Facebook Twitter

საქმე # 200100120003699292

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №683აპ-21 ქ. თბილისი

გ-ე კ, 683აპ-21 28 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის - გიორგი ბაჩიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის .... ივლისს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 12 აპრილს, ღამის საათებში, ლ-ს რაიონის სოფელ მ-ი მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კ. გ-ა და მისი ოჯახის წევრს - თ. გ-ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. განაწყენებულმა კ. გ-მ შურისძიების მოტივით განიზრახა თ. გ-ს მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ ოთახში ორჯერ დაარტყა ნაჯახი თ. გ-ს, რომელიც მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

2.1. კ. გ-ე საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.

2.2. კ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 14 აპრილიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

3.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.3. კ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლზე.

3.4. კ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 14 აპრილიდან.

4. კასატორმა - კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა გიორგი ბაჩიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: კ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი, კანონიერი სასჯელის შეფარდება.

4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, განაჩენი უკანონოა და არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მასალებს; კ. გ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას არ მიეცა სწორი კვალიფიკაცია.

5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის საჩივრის მოტივებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამავე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით თავის სააპელაციო საჩივარში ჰქონდა გამოთქმული, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნულ მოტივებსა და მოსაზრებებზე სააპელაციო სასამართლომ დამაჯერებელი, ამასთან, დასაბუთებული პასუხები გასცა.

8. ბრალდების მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს, კ. გ-ე და თ. გ-ე იყვნენ პირები, რომლებიც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას კ. გ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, კ. გ-ს მიერ ჩადენილ თ. გ-ს განზრახ მკვლელობას მიეცეს იმგვარი სამართლებრივი შეფასება, რომ მან ეს დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

9. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ის გარემოება, რომ კ. გ-ე და თ. გ-ე იყვნენ პირები, რომლებიც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათ გააჩნდათ საერთო საოჯახო ვალდებულებები და თითოეული მათგანის ყოველდღიური ქმედებები ემსახურებოდა საერთო ოჯახური მიზნების განხორციელებას. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ. გ-ს ოჯახის წევრების მიერ მიცემული ჩვენებები, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება თ. გ-ს მეზობლების მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებებს, რომ კ. გ-ე შემთხვევამდე დაახლოებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა სოფელ მ-ი, ბებიისა და ბიძის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო, მეორე მხრივ, მ. გ-მ, ა. გ-მ, კ. გ-მ და თ. ბ-მ სასამართლოს მისცეს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაციისაგან სრულიად განსხვავებული ჩვენებები და სასამართლოში საქმის განხილვისას დამაჯერებლად ვერ ახსნეს, თუ რამ განაპირობა მსგავსი არსებითი მნიშვნელობის მქონე შეუსაბამობა მათ მიერ სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე გაცხადებულ ინფორმაციებს შორის. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ თ. გ-ა და კ. გ-ს მიერ ერთიანი საოჯახო მეურნეობის განხორციელების ფაქტი ვერ დგინდება ვერც იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებზეც კასატორი - პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილი უთითებს; ესენია მოწმის სახით დაკითხული პირების - გ. გ-ს, გ. კ-ს, ზ. შ-ს, გ. გ-ს, ა. გ-ა და ა. გ-ს ჩვენებები, კერძოდ:

11. საქმის მასალების თანახმად, სოფელ მ-ი თ. და კ. გ-ის მეზობლად მცხოვრები პირებიდან (გ. გ-ე, გ. კ-ე, ზ. შ-ე, გ. გ-ე, ა. გ-ი და ა. გ-ი) არცერთი მათგანი არ ფლობს ინფორმაციას, რომ თ. გ-ე და კ. გ-ე ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოწმის სახით დაკითხული პირების - გ. კ-ს, ზ. შ-ა და ა. გ-ს განმარტებებით, არ იმყოფებოდნენ მსჯავრდებულთან და გარდაცვლილთან ისეთ ახლო ურთიერთობაში, რომ მათთვის ცნობილი გამხდარიყო, თუ როგორ ინაწილებდნენ ისინი საოჯახო საქმეებსა და ვალდებულებებს. მათ მიერ ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს არც მოწმე გ. ბ-ე - ლ-ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ ბ-ა და მ-ი. მოწმეების - ა. გ-ს, გ. გ-ა და გ. გ-ს ჩვენებებიდან კი დადგინდა, რომ თ. გ-ე და დედამისი ერთად - სახლის პირველ სართულზე, ხოლო კ. გ-ე მეორე სართულზე ცხოვრობდა. თ. ,,ტაქსაობით“ ირჩენდა თავს, ხოლო კ-ს თავისი მეურნეობა ჰქონდა - ზაქებს ზრდიდა. ორივეს თავ-თავისი მიწის ნაკვეთი გააჩნდა და ცალ-ცალკე ამუშავებდნენ, რის გამოც საერთო მეურნეობა ვერ ექნებოდათ. შეშაც ცალ-ცალკე მოჰქონდათ, კ-ს სახლის მეორე სართულზე თავისი ღუმელი ედგა.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს კ. გ-ა და თ. გ-ს ოჯახური კავშირის შესახებ და მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულისა და მსჯავრდებულის ერთ სახლში ცხოვრება ვერ ჩაითვლება ერთიანი საოჯახო მეურნეობის გაძღოლის დადასტურების საკმარის საფუძვლად. საქმის მასალების თანახმად, კ. გ-ე და თ. გ-ე, როგორც ბიძა და ძმისშვილი, ცხოვრობდნენ ორსართულიან სახლში და მათი ურთიერთკავშირი მხოლოდ აღნიშნული ფაქტით შემოიფარგლებოდა. მითითებული სახლის მესაკუთრე არის მხოლოდ კ. გ-ე და თ. გ-ე არ ყოფილა თანამესაკუთრე; ამასთანავე, მიუხედავად საცხოვრებელ სახლზე ერთპიროვნული საკუთრების უფლების არსებობისა, კ. გ-ს ბიძასთან გაყოფილი ჰქონდა ოთახები და იზოლირებულად ცხოვრობდა სახლის მეორე სართულზე, მათ არ გააჩნდათ საერთო მიწის ნაკვეთები და მოსავალს ერთად არ იღებდნენ; ჰქონდათ საქმიანობის სხვადასხვა სფერო და ერთამენთისაგან დამოუკიდებელი შემოსავალი, რასაც არ მოიხმარდნენ ერთმანეთის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნებისათვის.

13. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კ. გ-ს მსჯავრდების საკმარის არგუმენტად ვერ იქნება მიჩნეული ვერც ის გარემოება, რომ იგი ისევე უვლიდა მოხუც ბებიას - თ. გ-ს, როგორც დაზარალებული თ. გ-ე. თ. გ-ე, ერთი მხრივ, იყო თ. გ-ს დედა, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ კ. გ-ს ბებია და თითოეული მათგანის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გარკვეული სახის ყურადღების გამოჩენა მოხუცებულის მიმართ უპირობოდ არ მიუთითებს, რომ ისინი როგორც თ. გ-ს, ასევე ერთმანეთის ოჯახის წევრები იყვნენ.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის - გიორგი ბაჩიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი