Facebook Twitter

საქმე # 110100119003364529

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №666აპ-21 ქ. თბილისი

გ-ე გ, 666აპ-21 20 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენით:

1.1. გ. გ-ე, - დაბადებული … წლის … ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარი. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 4 სექტემბრიდან 2020 წლის 14 მაისის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულებიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. ჭ-ი, ჭ-ს ქუჩაზე, გ. გ-მ ისარგებლა ალკოჰოლური სასმლით მთვრალი პ. ნ-ს ნდობით, რა დროსაც მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მის მფლობელობაში არსებულ, 8000 ლარად ღირებულ ,,ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის, სახ.№… ავტომანქანას, რაც 2019 წლის 31 აგვისტოს, ზ-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაზიანებული ამოიღო გამოძიებამ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ძ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ გ. გ-მ ჩაიდინა დანაშაული; სასამართლოში არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. გ-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. კასატორის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა რამდენად საკმარისია გ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა კი წარმოადგენს იმ სამ, უმთავრეს ელემენტს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება (სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი). ევროპულმა სასამართლომ მე-6 მუხლის ჭრილში განმარტა, რომ მტკიცებულების შესაფასებლად სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იყენებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ვარაუდს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას (იხ. საქმე: „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,“ (Ireland v. The United Kingdom), N5310/71, 18/01/1978, §161).

8. საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დასტურდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის როგორც ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობა, ასევე გ. გ-ს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ პ. ნ-ა და მოწმეების - ი. ჯ-ს, ლ. გ-ს, ნ. კ-ს, მ. ყ-ს, გ. კ-ა და სხვათა ჩვენებები, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, შპს „მ-ს“ მიერ გაცემული ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ:

9. დაზარალებულ პ. ნ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 აგვისტოს, ქ.ჭ-ი ყოფნისას, გაიცნო გ. გ-ე, რომელიც კუთვნილი ავტომანქანით მიიყვანა მის საცხოვრებელ სახლთან. სახლთან მიყვანის შემდეგ გ-მ ის შეიპატიჟა თავის მეგობრებთან, რასაც დათანხმდა. როდესაც გ-ა და მის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, გ-მ მანქანა სთხოვა ცოტა ხნით, მაღაზიაში გასასვლელად, რასაც დათანხმდა და ათხოვა. გ-მ მანქანა წაიყვანა და ამის შემდეგ სამი დღის მანძილზე მისთვის უცნობი იყო მანქანის ადგილსამყოფელი. დაზიანებული მანქანის დაბრუნება მოხდა პოლიციაში განცხადების დაწერის შემდეგ. მისთვის გ-ს არ უთქვამს, რომ ბაბუის სანახავად უნდა წასულიყო თ-ი. არც გ-ს მეგობარ ა-ნ სახლში ყოფნის დროს დაურეკავს გ-ს მისთვის და არ უთქვამს, რომ მანქანა გაუფუჭდა, გააკეთებდა და დაუბრუნებდა.

10. მოწმე ი. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 აგვისტოს მეგობრებთან ერთად იყო ა. მ-ნ და სვამდნენ ლუდს. როდესაც ა-ნ მივიდნენ, პ-ს მანქანა იქ არ იდგა. ა-ნ ყოფნისას, დაახლოებით შვიდჯერ მოიკითხა პ. ნ-მ თავისი მანქანა, რაზეც უპასუხეს, რომ მათ არ იცოდნენ, სად იყო გ. გ-ე და მისი მანქანა. ადგილზე ყოფნის დროს პ-ი ითხოვდა თავის მანქანას. იქვე გაიგო, რომ 15 წუთით ათხოვა პ. ნ-მ გ. გ-ს თავისი კუთვნილი მანქანა.

11. მოწმეების - ა. მ-ს, თ. ბ-ა და გ. ვ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 აგვისტოს იმყოფებოდნენ ა. მ-ს სახლში და სვამდნენ ლუდს. იქ ყოფნის დროს მივიდა გ. გ-ე პ. ნ-ნ ერთად. მისვლიდან რამდენიმე ხანში გ. გ-მ წაიყვანა პ. ნ-ს მანქანა და წავიდა. 2019 წლის 27 აგვისტოს, გამთენიისას, ა. მ-ს სახლიდან ისე წავიდა პ. ნ-ე, რომ გ. გ-ს მისთვის მანქანა არ მიუყვანია. ა. მ-ს განმარტებითვე, სანამ პ. ნ-ე მასთან სახლში იყო, გ. გ-ს მათთან არ დაურეკავს.

12. მოწმე ნ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 აგვისტოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ა. მ-ნ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ გ. გ-ე და პ. ნ-ე. რამდენიმე ხანში გ-ი წავიდა, ხოლო პ-ი დარჩა მათთან. საუბრისას გაიგო, რომ პ-ა ათხოვა გ-ს მანქანა. გ-ს წასვლიდან დაახლოებით 20-30 წუთში შეეცადნენ გ-ნ დაკავშირებას, თუმცა ვერ დაუკავშირდნენ.

13. მოწმე ლ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს, როდესაც იმყოფებოდა სამსახურში, ქ.ზ-ი მდებარე სახელოსნოში, გ. გ-მ ევაკუატორის მეშვეობით მასთან მიიყვანა ,,ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილი შესაკეთებლად; უთხრა, რომ ბენზინის მაგივრად დიზელი ჩაუსხეს და მანქანას ვერ ქოქავდა; ასევე უთხრა, რომ თანხა არ ჰქონდა, წავიდოდა და მალე დაბრუნდებოდა. როდესაც გ-ი დაბრუნდა, კვლავ უთხრა, რომ თანხა ვერ იშოვა. გ-ს მიერ მიყვანილი მანქანა დაიტოვა მანამ, სანამ გ-ი თანხას არ მიუტანდა. მეორე დღეს მასთან სახელოსნოში მივიდა გ-ს მამა და მოიკითხა მანქანა და გ-ი. ამის შემდეგ, 2019 წლის 31 აგვისტოს, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ამოიღეს გ. გ-ს მიერ მასთან შესაკეთებლად მიყვანილი ,,ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა.

14. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2005 წელს გამოშვებული „VOLKSWAGEN PASSAT“ მარკისა და მოდელის, სახ.№…. ავტომობილის საბაზრო საცალო-სარეალიზაციო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 8500 ლარს; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2005 წელს გამოშვებული „VOLKSWAGEN PASSAT“ მარკისა და მოდელის, სახ.№… ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 540 ლარს.

15. რაც შეეხება კასატორის აპელირებას მოწმეების - ა. მ-ს, თ. ბ-ა და გ. ვ-ს ჩვენებებზე, აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე ზემოაღნიშნულ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები არ გამომდინარეობს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და მოგონილია გ. გ-ს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ს ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში არის კანონიერი.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

18. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი