საქმე # 210100121004326697
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №636აპ-21 ქ. თბილისი
მ-ი გ, 636აპ-21 28 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენით:
1.1. გ. მ-ი, - დაბადებული .... წლის .... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 17 დეკემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. მ-ა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. მ-ა, რომელიც ორჯერ იყო გასამართლებულ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, 2020 წლის 7 დეკემბერს, დღის საათებში, უკანონოდ შეაღწია დ-ს რაიონის სოფელ ხ-ი, .. მაისის ქუჩა N...-ში მდებარე ვ. ჯ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ვ. ჯ-ს კუთვნილ, 521 ლარად და 60 თეთრად ღირებულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სანთებელას, მობილურ ტელეფონსა და სხვადასხვა დასახელების ნივთს, ასევე, ფულად თანხას - 14000 ლარს. აღნიშნული ქმედებით გ. მა-ა ვ. ჯ-ს მიაყენა დიდი ოდენობით - 14521 ლარისა და 60 თეთრის ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით:
3.1. მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულმა გ. მ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ ზემოჩამოთვლილ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მის შემსუბუქებასთან.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს გ. მ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. კასატორის ძირითად არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის კონტექსტში წარმოადგენს: მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა და დანაშაულის აღიარება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის - მსჯავრდებულ გ. მ-ს მიერ დასახელებული გარემოებები მართლაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა, კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებათა შეფასება არაა საკმარისი და მხედველობაშია აგრეთვე მისაღები საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები.
11. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული გ. მ-ი რამდენჯერმე არის გასამართლებული ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის განკარგულებით გ. მ-ს გაუნახევრდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განაჩენებით განსაზღვრული სასჯელები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ის პირობით ვადამდე 7 თვითა და 29 დღით ადრე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. მიუხედავად მის მიმართ გამოყენებული საშეღავათო პირობებისა, გ. მ-ა 2020 წლის 7 დეკემბერს კვლავ იმავე ხერხით ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცალსახად მიუთითებს მსჯავრდებულის დამოკიდებულებაზე კანონის მიმართ და მის მიდრეკილებას საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებულ გ. მ-ს არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, აღნიშნული გარემოება სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულ გ. მ-ის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. მ-ის არგუმენტაციას, რომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი