Facebook Twitter

საქმე # 330802221005015671

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№419I-21 ქ. თბილისი

ი-უ ა, 419I-21 30 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი-ს (A. Y-u) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. ი-ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2020 წლის 16 ივლისს თ-ს რესპუბლიკის ბ-ს რაიონულმა რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ ა. ი-ს მიმართ გამოიტანა საბრალდებო აქტი, რომლის მიხედვითაც, ა. ი-ს ბრალი დაედო თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარ დაგეგმვით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

1.2. 2020 წლის 29 ივლისს თ-ს რესპუბლიკის ბ-ს რაიონულმა 21-ე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ გამოსცა ა. ი-ს დაკავების ბრძანება.

2. ა. ი-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2020 წლის 30 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ა. ი-ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

2.2. 2021 წლის 21 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ი-უ.

2.3. 2021 წლის 23 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა. ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.4. 2021 წლის 6 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის გადაწყვეტილებით ა. ი-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 21 ნოემბრამდე.

2.5. ამჟამად ა. ი-უ მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ა. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

3.2. 2020 წლის 13 ივნისს, წარსულში ი. თ-ნ მომხდარი უთანხმოების გამო შურისძიების მოტივით, ა. ი-უ და მისი თანმხლები პირები მივიდნენ ქ. ს-ი, ბ-ი მდებარე იმ ადგილას, სადაც დაზარალებული ჯ. ა-ი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ჯ. ა-ს დანახვისთანავე, ა. ი-მ თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და ჯ. ა-ს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ჯ. ა-მ გააანალიზა რა ვითარება, სცადა გაქცევა, თუმცა ა. ი-მ და მისმა თანამზრახველებმა ცეცხლსასროლი იარაღებიდან რამდენჯერმე ესროლეს დაზარალებულს. ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების მიუხედავად, ჯ. ა-ი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

4. 2021 წლის 13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ა. ი-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა. ი-ს ექსტრადიციის შესახებ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2020 წლის 3 სექტემბრის შუამდგომლობაში და დასჯადია თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარ დაგეგმვით).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ა. ი-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა. ი-ს ექსტრადიციის შესახებ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2020 წლის 3 სექტემბრის შუამდგომლობაში და დასჯადია თ-ის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარ დაგეგმვით).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება.

6.1. კასატორი აღნიშნავს, რომ:

· ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს - ა. ი-ს თ-ის რესპუბლიკაში ემუქრებოდა სიცოცხლის ხელყოფა გარკვეული დაჯგუფებული პირების მხრიდან, რომლებსაც სისხლის აღება სწყურიათ;

· გასაჩივრებულ განჩინებაში ა. ი-უ მოხსენიებულია როგორც მკვლელობისათვის გასამართლებული თ-ს რესპუბლიკაში, რომელიც ითხოვს მის ექსტრადიციას სასჯელის მოხდის მიზნით. სინამდვილეში კი, საქმიდან გამომდინარე, თ-ი ითხოვს მის დაკითხვას, რადგანაც ბრალდებულია და არა - მსჯავრდებული მიმდინარე საქმეზე;

· თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებულ ყველა მასალაში ა. ი-უ მოხსენიებულია, როგორც მკვლელობის ჩამდენი პირი და ეს მაშინ, როდესაც სასამართლოს განაჩენი არ დამდგარა, შესაბამისად ნათელია, რომ პირის მიმართ ხორციელდება უსამართლო დევნა და ირღვევა ადამიანის საყოველთაოდ გარანტირებული უფლება - უდანაშაულობის პრეზუმფცია;

· თავშესაფრის მაძიებლის სტატუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ისევ მიმდინარეობს სასამართლო დავები თბილისის სააპელაციო სასამართლოში და არსებობს დიდი ალბათობა, რომ ა. ი-ს მიეცეს თავშესაფარი საქართველოში;

· პროკურორს არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულება, რომ ექსტრადიციის შუამდგომლობის მომთხოვნი სახელმწიფო იძლევა გარანტიას ა. ი-ს საქმის სამართლიან ხელახლა განხილვაზე, სადაც ექსტრადირებული პირი უზრუნველყოფილი იქნება დაცვისა და უსაფრთხოების უფლებით.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ა. ი-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ,,არსებითი საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ი-უ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ანდა დევნის რისკი; ა. ი-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს; უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების პარალელურად ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის უკანონობის შესახებ; ასევე, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მოთხოვნა ხელახალი სასამართლო განხილვის გარანტიის წარმოდგენის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თ-ს რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ი-უ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 21 მაისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. მოცემულ შემთხვევაში, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ა. ი-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თ-ის კანონმდებლობით და ამავდროულად, სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ თ-ის რესპუბლიკაში საბრალდებო აქტით ა. ი-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება დასჯადია თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარ დაგეგმვით), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა. აღწერილი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით; ამდენად, აღწერილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნაც; დანაშაულებრივი ქმედება, რომლის ჩადენაშიც ა. ი-უ ბრალდებულია თ-ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა ოცდაათი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებითაც ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

6. ამასთან, თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით. ამდენად, ა. ი-უს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

7. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, აკრძალულია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ა. ი-უ არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე.

9. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია.

10. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, რომ ა. ი-უ ამჟამად თავშესაფრის მაძიებელი პირია, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, ა. ი-მ შსს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, მას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე და დღეის მდგომარეობით დასრულებულია მისი საქმის განხილვა. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ადმინისტრაციული №3/270-21 საქმე (მოსარჩელე - ა. ი-უ, მოპასუხე - საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტი, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ი-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1.ს.ფ.45).

11. თავის მხრივ, საკასაციო საჩივარში ადვოკატი აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ისევ მიმდინარეობს სასამართლო დავები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

12. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშომლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ფაქტი, რომ პირი თავშესაფრის მაძიებელია, სასამართლოსათვის არ წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას; მაგრამ საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს: N7I-16, N21I-20, N304I-21 გადაწყვეტილებები).

13. ა. ი-ს მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლები).

14. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ა. ი-ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.

15. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

16. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011).

17. რაიმე კონკრეტული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია; საჩივარი ეყრდნობა არა ფაქტებს, არამედ ვარაუდებს ან/და შეფასებებს, კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე.

18. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ანდა სარწმუნო ინფორმაცია, რაც მიუთითებდა, რომ წარსულში, თ-ს რესპუბლიკაში, ა. ი-ს მიმართ ხორციელდებოდა მუქარა, სიცოცხლის მოსპობის მცდელობა ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. აგრეთვე, არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ა. ი-მ კონკრეტული პირების მხრიდან მომდინარე საფრთხის ანდა განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების თაობაზე მიმართა თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მათ არაეფექტური რეაგირება მოახდინეს. ამასთან, არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. ი-ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რაც არსებითი საფუძველი იქნებოდა ვარაუდისთვის, რომ ა. ი-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე. ის, რომ სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე თავად ა. ი-ს მიმართ თ-ს სამართალდამცავმა ორგანოებმა დადგენილი წესით განახორციელეს სისხლისსამართლებრივი დევნა, თ-ი სიცოცხლის უფლების დაცვის მექანიზმების ეფექტურობაზე მიუთითებს.

19. უსაფუძვლოა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს მითითება იმაზე, რომ ა. ი-ს ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ემუქრება ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა. აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიზანს წარმოადგენს პირის მიმართ მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელება, რაც ასევე მოიცავს მისი დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება ვერ იქნება ის მიზანი, რომლითაც თავად ექსტრადიციის მექანიზმია დეტერმინირებული.

20. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ ა. ი-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ა. ი-ს უფლებების დარღვევის ანდა დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.

21. თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიდან გამომდინარე, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევის საფრთხეც.

22. თ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ ა. ი-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

23. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).

24. საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას, ა. ი-ან ჩატარებული გასაუბრების დროს, მან მიუთითა, რომ საქართველოში ცხოვრობს მისი პარტნიორი ქალბატონი, რომლის სახელია ა, ხოლო გვარს და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს ვერ იხსენებს. ა. ი-მ მიუთითა ამ ქალბატონის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, თუმცა, აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული ნომერი ეკუთვნის სრულიად სხვა პირს (იხ. სატელეფონო გასაუბრების ოქმი). ამდენად, ა. ი-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის არასარწმუნო; მეორე მხრივ, იგი ბრალდებულია განზრახ მკვლელობის ჩადენაში და არსებობს მის მიმართ მართლმსაჯულების ჯეროვანი აღსრულების მომეტებული ინტერესი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლების შეზღუდვის პირობებშიც კი (ასეთი რომც დასტურდებოდეს), ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი არის აღმატებული.

25. ამდენად, თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ა. ი-უს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების ხელყოფის საფრთხე დაუსაბუთებელია.

26. უსაფუძვლოა კასატორის - ადვოკატ ი. კ-ს აპელირება იმაზე, რომ თითქოს, თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებულ ყველა მასალაში ა. ი-უ მოხსენიებულია, როგორც მკვლელობის ჩამდენი პირი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილ საექსტრადიციო მასალებში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ა. ი-უ მოხსენიებულია, როგორც კონკრეტულ დანაშაულთა ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირი (ტ.1.ს.ფ.18-26). ამასთან გასაჩივრებულ განჩინებაშიც აღნიშნულია, რომ ა. ი-უ არის კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი.

27. ასევე სრულიად არარელევანტური და საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მოთხოვნა ხელახალი სასამართლო განხილვის გარანტიის წარმოდგენის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელახალი სასამართლო განხილვის გარანტია შეიძლება წარმოდგენილ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ გამოტანილია განაჩენი და იგი არ ესწრებოდა ამ განაჩენის გამოტანას (ამასთან, დაკმაყოფილებული უნდა იყოს სხვა კრიტერიუმებიც). მოცემულ შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი-ს მიმართ თ-ის რესპუბლიკაში განაჩენი არ არის გამოტანილი და მისი ექსტრადიცია მოითხოვება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. ამდენად, ლოგიკურია, რომ ხელახალი განხილვის გარანტიის გაცემა ვერ მოხერხდება იმ პირობებში, როდესაც თავდაპირველი სასამართლო განხილვა არ არის ჩატარებული.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი