საქმე # 140100120003483666
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №959აპ-20 ქ. თბილისი
შ–ი მ., 959აპ-20 27 მაისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის განაჩენით მ. შ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2020 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2020 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით(2020 წლის 26 იანვრის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. შ–ს განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. შ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 29 იანვრიდან.
2. მ. შ–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
- გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით გასამართლებული მ. შ–ი 2020 წლის 24 იანვარს, ღამის საათებში, ქ. გ........ი, ...........ის დასახლებაში მდებარე ნ. ნ–ს საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობითა და ცეცხლის წაკიდებით სახლის განადგურებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ. ნ–ს, რა დროსაც ნ. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს
სსკ-ის 111-151-ე მუხლით გასამართლებული მ. შ–ი 2020 წლის 26 იანვარს, საღამოს საათებში, ქ.გ.........ი, ............... დასახლებაში მდებარე ნ. ნ–ს საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობითა და ცეცხლის წაკიდებით სახლის განადგურებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ. ნ–ს, რა დროსაც ნ. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. შ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. რ–მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მ. შ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ მ. შ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ ტ. რ–ს საჩივარი.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
- მ. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (2020 წლის 26 იანვრის ეპიზოდში).
- მ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (2020 წლის 24 იანვრის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. შ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო, რისი გათვალისწინებითაც, დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 200 საათით ჩაეთვალა სრულად მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. შ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელების დანიშვნას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება გამოკვლეულ მტკიცებულებებს ერთობლიობაში, რის შედეგადაც დაადგინა გამამართლებელი განაჩენი 2020 წლის 26 იანვრის ეპიზოდში. 2020 წლის 24 იანვრის ეპიზოდში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მტკიცებულებებს, გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
6. მსჯავრდებულ მ. შ–ის ადვოკატმა ტ. რ–მ წარმოადგინა შესაგებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება მ. შ–ის მიერ ნ. ნ–ს მიმართ 2020 წლის 26 იანვარს მუქარის განხორციელების ფაქტი, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის 26 იანვარს მ. შ–ის მხრიდან ნ. ნ–ს მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული, რომელიც, თავის მხრივ, 2020 წლის 26 იანვრის მუქარის ფაქტს არ უთითებდა არც 2020 წლის 29 იანვრის განცხადებაში დანაშაულის ჩადენის შესახებ და არც მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.
3. საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. შ–ის მიერ 2020 წლის 24 იანვარს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ჩადენა, როდესაც ნ. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, რასაც არც მხარეები ხდიან სადაოდ.
4. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).
5. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
6. მსჯავრდებულ მ. შ–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით შერაცხული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სასჯელის დასაბუთების ნაწილში არის ზოგადი და მოტივაციაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა გარემოებები გაითვალისწინა სასამართლომ მ. შ–ისათვის სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები; სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის თანაზომიერება და ვარგისიანობა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით განსაზღვრული მიზნების უზრუნველყოფისთვის; ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ინტენსივობა; მსჯავრდებულის პიროვნება და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 200 საათით - არ შეესაბამება მ. შ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას. შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ წარმოადგენს მსჯავრდებულზე ზემოქმედების იმ ფორმას, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელება.
9. საკასაციო სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და სასჯელის მიზნებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ოჯახური დანაშაული ჩაიდინა მის მიერ ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობის პირობებში (გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით); ანალოგიური დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა ვერ შეასრულა პრევენციის მიზანი; მ. შ–ი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
11. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის N5027 კანონით ცვლილება შევიდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლში და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი გახდა და აისახა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების კვალიფიკაციისას დამატებით 111 მუხლზე მითითება აღარ არის საჭირო. შესაბამისად, 111 მუხლი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, უნდა ამოირიცხოს ბრალდებიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ზურაბაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. შ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(2020 წლის 24 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ. შ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, რისი გათვალისწინებითაც დანიშნული სასჯელი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს სრულად მოხდილად;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე