ას-386-671-04 1 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
სარჩელის საგანი: სახლის გეგმა-ნახაზის კორექტირება, სახლის ამშენებლად და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ..... მდებარე ლიტერ „ა“ უნებართვო ნაგებობა ირიცხება დ. კ-ზე. ამავე მისამართზე მეორე საცხოვრებელი სახლი, ლიტერ „ბ“-ს ნაწილი ასევე უნებართვო ნაგებობაა.
2001წ. 20 სექტემბერს ც., კ. და კო. მ-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სადავო უკანონო სახლი 1991 წელს იყიდეს დ. კ-ისაგან, რომელმაც სახლის გაყიდვისთანავე იმავე წელს დატოვა საქართველო. 1991-1993 წლებში კი ც. მ-ის შვილებმა _ კ. და კო. მ-ებმა ააგეს ლიტერ „ბ“ ნაგებობა იმავე ეზოში. ისინი დღემდე ფლობენ ორივე სახლს, ლიტერ „ა“ და ლიტერ „ბ“ ნაგებობებს, მაგრამ მოპასუხე გეგმა-ნახაზების სათანადო კორექტირებას არ ახდენს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს დაევალოს მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს სამსახურს სათანადო ცვლილებების შეტანა გეგმა-ნახაზში, კერძოდ, შეასწორონ მათ მიერ განხორციელებული უზუსტო ჩანაწერები, ამ ნაგებობათა საცხოვრებელი ფართის, ოთახების რაოდენობისა და ფერის გათვალისწინებით. ც. მ-ი ცნობილ იქნეს ლიტერ „ა“ უნებართვო ნაგებობის მესაკუთრედ, ხოლო კ. და კო. მ-ები ამავე ეზოში ლიტერ „ბ“ უნებართვო ნაგებობის ამშენებლად და მესაკუთრეებად.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაუსაბუთებლობის გამო, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკუთრება წარმოიშობა კანონით ან გარიგებით. უკანონო ნაგებობა, რომელიც კანონით დადგენილი ფორმით არ არის რეგისტრირებული, არ შეიძლება იყოს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი, შესაბამისად, სადავო უნებართვო ნაგებობა ვერ იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი და ც. მ-ს მასზე საკუთრების უფლება ვერ წარმოეშობოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ც. მ-ის შვილებიც ვერ ჩაითვლებიან ლიტერ „ბ“ ნაგებობის ამშენებლებად და მესაკუთრეებად, რადგან მათ აღნიშნული სახლი არ აუშენებიათ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის დ. კ-ის ნებართვითა და თანხმობით. მიწის ნაკვეთი დღესაც დ. კ-ზე ირიცხება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ უნებართვო ნაგებობის სამართლებრივი რეგისტრაციისათვის მოსარჩელეებს უნდა მიემართათ მმართველობის ორგანოებისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტისათვის და არა სასამართლოსათვის, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ასევე ც. მ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ, რადგან აღნიშნული მოსარჩელეებს სასარჩელო განცხადებით არ მოუთხოვიათ. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს სარჩელითაც რომ მოეთხოვათ იურიდიული ფაქტის დადგენა, მათი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან უდავო წარმოების წესით სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს არა ნივთზე განმცხადებლის მფლობელობის ან საკუთრების უფლება, არამედ ფაქტი, რომ განმცხადებელს გააჩნდა მფლობელობის (საკუთრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ შემდგომში დაკარგა ან განადგურდა და საჭიროა მისი აღდგენა. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 313-ე მუხლი და „საქართველოს სსრ რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ“ მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც., კ. და კო. მ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი ცნობა სადავო სახლის მესაკუთრეებად სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ თბილისში, ...... მდებარე ლიტერ „ა“ და „ბ“ ნაგებობები უნებართვო ნაგებობაა. უნებართვო ნაგებობა და მიწის ნაკვეთი ირიცხება დ. კ-ის სახელზე. ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორების მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულის გამო, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ უნებართვო ნაგებობა არ შეიძლება იყოს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი და უბენართვო ნაგებობის სამართლებრივი რეგისტრაციისათვის მოსარჩენლეებს უნდა მიემართათ მმართველობის ორგანოებისათვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ც. მ-ს სადავო ობიექტზე საკუთრების უფლება ვერ წარმოეშობოდა. ამასთან, სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
კასატორების მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტი, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან უდავო წარმოების წესით სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს არა ნივთზე განმცხადებლის უშუალოდ მფლობელობის ან საკუთრების (სსკ-ის 132-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტი) უფლება, არამედ ფაქტი, რომ განმცხადებელს გააჩნდა მფლობელობის (საკუთრების) დამადასტურებელი დოკუმენტები, სხვადასხვა მიზეზთა გამო განადგურდა და საჭიროა მათი აღდგენა, ამიტომ სსკ-ის 313-ე მუხლი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელ პირობად ითვალისწინებს ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთის აღდგენის შეუძლებლობას. ამასთან, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებაში პირს არ შეუძლია შემოიფარგლოს მხოლოდ დაუსაბუთებელი მითითებებით, რომ სხვა წესით ვერ შეძლო ამ ფაქტის დადგენა, რადგან სსკ-ის 315-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ განცხადებასთან ერთად „წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთის აღდგენის შეუძლებლობას».
საკასაციო პალატა თვლის, ვინაიდან კასატორები ვერ მიუთითებენ სადავო ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ფლობის რაიმე სამართლებრივ საფუძველზე, სადავო ნაგებობები არის უნებართვო და ირიცხება დ. კ-ის სახელზე, ამიტომ საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტის დადგენა, ასევე მოსარჩელეების მესაკუთრეებად ცნობა კანონსაწინააღმდეგოა.
ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც., კ. და კო. მ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.