საქმე # 010100120003507572
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №687აპ-21 ქ. თბილისი
გ-ე რ, 687აპ-21 20 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. რ. გ-ე, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 2 თებერვლიდან.
1.2. რ. გ-ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. გ-მ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 2 თებერვალს რ. გ-მ ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ი მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,ს-ს“ გავლით თ-ს რესპუბლიკიდან ს-ი უკანონოდ შემოიტანა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით - 0,311 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,368 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, რაც იმავე დღეს ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ი მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,ს-ს’’ ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით:
3.1. მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. რ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 2 თებერვლიდან.
3.3. რ. გ-ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. კასატორი - მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებაზე „გ-ი ქ-ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაყრდნობით.
4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, რ. გ-ს მიმართ საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის ჩატარების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, ხოლო სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დაეყრდნო იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, როგორიცა: ოპერატიული პატაკი, პირადი ჩხრეკის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები.
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებით „გ. ქ-ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონმდებლობითა და სადავო ნორმით ვერ ხერხდება არასანდო მტკიცებულების გამოყენებით პირის მსჯავრდების რისკების დაზღვევა. შესაბამისად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ უტყუარობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაავადა დასახელებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა 2021 წლის პირველ ივლისამდე იმისათვის, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს მიეცეთ გონივრული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად.
9. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. გ-მ დანაშაული ჩაიდინა 2020 წლის 2 თებერვალს.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის რეტროსპექტულ გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ „საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან ძირითადად საფუძველშივე გამოირიცხება... მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი... გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საპროცესო ნორმები თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/4/557,571,576 II- 73-74,76). ამდენად, სსსკ-ის მე-2 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესს, ვრცელდება საპროცესო-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ახალი ნორმის ამოქმედების დროისთვის, როგორც წესი, არ არის დასრულებული.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გ-ი ქ-ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ვერ გავრცელდება მსჯავრდებულ რ. გ-ს მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2021 წლის პირველ ივლისამდე; ამასთან, საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ. გ-ს ბრალეულობას მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში.
12. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა კი წარმოადგენს იმ სამ, უმთავრეს ელემენტს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება (სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი). ევროპულმა სასამართლომ მე-6 მუხლის ჭრილში განმარტა, რომ მტკიცებულების შესაფასებლად სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იყენებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს საკმარისად ცხად, ძლიერ და ურთიერთშეთავსებად ვარაუდს ან ერთმანეთის მსგავს გაუქარწყლებელ ფაქტთა თანაარსებობას (იხ. საქმე: „ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,“ (Ireland v. The United Kingdom), N5310/71, 18/01/1978, §161).
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები: მოწმეების - გ. ბ-ს, გ. გ-ს, გ. შ-ს ჩვენებები, საზღვრის კვეთის დოკუმენტაცია, პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც რ. გ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ:
13.1. მოწმის სახით დაკითხული გ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ რ. გ-ს პირადი ჩხრეკა მან ჩაატარა ს-ს საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში. გ. ბ-მ დაადასტურა ჩხრეკის მიმდინარეობა და შედეგი, ასევე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა.
13.2. მოწმის სახით დაკითხული, პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების - გ.გ-ა და გ. შ-ს ჩვენებებით დადგენილია 2020 წლის 2 თებერვალს გამომძიებლის მიერ რ. გ-ს პირადი ჩხრეკისა და ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის ფაქტი.
13.3. მოწმეების - გ. ბ-ს, გ. გ-ა და გ. შ-ს ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ რ. გ-ს ს-ს საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლის შემდეგ, დაკავებამდე, შეხვედრა არავისთან ჰქონია.
13.4. რ. გ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მისი ჩხრეკა დაიწყო 2020 წლის 2 თებერვალს, 14:05 საათზე ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ი მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე.
13.5. 2020 წლის 2 თებერვალს რ. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სამი შენაფუთი ფხვნილისებრი მასით და 46 ერთეული აბი.
13.6. ქიმიური ექსპერტიზის №ქ/66 დასკვნის თანახმად, რ. გ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ 46 ერთეულ აბში ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს - 0.368 გრამს, ხოლო სამ ცალ შენაფუთში არსებული ფხვნილის მასა, წონით 1.05 გრამი, შეიცავს 0.311 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.
14. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ რ. გ-ს ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. რ. გ-ს მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ...ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015).
16. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი