აქმე # 020100119003124512
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №669აპ-21 ქ. თბილისი
მ-ა მ 669აპ-21 20 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდებების არსი:
1.1. მ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის .... ოქტომბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, მ. მ-მ ვ. გ-ს, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ქ.წ-ი, ს-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა მ. მ-მ, ვ. გ-ს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე სახლიდან მის დაუკითხავად გასვლის გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან 2019 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში, დაახლოებით 21:40 საათზე, ვ. გ-ს ესროლა მობილური ტელეფონი, რომელიც დაზარალებულს მოხვდა თავის არეში. აღნიშნულის შემდგომ ვ. გ-ა შეეცადა, გარიდებოდა მ. მ-ს და წავიდა მეზობლის, ქ. წ-ი, ქ-ს ქუჩაზე მცხოვრები ზ. ა-ს საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. ზ. ა-ს საცხოვრებელ სახლში შესვლისთანავე, მ. მ-ა წამოეწია ვ. გ-ს და სახლის ეზოში კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა: მოქაჩა თმა, ურტყამდა ხელ-ფეხს სხეულის სხვადასხვა ადგილას, წაქცეულს ასევე ურტყამდა წიხლებს თავისა და ტანის არეში. მ. მ-ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში, დაახლოებით 21:40 საათზე, ქ.წ-ი, ლ. ქ-ს ქუჩაზე მდებარე ზ. ა-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფი მ. მ-ა აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვ. გ-ს კუთვნილ, 756 ლარად ღირებულ, ,,სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც მას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით:
2.1. მ. მ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. მ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინება №12/964-19), თ. თ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქ. წ-ი, ს-ს ქუჩა, მეშვიდე შესახვევი №..., საკადასტრო კოდი: ...) უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
2.3. მ. მ-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით:
3.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ქორიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, მ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ. მ-ს ბრალეულობას მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებებში.
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მ. მ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
8. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
9. დაზარალებულმა ვ. გ-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლისა და მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
10. შეტყობინების რეგისტრაციის ბარათის მიხედვით, შეტყობინების ინიციატორად მითითებულია ვ. გ-ა, რომელიც აღნიშნავს, რომ მეუღლემ წაართვა ტელეფონი.
11. მოწმე ლ. კ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 7 ივნისს უყურებდა ტელევიზორს. ამ დროს სახლში შემოვიდა ვ. გ-ა, სთხოვა ტელეფონი და დარეკა სადღაც, შემდეგ უთხრა, რომ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, მას აღელვება და სახეზე რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია. ცემის ფაქტი არ იცოდა პოლიციის მოსვლამდე, ხოლო დაცვის მხარის მიერ ჯვარედინი დაკითხვის დროს დაადასტურა მის მიერ გამოძიების პროცესში, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომ ვ. გ-ა იყო აღელვებული და ატირებული, ათხოვა ტელეფონი, რადგან ვ-მ უთხრა, რომ წაართვა მისმა ქმარმა და სცემა, მან დარეკა 112-ის სამსახურში.
12. მოწმე ა. ძ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 7 ივნისს სამორიგეოში შემოვიდა ვ. გ-ს შეტყობინება, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და იყო ძალადობის მსხვერპლი. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ვ. გ-მ განმარტა, რომ ზ. ა-ს სახლში სცემა მეუღლემ, მ. მ-მ და წაართვა მობილური ტელეფონი.
13. მოწმე გ. ლ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს წ-ს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, იყო მორიგე, როდესაც რადიოსადგურიდან მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის შესახებ და გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ვ. გ-ა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა სილურჯე და განმარტა, რომ მეზობლის სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, მ. მ-მ.
14. მოწმე ლ. ჯ-ს განმარტებით ირკვევა, რომ 2019 წლის 8 ივნისს შემოსული შეტყობინების საფუძველზე თავისი საცხოვრებელი სახლიდან ათ ნაბიჯში დააკავეს მ. მ-ა და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მას სპორტული შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მარცხენა ჯიბიდან - ასევე შავი ფერის მობილური ტელეფონი, რომლებიც დალუქეს ცალ-ცალკე, დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ შეადგინა შესაბამისი ოქმი და ბრალდებულს გადასცა ასლი.
15. მოწმე გ. ა-ს განმარტებით ირკვევა, რომ ვ. გ-ს შეტყობინების საფუძველზე 2019 წლის 7 ივნისს დაიწყო გამოძიება. საცხოვრებელ სახლთან ახლოს, წ-ი, ს-ს ქუჩაზე, დააკავეს მ. მ-ა, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და სხვადასხვა ჯიბიდან, მან და ლ. ჯ-მ, ამოუღეს ,,სამსუნგის“ ფირმის ორი მობილური ტელეფონი, შავი და ვერცხლისფერი კორპუსით. ადგილზე შედგა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი და მ. მ-ა გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში.
16. მოწმე პ. კ-ს განმარტებით ირკვევა, რომ მ. მ-ს საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ვ. გ-ა, რომელმაც განმარტა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ და წაართვა მობილური ტელეფონი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოითხოვა 112-დან აუდიოჩანაწერი, გამოკითხა მოწმეები და დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.
17. მოწმე ზ. შ-ს განმარტებით ირკვევა, რომ მის მიერ მ. მ-ს საქმეზე წ-ს რაიონული სამმართველოს შენობაში მოწმის სახით გამოიკითხა ზ. ა-ა და ლ. კ.ა და მათ გამოკითხვის ოქმებს მოაწერეს ხელი.
18. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ. გ-ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, განვითარებული მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
19. 2018 წლის 5 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობებითა და კრედიტის დაფარვის გრაფიკით დადასტურებულია, რომ რ. ქ-ს სს „ლ-ნ“ აღებული აქვს კრედიტი 776,52 ლარის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვით. შპს „ს-ს“ ელექტრონული ზედნადებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 5 მარტს, 17:58:58 საათზე, რ. ქ-მ შეიძინა „samsung galaxy j5 pro” მოდელის მობილური ტელეფონი 719,00 ლარად. შპს „ს-ს“ დირექტორის ცნობის თანახმად, რ. ქ-მ 2018 წლის 5 მარტს ქ. ზ-ი, შპს „ს-ი“, ლ-ის განვადებით შეძენილი ტელეფონის ყუთი დაკარგა, რის გამოც ვერ მოახერხა ტელეფონის იდენტიფიცირება იმეი კოდით და შპს „ს-მ“ მას მიაწოდა ამონაწერი, სადაც მითითებული იყო 2018 წლის 2 მარტიდან იმავე წლის 7 მარტამდე რეალიზებული მობილური ტელეფონების მონაცემები (იმეი კოდით).
20. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ვ. გ-მ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ ლ. კ-ს, ა. ძ-ს, გ. ლ-ს, ლ. ჯ-ს, გ. ა-ს, პ. კ-ა და ზ. შ-ს ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი მონათხრობი ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულს არ დაუდასტურებია და ისარგებლა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით.
21. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52).
22. საკასაციო სასამართლოსათვის ყურადსაღებია ასევე საქმეში არსებული 2019 წლის 29 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და 2019 წლის 7 ივლისის შეტყობინება, რომელთა თანახმად, ინიციატორი ვ. გ-ა უთითებს, რომ მეუღლემ წაართვა ტელეფონი, მაგრამ უარყოფს მისი მხრიდან ძალადობის განხორციელების ფაქტს; რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დგინდება ვ. გ-ს სხეულზე დაზიანება სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა თუ არა მ. მ-მ.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
24. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. მ-ს მხრიდან მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლების განზრახვა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ არის დადასტურებული „samsung galaxy j5” წარმოადგენდა თუ არა ვ. გ-ს საკუთრებას. საქმის მასალების თანახმად, ჯერ ერთი, ასეთი სამხილი სასამართლომ ვერ მიიღო თვით ვ. გ-ნ; ხოლო მოწმის სახით დაკითხული რ. ქ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ აღნიშნული ტელეფონი განვადებით გამოიტანა მ. მ-ს თხოვნით და გადასცა მას; მოწმე მ. მ-ს ჩვენების თანახმად, ტელეფონი ეკუთვნოდა მამას - მ. მ-ს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ტელეფონი გაუფუჭდა, მისით ოჯახის წევრები და მათ შორის ვ. გ-ც სარგებლობდა. რაც შეეხება კასატორის - პროკურორ მარიამ ქორიძის მითითებას მოწმე ზ. ა-ს გამოკითხვის ოქმზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს; ამასთან, მოწმე ზ. ა-ს გამოკითხვის ოქმებში (რაც წარადგინეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარებმა) იკვეთება ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები.
25. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. მ-ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენა.
26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ...ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).
27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
28. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
29. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი