ას-389-684-04 19 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე,),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის გამო იძულებით განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნიწილი:
2002წ. 26 სექტემბერს ნ. ც.-მ შპს „ს.-ის“ ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის გამო მოსარჩელემ მოითხოვა იძულებით განაცდურისა და მორალური ზიანის სახით 2120 ლარის ანაზღაურება, აგრეთვე, შრომის წიგნაკის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
2000წ. 15 იანვრიდან მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში გენერალური დირექტორის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში. 2000წ. 22 სექტემბრის ¹85 ბრძანებით, საშტატო ერთეულის შემცირების გამო, იგი სამუშაოდან დაითხოვეს.
მისი გათავისუფლებისას ადმინისტრაციამ დაარღვია შკკ-ის 36-ე, 41-ე, 421 და 422 მუხლების მოთხოვნები და მიაყენა მორალური ზიანი, ასევე არ დაუბრუნა შრომის წიგნაკი.
იძულებით განაცდურმა შეადგინა 1200 ლარი, ხოლო მორალურმა ზიანმა 1920 ლარი.
მოპრასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან არ დაუთხოვიათ საშტატო ერთეულის შემცირების გამო.
შპს „ს.-ს“ და მოსარჩელეს შორის 2000წ. 16 მაისს დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ამავე წლის 24 აპრილიდან 24 ივლისამდე ჩათვლით.
2000წ. 24 ივლისის @¹114კ ბრძანებით მასთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა 2000წ. 24 სექტემბრამდე, ხოლო 2000წ. 22 სექტემბრის ¹85 ბრძანებით, შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლასთან დაკავშირებით, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.
ზემოთ მითითებული გარემოებების გამო, მოსარჩელეზე იძულებით განაცდურისა და მორალური ზიანის მიყენების გამო თანხების გაცემა არ შეიძლებოდა. რაც შეეხება შრომის წიგნაკის დაბრუნებას, მოსარჩელეს იგი საწარმოში არ წარუდგენია და მისი დაბრუნება ვერ მოხდებოდა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა ერთი თვის გასასვლელი დახმარება _ 80 ლარი, ორი თვის ხელფასი 160 ლარი და ერთი წლის იძულებით განაცდური 960 ლარი, სულ _ 1280 ლარი.
მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა შრომის წიგნაკის დაბრუნების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს შრომის წიგნაკი საწარმოში არ წარუდგენია.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან დაითხოვეს საშტატო ერთეულის შემცირების აგმო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა 240 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ნ. ც.-ი უვადო შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა შპს „ს.-ის“ დირექტორის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ 2000წ. 24 ივლისის ვადიანი ხელშეკრულება გაგრძელდა 3 თვის ვადით _ 2000წ. 24 სექტემბრამდე, ვინაიდან ¹114-ე ბრძანებაზე მოსარჩელე არ აწერდა ხელს, ამიტომ ხელშეკრულება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ იგი სამუშაოდან გათავისუფლდა არა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, არამედ შტატების შემცირების გამო. აქედან გამომდინარე, არასწორი იყო აპელანტის არგუმენტი ერთი თვის გასასვლელი დახმარებისა და ორი თვის ხელფასის სახით სულ 240 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე. დანარჩენ 960 ლარის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტიელბა უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან მოსარჩელეს არ მოუთხოვია უკანონოდ დათხოვნის ბრძანების გაუქმება და ამიტომ უკანონო დათხოვნის შედეგად იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
სააპელაციო სასამართლომ 960 ლარის დაკისრების ნაწილში გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
2004წ. 5 აპრილს ნ. ც.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა იძულებით განაცდურის სახით 3360 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:
კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაცია შკკ-ის 207-ე მუხლის გამოყენების შესახებ.
მას მიაჩნია, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურება შესაძლებელია მუშაკის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის გარეშეც.
შპს „ს.-ს“ საკასაციო საჩივარი არ შემოუტანია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი იძულებით განაცდურის _ 3360 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს შკკ-ის 207-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციის მხრივ შრომის წიგნაკის გაუცემლობისა და შრომის წიგნაკში გათავისუფლების ბრძანების არასწორი ფორმულირებისათვის.
ამ მოთხოვნის ირგვლივ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ შკკ-ის 207-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გამორიცხული იყო, ვინაიდან მოსარჩელე არ მოითხოვდა გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასა და წინანდელ სამუშაოზე აღდგენას.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იძულებით განაცდურისათვის, შკკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურება მაშინაც ხდება, თუკი მუშაკი არ მოითხოვს სამუშაოზე აღდგენას, ამასთან საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ დროს ანაზღაურება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სასამართლოს მიერ დადგინდება სამუშაოდან მუშაკის უკანონოდ დათხოვნის ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მუშაკი უკანონოდ იყო დათხოვნილი და იგი არც სამუშაოზე აღუდგენია, ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილი არ იყო არც დათხოვნის უკანონოდ ცნობა და არც სამუშაოზე აღდგენა. აქედან გამომდინარე, 207-ე მუხლის I ნაწილის პირველი აბზაცის შესაბამისად, იძულების განაცდურის მოთხოვნა გამორიცხულია.
მართალია, 207-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე აბზაცის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ასეთივე ოდენობით აუნაზღაურდებათ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი მაშინაც, როცა შრომის წიგნაკში არასწორად არის ფორმულირებული დათხოვნის მიზნები, რაც მუშას ან მოსამსახურეს ხელს უშლიდა, მოწყობილიყო ახალ სამუშაოზე, მაგრამ ამ შემთხვევაში შრომის წიგნაკში არასწორი ჩანაწერი არ არსებობს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, შრომის წიგნაკში არასწორი ჩანაწერის არსებობა ავტომატურად არ იწვევს თანხების ანაზღაურებას. მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ შრომის წიგნაკში არასწორო ჩანაწერის გამო მას შეეშელა ხელი ახალ სამუშაოზე მოწყობაში, ამასთან დათხოვნა აუცილებლად უკანონო უნდა იყოს და ხელშეშლა რეალური, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამის დამამტკიცებელი საბუთი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ იძულებით განაცდურში ითვლება დრო სამუშაოდან მუშაკის უკანონოდ დათხოვნიდან მის წინანდელ სამუშაოზე აღდგენამდე, ანუ დრო უკანონო დათხოვნიდან დათხოვნის უკანონოდ მიჩნევამდე, ანდა დრო უკანონო დათხოვნიდან სხვა სამუშაოზე მოწყობამდე, თუკი დათხოვნის შესახებ არასწორმა ჩანაწერმა შეუშალეს მუშაკს ხელი ახალ სამუშაოზე მიღებაში. ყველა შემთხვევაში დათხოვნა სასამართლოს მიერ უკანონოდ უნდა იქნეს აღიარებული. თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება დათხოვნის უკანონოდ მიჩნევის შესახებ, იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხულია იძულებითი განაცდურის არ არსებობის გამო.
სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს.
ამავე კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ მოითხოვდა, რომ მისი სამუშაოდან დათხოვნა სასამართლოს ეცნო უკანონოდ, ცხადია, სააპელაციო სასამართლო ვერ განიხილავდა ამ საკითხს და ვერც გადაწყვეტილებას მიიღებდა ამ საკითხის ირგვლივ.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს, ვინაიდან იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მუშაკს გააჩნია მხოლოდ მაშინ, თუკი მისი სამუშაოდან დათხოვნა უკანონოდ იქნება ცნობილი, მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან არ არსებობდა მოთხოვნა სამუშაოდან დათხოვნის უკანონოდ ცნობის შესახებ, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მიეღო რაიმე გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ც.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.