საქმე # 120100119003274021
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №63აპ-21 ქ. თბილისი
გ–ი ბ., 63აპ-21 2 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ–სა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
- მსჯავრდებული ბ. გ–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ტ. ბ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით:
საქმეში არ მოიპოვება ორი პირდაპირი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგენდა ბ. გ–ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენას; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რა ვითარებაში და რა იარაღის გამოყენებით გარდაიცვალა ბ. მ–ი, იყო თუ არა აღნიშნული განზრახ მკვლელობა, ან რაიმე ჯგუფური დანაშაული, ან იქნებ ეს იყო აუცილებელი მოგერიება ან მის ფარგლებს გადაცილება. სასამართლოს ბ. გ–ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად არ უნდა გამოყენებინა გამოძიებაში ბ. გ–ს ბრალის აღიარებით გამოცხადებისა და მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია, ისევე - როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში ბ. გ–მ არ აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა და ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო დაცვის მხარემ უარი განაცხადა ბრალდებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციისა და მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გამოქვეყნებაზე; რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევით, რის გამოც ისინი დაუშვებელი მტკიცებულებებია; ბ. მ–ის საცხოვრებელ სახლში და ბ. გ–ს ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის კვლები არ ადასტურებს ბ. გ–ს ბრალეულობას; მოწმეების - მ. ბ–ისა და ქ. მ–ის ჩვენებები ირიბია და ამასთან, ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რის გამოც საფუძვლად ასევე არ უნდა დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს; საქმეში არ მოიპოვება დანა, რომლის გამოყენებითაც ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა დაზიანებები მიაყენა დაზარალებულს; არცერთი მოწმე არ ამბობს, რომ ბ. მ–სა და ბ. გ–ს ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ.
- სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მამუკა ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ბ. გ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, შემდეგი საფუძვლებით: მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ძალიან ლმობიერი, რის გამოც მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელია. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დაზარალებულის პოზიცია, მსჯავრდებულის პიროვნება, დანაშაულის ჩადენის ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განაჩენით ბ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
გაუქმდა ბ. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა.
მსჯავრდებულ ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 ივლისიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, დაბა ..........ში, ............ის ქუჩა N..-ში მდებარე ბ. მ–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ბ. გ–მ შელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ბ. მ–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- მსჯავრდებულმა ბ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ბ. გ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა. მსჯავრდებულ ბ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების - მ. ბ–ის, ქ. მ–ის ჩვენებები და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები: 2019 წლის 15 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმი, 2019 წლის 15 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 16 ივლისის ბრალდებულის დაკავების ოქმი, 2019 წლის 16 ივლისის ამოღების ოქმი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის ექსპერტის N........... დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 სექტემბრის ექსპერტის N........ დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 ოქტომბრის ექსპერტის N.......... დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 ოქტომბრის ექსპერტის N........... დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის ექსპერტის N.......... დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ოქტომბრის ექსპერტის N............ დასკვნა, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანსაცმელი, ბ. მ–ის ტანსაცმელი, მოწმეების: თ. ს–ს, ნ. მ–ს, დ. ფ–ს, გ. ბ–ს, ვ. მ–ს ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც საკასაციო საჩივარში აპელირებს დაცვის მხარე და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. ასევე უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მსჯავრდებულ ბ. გ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს შეფარდებული აქვს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), რომლის დამძიმებაც საკასაციო სასამართლოს მიზაშეწონილად არ მიაჩნია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. გ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ–სა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი