Facebook Twitter

ას-387-672-04 25 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 30 ივლისს თ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს «.. ..-ის» მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998 წლიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, როგორც ძირითადი თანამშრომელი. 2002წ. მაისიდან შეიქმნა «პასპორტიზაციისა და ინვენტარიზაციის» სამუშაო ჯგუფი, სადაც მოსარჩელე გადაიყვანეს ...ად. საწარმოს ადმინისტრაციამ მასთან გააფორმა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ექვსი თვის ვადით 2002წ. 29 მაისიდან 2002წ. 29 ნოემბრამდე. ხელშეკრულების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა 2003წ. 30 ივნისამდე, რომლის გასვლის შემდეგ ახალი შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან არ დადებულა და იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

თ. ლ-მ შრომითი ხელშკრულების შეწყვეტა უკანონოდ მიიჩნია, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა უვადოთ, როგორც ძირითადი მოსამსახურე.

მოპასუხემ სარჩელი არც ცნო და მოითხოვა მასზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ლ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 3 თებერვლის განჩინებით თ.ლ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2002წ. 29 მაისიდან თ. ლ-ა მუშაობდა სს «.. ..-ში» ...ის თანამდებობაზე, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ვადა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე რამდენჯერმე იქნა გაგრძელებული. ბოლოს იგი გაგრძელდა 30 ივნისამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ საწარმოს ადმინისტრაციამ თ.ლ-სთან არ დადო ახალი შრომითი ხელშეკრულება და არც ვადა გაუგრძელა.

შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტის საფუძველია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში დამთავრდა 2003წ. 30 ივნისს, ამდენად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.ლ-სთან შრომის ხელშეკრულება შეწყვეტილია კანონის მოთხოვნათა დაცვით ვადის გასვლის გამო. რაც შეეხება შრომის ვადიან ხელშეკრულებაზე გადაყვანის კანონიერებას, აღნიშნული კანონით დადგენილ ვადაში თ. ლ-ს არ გაუსაჩივრებია, უფრო მეტიც, იგი შრომის ვადიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დაეთანხმა აღნიშნულს _ 13 თვის მანძილზე ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობას.

სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა აპელანტის მოსაზრებაზე, რომ ფინანსური დირექტორი არ იყო უფლებამოსილი პირი, დაედო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება, რადგან აღნიშნული საფუძველი სარჩელში მითითებული არ ყოფილა და არც შემდგომ, სსკ-ის 83-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ მიმართებით დავის საგნის საფუძვლის შეცვლა მომხდარა. რაც შეეხება აღნიშნული საფუძვლის სააპელაციო სასამართლოში განხილვას, მოპასუხის წარმომადგენელი წინააღმდეგი იყო, რის გამოც სსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია დავის საგნის საფუძვლის შეცვლა საოლქო სასამართლოში, რადგან მოსარჩელეს შეეძლო მიეთითებინა ამის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 3 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ლ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, 1998 წლიდან იგი მუდმივი შტატით მუშაობდა სს «.. ..-ში» პასპორტიზაციისა და ინვენტარიზაციის ჯგუფის ...ად. 2003წ. მარტში კასატორი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს ვადიან კონტრაქტზე. თ.ლ-მ აღნიშნა, რომ მისი გადაყვანა ვადიან კონტრაქტზე საზოგადოების გენერალური დირექტორის ინიციატივა არ იყო და იგი არ აწერს ხელს აღნიშნულ კონტრაქტს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების წესდების შესაბამისად, ამის უფლება აქვს მხოლოდ დირექტორს, აგრეთვე, სააქციო საზოგადოებასა და ადმინისტრაციას შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, იკრძალება მუშაკის უვადო შრომის ხელშეკრულებიდან ვადიან ხელშეკრულებაზე გადაყვანა.

კასატორმა მიუთითა, რომ შრომითი დავის კომისიის 2003წ. 10 ნოემბრის ¹10/03 გადაწყვეტილების შესაბამისად, ვადიან ხელშეკრულებაზე გადაყვანილი ყოველი მუშაკი აღდგენილ და დასაქმებულ უნდა იქნეს მუდმივ სამუშაო ადგილზე. თ.ლ-მ, აგრეთვე, განცხადებით მიმართა პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს _ ი.პ-ს, რომელმაც განიხილა მისი საქმე და 2003წ. 28 ოქტომბერს მიმართა სს «.. ..-ის» დირექტორს კასატორის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, მაგრამ მისი მოთხოვნა დარჩა რეაგირების გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლომ დაარღვია სკ-ის 393-394-ე მუხლები და ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს მისი სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის უკანონო ქმედებაზე, კერძოდ, 2002წ. მარტში საწარმომ ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე მუშაკი ვადიან კონტრაქტზე გადაიყვანა. პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ დავის საგანს წარმოადგენს სამუშაოზე აღდგენა. სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დაადგინა დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის კანონიერებას შეეხებოდა. სასამართლომ ასევე იმსჯელა იმ გარემოებაზეც, თუ რამდენად კანონიერი იყო უვადო კონტრაქტიდან ვადიან შრომით კონტრაქტზე გადაყვანა და მიუთითა, რომ მოსარჩელეს დროულად არ გაუხდია სადავო ადმინისტრაციის აღნიშნული ქმედება. უფრო მეტიც, იგი ვადიან კონტრაქტზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ წინადადებას. პალატა მიუთითებს, რომ, თუ 2002წ. მარტში დაირღვა მოსარჩელის რაიმე შრომითი უფლება, მას შკკ-ის 204-ე მუხლის I ნაწილით შეეძლო დადგენილ ვადაში გაესაჩივრებინა.

პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას შრომის დავის კომისიის 2003წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ სათანადო შეფასების გარეშე დატოვების თაობაზე, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება თ. ლ-ს შრომითი უფლებების აღდგენას. აღნიშნული განჩინება შეეხება საწარმოს სხვა თანამშრომლების შრომით უფლებებს და არა უშუალოდ თ. ლ-ს. ამდენად, სასამართლო მასზე, როგორც სათანადო მტკიცებულებაზე, იმის შესახებ, რომ დაირღვა თუ არა ვადიან შრომით კონტრაქტზე თ. ლ-ს გადაყვანით მისი შრომის უფლება, ვერ იმსჯელებდა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 თებერვლის განჩინება

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.