Facebook Twitter

ას-406-1068-03 23 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ-ემ 1999წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ისა და ა. ყ-ის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997წ. დეკემბერში და 1998წ. იანვარში მოპასუხეებს ასესხა 7000 აშშ დოლარი, რის თაობაზეც დაიდო ხელწერილები. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა დაუბრუნეს მხოლოდ 600 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის, 6400 აშშ დოლარის, დაბრუნებაზე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ. აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელემ მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის, 6400 აშშ დოლარის, ასევე ვალდებულების შეურსლუბელობის გამო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება.

თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა: თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 დეკემბრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. საქმის წარმოება განახლდა და დავა თავიდან იქნა განხილული. 2002წ. 15 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ა. ყ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. თბილისში, ...

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს. ნ. ა-ემ დაადასტურა მის მიერ მოსარჩელისათვის სესხის, 6400 აშშ დოლარის, გადახდის ვალდებულება. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ისინი არ წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებსა და სესხის გადახდის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ ნ. ა-ეს, რომელმაც პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის ამის თაობაზე შეთანხმება არ არსებობდა, ხოლო ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდის თაობაზე მხარემ განმარტა, რომ მთაწმინდის რაიონის 1999წ. 16 მარტის გადაწყვეტილების გამო მან დროულად ვერ გადაუხადა მსესხებელს თანხა, გადაწყვეტილება კანონის დარღვევით იქნა გამოტანილი და იგი შემდეგ გაუქმდა, ამიტომ პროცენტის გადახდის პერიოდი უნდა განისაზღვროს 1999წ. 16 სექტემბრამდე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი, ნ. ა-ეს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 14302 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-ემ და ნ. ა-ემ.

ნ. კ-ემ სააპელაციო პალატაში წარმოადგინა 1988წ. 5 იანვრის ხელშეკრულება. ა. ყ-მა დაადასტურა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ტექსტი მის მიერაა შედგენილი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რის საფუძველზეც ნ. კ-ემ მოპასუხე ნ. ა-ეს 1997წ. დეკემბერში და 1998წ. იანვარში ასესხა 7000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო მსესხებლის მოთხოვნისთანავე, ასევე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ კრედიტორის მოთხოვნის მიუხედავად, თანხა სრულად არ დაბრუნებულა და მსესხებელს დაუბრუნდა მხოლოდ 600 აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატამ აღნიშნული ხელშეკრულება მიიჩნია ვალის აღიარებად, კერძოდ, ა. ყ-ი ადასტურებს მისი და ნ. ა-ის მიერ ნ. კ-ისაგან 7000 აშშ დოლარის მიღებისა და ამ თანხის 1998წ. 5 თებერვალში, ასევე ამ ვადაში თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს – თვეში 5%-ის გადახდის სოლიდარულ ვალდებულებას.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ვალდებულება და 1998წ. თებერვლისათვის არ დაუბრუნებია მოსარჩელისათვის 6400 აშშ დოლარი.

სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ნ. კ-ის მოთხოვნა, სესხთან ერთად მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული პროცენტი 4116 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარი (აღნიშნული თანხა გაანგარიშებულია ძირითადი თანხიდან – 6400 აშშ დოლარიდან 1999წ. 25 იანვრიდან 2002წ. 25 აპრილის გათვალისწინებით, ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად – 1999 წელს 11 თვე და 5 დღე X 6400-ის 2,5%-ზე – 1786, 2000 წელს 12 თვე X 6400-ის 1,7% _ 1305, 2001 წელს 12 თვე X 6400-ის 1% _ 768, 6400-ის 1% X 4 თვეზე – 256, სულ 4116 აშშ დოლარი).

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეების წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის შეთანხმება არ არსებობდა პირგასამტეხლოს თაობაზე. 1998წ. 10 ოქტომბერს ნ. ა-ისა და ასევე ა. ყ-ის მიერ 1995წ. 5 იანვარს შედგენილი ხელწერილების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1998წ. შესაბამისად, 2002წ. 1 თებერვლამდე ე.ი. 48 თვის განმავლობაში 6400 აშშ დოლარის 5% _ 320 აშშ დოლარი X 48 თვეზე 15360 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლომ სკ-ს 420-ე მუხლის თანახმად მიზანშეწონილად მიიჩნია 15 360 აშშ დოლარის შემცირება 5000 აშშ დოლარამდე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაკისრებოდა ნ. კ-ის სასარგებლოდ სესხის – 6400 აშშ დოლარის, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის – 4116 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 5000 აშშ დოლარის, სულ 15 516 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.

სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ს 341-ე, 361-ე, 464-ე, 403-ე, 419-ე, 420-ე და 625-ე მუხლები.

აღნიშნული საფუძვლებით, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილება შეიცვალა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ყ-სა და ნ. ა-ეს დაეკისრა ნ. კ-ის სასარგებლოდ 15 516 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.

ა. ყ-ის მოთხოვნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის განჩინების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

კასატორი ნ. კ-ე მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, არც ერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი სასამართლომ თავისი ინიციატივით შეამცირა.

კასატორები ა. ყ-ი და ნ. ა-ე მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სოლიდარულად თანხის დაკისრებისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში.

კასატორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივართან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ახალი მტკიცებულება, კერძოდ, 1998წ. 5 იანვრის ხელშეკრულება, რომლითაც სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მიეღო როგორც მტკიცებულება, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ის საპატიო მიზეზი, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულება არ წარადგინა რაიონულ სასამართლოში. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნულ მტკიცებულებას არ მისცა სწორი შეფასება. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, რომელიც არ არის ხელმოწერილი მათ მიერ.

კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 463-ე მუხლი სოლიდარული ვალდებულების შესახებ, ასევე არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 131-ე მუხლი ვალის აღიარების შესახებ.

კასატორს მიაჩნია, რომ ნ. ა-ეზე დასაკისრებელი თანხების პროცენტები უნდა გამოითვალოს 1999წ. 16 მარტამდე, რადგან ვადაგადაცილებულ მოვალედ არ შეიძლება ჩაითვალოს ნ. ა-ე. თავად ე. კ-ემ შეუწყო ხელი 1999წ. 16 მარტის უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს მაღალი პირგასამტეხლო.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხეების ძირითადი ვალი შეადგენს 6400 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 15360 აშშ დოლარი. საკასაციო პალატა თვლის, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებათა და მოპასუხეების ქონებრივი მდგომარეობით გათვალისწინებით მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 5000 აშშ დოლარამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ ნ. კ-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. საკასაციო პალატა, ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არცერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს ოდენობა, რადგან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სწორედ პირგასამტეხლოს და პროცენტის ნაწილში.

კასატორების, ნ. კ-ის და ა. ყ-ის, მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას არ ჰქონდა უფლება მიეღო ახალი მტკიცებულება, საკასაციო პალატა არ იზიარებს. სსკ-ს 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო მოეყვანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და აგრეთვე, თუ მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარუდგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს.

მითითებული ნორმის თანახმად, მხარეს შეუძლია, სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს ახალი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს და შეაფასოს როგორც საქმეში არსებული, აგრეთვე, ახლად წარმოდგენილი მტკიცებულებები. ახალი მტკიცებულებების მიღების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, სასამართლოს შეუძლია, არ მიიღოს ახალი მტკიცებულება იმ შემთხვევაში, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის საქმის დროულად განხილვას.

ამდენად, სააპელაციო პალატას ახალი მტკიცებულების მიღებით არ დაურღვევია კანონის მოთხოვნა. ამასთან, ახალი მტკიცებულების განხილვას ხელი არ შეუშლია საქმის დროულად განხილვისათვის.

არასწორია კასატორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 131-ე მუხლი და სკ-ს 463-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული ნორმები სასამართლოს არ გამოუყენებია. სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 464-ე მუხლი, რომლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

მოემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1998წ. 5 იანვრის ხელშეკრულების ტექსტი შედგენილია ა. ყ-ის მიერ. ხელშეკრულების მიხედვით ა. ყ-ი ადასტურებს მისი და ნ. ა-ის მიერ ნ. კ-ისაგან 7000 აშშ დოლარის მიღებისა და ამ თანხის 1998წ. 5 თებერვლისათვის გადახდას. თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის სოლიდარულ ვალდებულებას.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სოლიდარული ვალდებულების არსებობის დადგენისათვის აუცილებელი არ არის გარიგებაში სპეციალური დათქმის არსებობა და იგი შეიძლება სასამართლომ მიიჩნიოს დადგენილად მხარის ნების გამოვლენის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში 1998წ. 5 იანვრის წერილობითი ფორმით შედგენილი ხელშეკრულებით ა. ყ-ის მიერ ნება გამოვლენილია და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების პასუხისმგებლობა ნ. ა-ესთან ერთად მასაც უნდა დაეკისროს.

კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროცენტები უნდა დაერიცხოს 1999წ. 16 მარტამდე საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან დადგენილია, რომ მოპასუხეებს დღემდე არა აქვთ გადახდილი ვალი. ამასთან, კასატორები ვერ მიუთითებენ იმ სამართლებრივ საფუძველზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა აჩერებს პროცენტების დარიცხვას. სკ-ს 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს პროცენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. კ-ის, ა. ყ-ისა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.