Facebook Twitter

საქმე # 200100118002651612

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№114აპ-21 ქ. თბილისი

ა–ი მ., 114აპ-21 2 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა–ს ადვოკატების - ი. ხ–ს და პ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ა–ს ადვოკატებმა - ი. ხ–მ და პ. გ–მ, რომლებიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებული მსჯელობა და მტკიცებულებების ანალიზის გარეშე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაუდო საფუძვლად მ. ა–ს დამნაშავედ ცნობას; პირი, რომელთან ერთადაც დანაშაულის ჩადენაშია მსჯავრდებული მ. ა–ი, არც პასუხისგებაშია მიცემული და არც სასამართლოში დაკითხულა, რადგან ბრალდების მხარემ იგი დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა, ხოლო დანაშაულის ამ ნიშნის დასადასტურებლად სხვა არცერთი მტკიცებულება სასამართლოში არ გამოკვლეულა; სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გულდასმით მიმოიხილა ოდოროლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც, თითქოსდა, უტყუარად ადასტურებდნენ მ. ა–ს ბრალეულობას, თუმცა საყურადღებოა, რომ მსჯავრდებული არ უარყოფს შემთხვევის ადგილიდან ნივთების წამოღებასა და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩაბარებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მან არ იცოდა, რომ ეს ნივთები მოპარული იყო.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ა–ს ბრალად დაედო ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, საცავსა და ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის მაისში მ. ა–ი და ა. ტ–ი წინასწარი შეთანმებით შევიდნენ თ......ს რაიონის სოფელ ..........ში მდებარე ა. წ–ს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ სათავსში, მარანსა და საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ა. წ–ს კუთვნილ ნივთებს, კერძოდ: მარნიდან მოიპარეს რძის ალუმინის ავზი, ელექტროსალესი, დიდი ზომის ალუმინის ქვაბი, ,,რქაწითელის“ ჯიშის ღვინით სავსე, პოლიეთილენის ორი, 20 ლიტრი ტევადობის ავზი, ხოლო საძინებელი ოთახიდან - სპილენძის თუნგი და ალუმინის პატარა ზომის ქვაბი. აღნიშნული ნივთების ღირებულებამ შეადგინა 285 ლარი, რითაც ა. წ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით.

4. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენით მ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად მ. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენი; მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მ. ა–ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. წ–ს, მოწმეების - ზ. ა–სა და ზ. ლ–ს ჩვენებებით, ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღიცხვის ჟურნალის დათვალიერების, ნივთების ამოღებისა და ამოცნობის ოქმებით, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მოწმეების - ზ. ლ–სა და ზ. ლ–ს ჩვენებებით, ფერადი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების, ნივთების ამოღებისა და ამოცნობის ოქმებით უპირობოდ არის დადგენილი, რომ ა. წ–ს სახლიდან და საცავიდან მოპარული ნივთები სწორედ მ. ა–მ გადაზიდა ქ. თ...........ში და ჩააბარა ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, რასაც არც თავად მსჯავრდებული ხდის სადავოდ; ოდოროლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დასტურდება, რომ მ. ა–სა და მისი თანამზრახველის ბიოლოგიური და ოდოროლოგიური კვალი აღმოჩენილია სწორედ იმ ადგილებში, საიდანაც ნივთების ნაწილი მოიპარეს, ხოლო დაზარალებულ ა. წ–ს ჩვენებით სარწმუნოდ დგინდება, რომ მ. ა–ს არ იცნობს და მსჯავრდებული მის სახლში არასდროს ყოფილა, რაც ეწინააღმდეგება თავად მ. ა–ს განმარტებას, რომ დაზარალებულის სახლში წარსულში არაერთხელ არის ნამყოფი; არ არის მართებული კასატორის მტკიცება, რომ, თითქოსდა, მ. ა–ს თანამზრახველი არ არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, მაშინ, როდესაც მ. ა–ს მსჯავრდება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დანაშაულის ჩადენაში მთლიანად დამოკიდებულია სწორედ მის ბრალდებაზე, ვინაიდან, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ნათლად იკვეთება, რომ მ. ა–ს სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი მისი თანამზრახველის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაგზავნილია სასამართლოში, ხოლო, მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ სასამართლო მ. ა–ს სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს კონკრეტული ბრალდების ფარგლებში, კონკრეტული ბრალდებულის მიმართ, ხოლო სხვა პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის საკითხის გამორკვევა სცდება მ. ა–სათვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებს; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა–ს მიერ სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დანაშაულის ჩადენა ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში არსებული სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რის შესახებაც სააპელაციო სასამართლომ სატანადოდ იმსჯელა და რომლებიც ქმნიან საკმარის ერთობლიობას დანაშაულის ამ მაკვალიფიცირებელი ნიშნის ცალსახად დასადასტურებლად, რისი გათვალისწინებითაც, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით კანონიერია და არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ა–ს ადვოკატების - ი. ხ–ს და პ. გ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი