საქმე # 330100220004115063
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№643აპ-21 15 სექტემბერი, 2021 წელი
წ-ი გ, 643აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - იოსებ ხუციშვილის
მსჯავრდებულ - გ. წ-ის
მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის განაჩენით გ. წ–ი, - დაბადებული 1--- წლის 11 ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 სექტემბრისა და 2020 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
მსჯავრდებულ გ. წ–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 7 ოქტომბრიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩია, რომ:
გ. წ–ი და ი. გ-ე 2015 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 27 თებერვალს გ. წ-ი დააკავეს ი. გ-ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რისთვისაც საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. წ-მა სასჯელი მოიხადა 2019 წლის 26 თებერვალს. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ გ. წ--მა დაიწყო ი. გ-ის თვალთვალი და დევნა, კერძოდ, გ. წ–ი პირადად და ტელეფონის საშუალებით არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ი. გ-ესთან, ასევე სისტემატურად სთხოვდა შეხვედრას და აიძულებდა მასთან ურთიერთობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ამასთანავე, გ. წ–ი ავტომანქანით მიდიოდა იმ ადგილებში, სადაც ი. გ-ე იმყოფებოდა. გადაადგილებისას თან დაჰყვებოდა ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, რათა დაედგინა მისი საცხოვრებელი ადგილი და ცდილობდა ი. გ-ის ნაცნობებისაგან მისი მისამართის გაგებას. გ. წ-ის ქმედებებმა გამოიწვია ი. გ-ის ფსიქიკური ტანჯვა და შეუქმნა მის მიმართ ძალადობის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთანავე, გამოიწვია მისი ცხოვრების წესის შეცვლის რეალური საჭიროება, რის გამოც ი. გ-ემ შეიცვალა კიდეც საცხოვრებელი მისამართი.
ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის ნასამართლევმა გ. წ-მა 2020 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-ი, ფ-ს ქუჩაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ი. გ-ეს და მის მიმართ კვლავ, არაერთგზის განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, გ. წ-ი დაემუქრა ი. გ-ეს, რომ მ-ი გადააგდებდა. ი. გ-ეს გაუჩნდა რა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დახმარებისათვის მიმართა მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს და შეატყობინა აღნიშნულის შესახებ.
2020 წლის 8 სექტემბერს პატრულ-ინსპექტორმა თ. მ-მ გამოსცა N------ შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, გ. წ–ს, როგორც მოძალადეს, 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ი. გ-ე ცხოვრობს; ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გ. წ–მა არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2020 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მივიდა თ-ი, გ-ს სახელობის სანაპიროზე, სადაც ი----- გ-----ე იმყოფებოდა, ავტომობილით გაჩერდა გზის მეორე მხარეს და ი. გ-ის ყურადღების მისაქცევად აძლევდა მანქანის ხმოვან სიგნალებს, იქნევდა ხელებს. ამასთანავე, გ. წ-მა მობილური ტელეფონით დაურეკა ი. გ-ეს და მისწერა ტექსტური შეტყობინება, რაც აკრძალული ჰქონდა შემაკავებელი ორდერით. აღნიშნულის გამო ი. გ-ემ მიმართა პოლიციას.
გ. წ-მა არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული, 2020 წლის 8 სექტემბრის შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2020 წლის 3 ოქტომბერს ავტომობილით მივიდა თ–ი, გ-ს სახელობის სანაპიროზე, მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც ი. გ-ე იმყოფებოდა. აღნიშნულის შემდეგ გადმოვიდა თავისი ავტომანქანიდან, დაიწყო ხელების ქნევა და უყვიროდა მას. გ. წ–ის მოქმედებით შეშინებული ი. გ-ე იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ; პროკურორმა ნანა ჯაყელმა ითხოვა: ცვლილების შეტანა განაჩენში, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 სექტემბრისა და 3 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი სანქციის ფარგლებში, მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრა; აგრეთვე, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა მოითხოვა: სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ,“ „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 სექტემბრისა და 3 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი სანქციის ფარგლებში, მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრა; აგრეთვე, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა გ. წ–ის ბრალეულობა, თუმცა, საბოლოოდ მას აშკარად ლმობიერი სასჯელი განუსაზღვრა. მხედველობაშია მისაღები, რომ გ. წ-მა სასჯელის მოხდიდან მალევე ჩაიდინა ფაქტობრივად იგივე დანაშაული, რასაც დაემატა ი. გ-ის ადევნება და თვალთვალი. გ. წ-ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მიუთითებს ის გარემოება, რომ როგორც წინა განაჩენისას, ასევე ბოლო განაჩენით იგი ი. გ--ის მიმართ ჩადენილი დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდში გასამართლდა. დანაშაულთა სიმრავლე მიანიშნებს, რომ მსჯავრდებულზე ლმობიერი სასჯელი სათანადო გავლენას ვერ ახდენს. ბრალდების მხარე აგრეთვე არ ეთანხმება სასამართლოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებაში და მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გ. წ-ის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს უფრო მკაცრი სასჯელი, შეკრებითობის პრინციპის საფუძველზე.
6. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა სასჯელთა შეკრების პრინციპთან მიმართებით დააზუსტა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და ითხოვა გ. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის განსაზღვრული სასჯელების მთლიანად შეკრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით, დისტანციურად განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატას იმ ნაწილში, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. წ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ,,დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 სექტემბრის, 2020 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელთა შთანთქმის პრინციპით დანიშნულ საბოლოო სასჯელის ზომას კი საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან იგი აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას; შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი თანაბრად პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ ყველა მიზანს, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე - სამართლიანობის აღდგენას. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო პალატა სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევის დროს სრულყოფილად შეაფასებს როგორც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ზომასა და ქმედების განხორციელების სახეს, ისე მსჯავრდებულის პიროვნებას (მათ შორის: წარსულ ცხოვრებას, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ყოფაქცევას).
6. მოვალეობათა დარღვევის ზომის შესაფასებლად ყოველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს; მათ შორის შესაძლოა, მხედველობაში იქნეს მიღებული: რამდენჯერ და დროის რა ინტერვალით შელახა მსჯავრდებულმა კონკრეტული, სამართლებრივად დაცული სიკეთე.
7. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობა; ამასთან, აღნიშნული დანაშაულის ეპიზოდები დროის მცირე ინტერვალით არის ერთმანეთისაგან დაშორებული. კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, 2019 წლის 26 თებერვლიდან, გ. წ-მა სხვადასხვა საშუალებით ი. გ-ის თვალთვალი და დევნა დაიწყო, ხოლო 2020 წლის 8 სექტემბერს დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები არ შეასრულა ორჯერ, 2020 წლის 29 სექტემბერსა და იმავე წლის 3 ოქტომბერს.
8. აღნიშნულის პარალელურად, საკასაციო პალატა დამატებით აფასებს გ. წ---ის წარსულ ცხოვრებას, ნასამართლობას, რომლის თანახმადაც, მას ანალოგიურად, ი. გ-ის მიმართ ჩადენილი ჰქონდა არაერთი დანაშაული (ოჯახში ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა). ამ ქმედებების ჩადენისათვის წინა განაჩენით მას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც სრულად მოიხადა და როგორც უკვე აღინიშნა, 2019 წლის 26 თებერვალს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა (ტ. I, ს.ფ. 100); მიუხედავად ამისა, გ. წ-ისათვის ახალი დანაშაულის ჩასადენად დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა როგორც წარსული საპატიმრო სასჯელის კონკრეტული სახე, ზომა და ნასამართლობის ფაქტი, ისე 2020 წლის 8 სექტემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
9. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის ჩადენის შემდგომ გ. წ-ის ყოფაქცევას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია დაზარალებულ ი. გ-ის პოზიცია - გ. წ-ის სასჯელთან მიმართებით, რომელზეც 2021 წლის 15 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს სხდომაზე ისაუბრა პროკურორმაც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, დაზარალებული, როგორც გამოძიების სტადიაზე, ისე სასამართლოს არცერთ ინსტანციაში, არ არის შეზღუდული - დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია სასჯელთან მიმართებით; შესაბამისად, ი. გ-ის ხსენებულ პოზიციას საკასაციო სასამართლო სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებთან ერთად იღებს მხედველობაში. 2021 წლის 14 სექტემბრის ოქმის თანახმად, ი. გ-ე მსჯავრდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, ვინაიდან, მას სურს თავი უსაფრთხოდ იგრძნოს; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მსჯავრდებული დაზარალებულთან კვლავ ცდილობს ტელეფონით დაკავშირებას, რის გამოც, იგი იძულებული გახდა, გაეთიშა მოქმედი ტელეფონის ნომერი და აეღო ახალი; ი. გ-ის მოსაზრებით, გ. წ-ი ვერ აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს.
10. აღსანიშნავია, რომ თავად გ. წ-მა საკასაციო სასამართლო სხდომაზე არ უარყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაზარალებულთან სატელეფონო კონტაქტი, თუმცა, მიუთითა, რომ მას მხოლოდ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა და დაზარალებულისა და მისი შვილის მოკითხვა სურდა.
11. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, საკასაციო პალატა სრულყოფილად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებასაც და მხედველობაში იღებს მის ასაკს. კერძოდ, დღეის მდგომარეობით იგი არის 66 წლის; ამასთან, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული.
12. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს: შთანთქმის, ნაწილობრივი ან მთლიანად შეკრების პრინციპი; ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც პირის მიმართ გამოიყენება სასჯელთა შეკრების პრინციპი, უნდა შეფასდეს არამხოლოდ აღნიშნული პრინციპის გამოყენების მიზანშეწონილობა, არამედ მისი კონკრეტული ფორმაც, ე.ი სრულად თუ ნაწილობრივად სასჯელთა შეკრების შესაბამისობა - მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებასთან.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულთა ერთობლიობის (ადევნება, მუქარა, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების ორჯერ შეუსრულებლობა), ჩადენილ ეპიზოდებს შორის დროის მცირე ინტერვალის, წარსულში ანალოგიური ნასამართლობის, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდგომ მისი ყოფაქცევის (დაზარალებულთან კონტაქტის მცდელობა) მხედველობაში მიღებით, გ. წ-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი; ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღების მიღმა არ ტოვებს მსჯავრდებულის ასაკს, მის მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტს და მიაჩნია, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით, მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელთა სრულად შეკრების პრინციპი.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს: საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნების მიღწევას; ამასთან, იგი იქნება სამართლიანი, ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (,,სტამბოლის კონვენციას“) 45-ე მუხლის პირობათა შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. წ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს: საქართველოს სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 29 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 6 თვით (ექვსი) თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელიდან - 6 თვით (ექვსი) თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. გ. წ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 7 ოქტომბრიდან;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი