის ინტერესების გათვალისწინების შესახებ.
კასატორები მიიჩნევენ, რომ განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, ვინაიდან 2003წ. 27 აგვისტოსათვის საქმეში არ იყო განკარგულება სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის, დ. ს-ის, მონაწილეობის შესახებ, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს კანონიერი შემადგენლობისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ს. რ-ე და გ. რ-ე 1997წ. 22 აპრილს გატარდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ამ წლიდან ერთად ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის მშობლების, მ. რ-ისა და ნ. კ-ის, ოჯახში – ქ. ბაღდათში. ერთად ცხოვრების პერიოდში 1997წ. 21 ივლისს შეეძინათ შვილი – მ. რ-ე. ქორწინებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მეუღლეთა შორის წარმოშობილი უთანხმოების გამო ს. რ-ემ დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი ბაღდათში და საცხოვრებლად გადავიდა დედასთან ქ. ქუთაისში, მაგრამ ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ დარჩა მამის ოჯახში.
სასამართლომ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება ს. რ-ის მხრიდან შვილის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა იმაში, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის დედასთან არაკეთილსაიმედო პირობებია და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე ვერ შეასრულებს მშობლის უფლება-მოვალეობებს.
სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორებს საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებია.
საკასაციო პალატა თვლის, განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის აღზრდა დედის მიერ შეესაბამება შვილის ინტერესებს. სკ-ს 1201-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო შვილების ინტერესების გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის მოთხოვნა არ დარღვეულა.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, საქმის განმხილველი კოლეგიის უკანონობის თაობაზე, ვინაიდან ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ., მ. რ-ეებისა და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.