Facebook Twitter

ას-400-1067-03 9 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე)

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: 2800 აშშ დოლარის სარგებლით დაბრუნება და მოპასუხეზე 7324 აშშ დოლარის დაკისრება (ძირითად სარჩელში); მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისში ..... მდებარე სახლის ნაწილი, რომელიც შედგება 41,65 კვ. მეტრი სამი საცხოვრებელი ოთახისა და 78,40 კვ.მეტრი დამხმარე სათავსებისაგან, ირიცხებოდა ს. ლ-ის სახელზე, რომელიც 1997 წელს გარდაიცვალა.

1998წ. 17 დეკემბერს გაცემული მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, სასჯელის ამ ნაწილის მესაკუთრე გახდა ს. ლ-ის შვილი ჰ. ლ-ე.

1998წ. 18 დეკემბერს ჰ. ლ-ესა და თ. კ-ეს შორის დაიდო შინაურული გარიგება, 5000 აშშ დოლარად, ბინის ნასყიდობის თაობაზე. თ. კ-ემ გადაიხადა 2700 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო 1999წ. 1 ივლისამდე.

1998წ. 29 დეკემბერს თ. კ-ემ ჰ. ლ-ეს გადასცა 250 აშშ დოლარი.

2000წ. მარტში თ. კ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ჰ. ლ-ის მიმართ გარიგების ბათილად ცნობის, 2800 აშშ დოლარის დაბრუნებისა და შესაბამისი სარგებლის დაკისრების შესახებ.

2000წ. 11 ივნისს გარდაიცვალა თ. კ-ე, გარდაცვლილის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში დაშვებულ იქნა ნ. კ-ე.

ჰ. ლ-ემ მეუღლესთან, ი. ნ-ესთან, ერთად აღძრა შეგებებული სარჩელი გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, 4649 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1998წ. 18 დეკემბერს მხარეთა შორის ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის გარიგება ბათილად იქნა ცნობილი. ჰ. ლ-ესა და ი. ნ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2800 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა, არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების შეგებებული სარჩელი.

ჰ. ლ-ემ და ი. ნ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით იმ საფუძვლით, რომ ფორმის დაუცველობა არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს, ბეს სახით მიცემული 2800 აშშ დოლარი არ უნდა ყოფილიყო დაბრუნებული, რადგან მოსარჩელეს არ შეუსრულებია გარიგებით ნაკისრი ვალდებულება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საიჩვარი შეიტანა ი. ნ-ემ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2003წ. 3 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა ჰ. ლ-ისა და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი. გააუქმა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით ჰ. ლ-ისა და ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება იქნა შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა როგორც ძირითადი, ასევე შეგებებული სასარჩელო მოთხოვნები. მოპასუხეებს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2550 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა, ხოლო ამ უკანასკნელის ჰ. ლ-ისა და ი. ნ-ის სასარგებლოდ – 1407 ლარი.

ჰ. ლ-ე და ი. ნ-ე ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, ნ. კ-ის სასარგებლოდ 2550 აშშ დოლარის გადახდევინებისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად შეაფასა და განმარტა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

1998წ. 17 დეკემბერს დადებული შინაურული გარიგებით თ. კ-ეს ჰ. ლ-ისაგან 5000 აშშ დოლარად უნდა შეეძინა საცხოვრებელი სახლი. გადახდილ იქნა სახლის საფასურის ნაწილი – 2700 აშშ დოლარი, ხოლო 2300 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ 1999წ. 1 ივლისამდე, რის შემდგომ მოხდებოდა ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება. თანხის გადაცემა და გარიგების პირობები დაფიქსირდა მხარეების მიერ შედგენილ ხელწერილებში.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჰ. ლ-ეზე გადახდილი ბინის საფასურის ნაწილი უნდა ჩაითვალოს ბედ და დარჩეს მას, როგორც ბეს მიმღებს. სკ-ს 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ვინაიდან არ დადებულა კანონით გათვალისწინებული ფორმის ხელშეკრულება, გადახდილი თანხით არ დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ხელწერილის მიხედვით ეს თანხა სახლის საფასურის ნაწილი იყო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 250 აშშ დოლარი შედიოდა იმ 2700 დოლარში, რომელიც გარიგების მოშლის გამო უნდა დაბრუნებოდა მოსარჩელეს. თანხა ვერ ჩაითვლება სესხად, რადგან თ. კ-ის მიერ შედგენილი ხელწერილი არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას, მასში არ არის მითითებული სესხსა და სარგებლის გადახდის ვალდებულების თაობაზე.

სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს უნდა დაემტკიცებინა გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებდა შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას. ასეთი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა, ასევე დაუსაბუთებელია მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ საქმეზე დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჰ. ლ-ისა და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.