Facebook Twitter

საქმე # 330100118002268452

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №411აპ-20 ქ. თბილისი

დ-ი ნ 411აპ-20 28 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენით:

ნ. დ-ი, - დაბადებული …. წლის …. ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 10000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისისა და 2011 წლის 14 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 7000 ლარი და საბოლოოდ ნ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2005 წლის 23 დეკემბერს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჩ-ი,“ რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ნ. დ-ი. მას ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა მიანიჭეს უფლებამოსილება, დამოუკიდებლად ეწარმოებინა ამხანაგობის საქმიანობა, მათ შორის: აეღო სესხი და უფლებრივად დაეტვირთა ამხანაგობის კუთვნილი ქონება. ამხანაგობის შექმნის მიზანი იყო თ-ი, ი. ჭ-ს გამზირზე, №….-ში, მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა. ნ. დ-ა განიზრახა ნ. ბ-ს, თ. მ-ა და ე. ა-ს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2008 წლის 30 აპრილს, სანოტარო ბიუროში გაფორმდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჩ-ს“ კრების ოქმი (რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №….). აღნიშნული კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის წევრები გახდნენ და თ-ი, ი. ჭ-ს გამზირზე, №…-ში, …. სადარბაზოში, მე-… სართულზე მდებარე ბინა …-ის (რომელიც რეალურად არ არსებობდა) თანამესაკუთრეებად დაფიქსირდნენ ნ. ბ-ე, ე. ა-ე და თ. მ-ე. ნ. დ-ა არარსებული ფართის სანაცვლოდ, ნ. ბ-ს გამოართვა 20 000 აშშ დოლარი, თ. მ-ს - 14 000 აშშ დოლარი, ე. ა-ს - 21 000 აშშ დოლარი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნულ თანხებს.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ. ბ-ს, თ. მ-ა და ე. ა-ს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით:

ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - პროკურორი დავით კაპანაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. დ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. საკასაციო საჩივრის თანახმად, განაჩენის გამოტანის დროს მოსამართლემ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. ნ. დ-ი თავს დამნაშავედ არ ცნობს, რაც მხედველობაში უნდა მიიღოს სასამართლომ. აგრეთვე, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული.

6. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).

9. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ ნ. დ-ს დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“

11. საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად იხელმძღვანელებს ნ. დ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და შეაფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

12. მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოვალეობათა დარღვევის ზომას, კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. დ-ა რამდენიმე პირის მიმართ ჩაიდინა თაღლითობა; მან არარსებული ფართის სანაცვლოდ, ნ. ბ-ს გამოართვა - 20 000 აშშ დოლარი, თ. მ-ს - 14 000 აშშ დოლარი, ხოლო ე. ა-ს - 21 000 აშშ დოლარი და აღნიშნულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

13. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ვინაიდან ნ. დ-ი თავს დამნაშავედ არ ცნობს, სასამართლომ აღნიშნული გარემოება სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა მიიღოს; პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულის აღიარება ნ. დ-ს უფლებას წარმოადგენს, რის გამოც დაუშვებელია, მისი უარყოფა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად შეფასდეს.

14. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას - მის ასაკს (დღეის მდგომარეობით, იგი 76 წლის არის), ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის სხდომაზე მსჯავრდებულის დამცველმა ადვოკატმა წარმოადგინა ფორმა N100, რომელიც ასახავს ნ. დ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ავადმყოფობის მიმდინარეობას).

15. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ჯეროვნად ვერ დაასაბუთა - თავისუფლების აღკვეთის პროპორციულობა მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

16. ამდენად, ნ. დ-ს მიერ მოვალეობათა დარღვევის ზომის, მისი პიროვნების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელი არის სამართლიანი და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი