Facebook Twitter

საქმე # 190100119002902291

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №998აპ-20 ქ. თბილისი

ბ–ე გ., 998აპ-20 20 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძისა და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი - ზვიად ფხაკაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. ბ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ფ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. ბ–სათვის მინიმალური სასჯელის შეფარდებას.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 30 იანვრიდან.

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 30 იანვრიდან.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. მსჯავრდებულ გ. ბ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, რასაც სადავოდ კასატორები არ ხდიან.

7. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ გ. ბ–სათვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და უსაფუძვლოდ მიაჩნია ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოთხოვნა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შეცვლის თაობაზე. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. ბ–სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. სასამართლომ სხვა გარემოებებთან ერთად ასევე გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი; გ. ბ–მ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ნასამართლობის არმქონეა, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, მსჯავრდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ; დანაშაულის ჩადენამდე დაზარალებულის ქცევა.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ზვიად ფხაკაძისა და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე