Facebook Twitter

საქმე # 330141221004282878

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4141-21 30 სექტემბერი, 2021 წელი

ყ-ი ო, 4141-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ო. ყ-ი, - დაბადებული .... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.

1.1. ო. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 14 მარტიდან იმავე წლის 15 მარტის ჩათვლით.

2. 2021 წლის 14 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - ს-ს პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ო. ყ-ის პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ო. ყ-ის მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, ვინაიდან სასამართლოში არ იყო წარდგენილი დაზარალებულის პოზიცია და ინფორმაცია ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ო. ყ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულ ო. ყ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-ა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ო. ყ-ის, დაზარალებულის თანხმობის საფუძველზე, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის გავრცელება და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი, ა-ის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანხმობა, საიდანაც ირკვევა, რომ ა-ის მუნიციპალიტეტის მერიას აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, რომ მსჯავრდებულ ო. ყ-ის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენის გამოტანამდე ო. ყ-ი იყო ნასამართლობის არმქონე.

5. აღნიშნულის გათვალისწინებით, ო. ყ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და მას უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ო. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ო. ყ-ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

4. ო. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 14 მარტიდან იმავე წლის 15 მარტის ჩათვლით; ხოლო პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 26 ნოემბრიდან;

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი