Facebook Twitter

საქმე # 120100120003685563

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№248აპ-21 ქ. თბილისი

ვ–ი კ., 248აპ-21 22 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ვ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მტკიცებით, კ. ვ–ს მსჯავრდება დაფუძნებულია დაზარალებულ მ. ვ–სა და მოწმეების - თ. და მ. ლ–ების ჩვენებებზე, რომლებსაც სურდათ კ. ვ–ს თავიდან მოშორება და ვინაიდან მსჯავრდებული თავისი ნებით არ მიდიოდა სახლიდან, გადაწყვიტეს სამართალდამცავების დახმარებით მისი თავიდან მოშორება, რისი გათვალისწინებითაც, ისინი საქმის შედეგით დაინტერესებული პირები არიან და მათი ჩვენებები არაგულწრფელი და მიკერძოებულია; დაზარალებულ მ. ვ–ს ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება მოწმეების - ლ. ს–ისა და თ. კ–ის ჩვენებებს; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან ექსპერტი გასცდა თავის უფლებამოსილებას და სამართლებრივად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გამამტყუნებელი განაჩენი დამყარებულია ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებიც ცალ-ცალკე და ერთობლივად შეფასებისას, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის დადგენილ მაღალ სტანდარტს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. ვ–ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგია:

- 2020 წლის იანვრის შუა რიცხვებში, ქ. ა...........ში, ............ის ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებმა, არაფხიზელმა კ. ვ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შვილს - მ. ვ–ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ სახის არეში ხელის ერთი დარტყმით - ფიზიკური შეურაცხყოფა. კ. ვ–ს ქმედებით მ. ვ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

- 2020 წლის იანვრის შუა რიცხვებში, ქ. ა..........ში, ...........ის ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები, არაფხიზელი კ. ვ–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - მ. ვ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 23 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ა........ში, ............ის ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები, არაფხიზელი კ. ვ–ი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხის სკამის დარტყმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - მ. ვ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენით კ. ვ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; კ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ კ. ვ–ს მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და კ. ვ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულმა კ. ვ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. ვ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება. კ. ვ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ბრალდებაში გამართლდა; კ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის თებერვლის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, კ. ვ–ს მიესაჯა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა რაც აეთვალა 2020 წლის 23 თებერვლიდან.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია კ. ვ–ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ვ–ს, მოწმეების - მ. ლ–ის, თ. ლ–ის, ლ. ს–ისა და თ. კ–ის ჩვენებებით, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივარშიც; საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას დაზარალებულ მ. ვ–სა და მოწმეების - მ. ლ–ს და თ. ლ–ს მიკერძოებასა და მათი ჩვენებების არასანდოობაზე და მიიჩნევს, რომ დაზარალებულისა და მოწმეების მონათხრობი აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან: მოწმეების - ლ. ს–ისა და თ. კ–ს ჩვენებებთან, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან. მცირედი განსხვავებები, რაც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას და ერთობლივად შეფასებისას აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს; რაც შეეხება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, მ. ვ–მ მამის - კ. ვ–ს ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ დასდებია საფუძვლად კ. ვ–ს მსჯავრდებას, ვინაიდან ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ბრალდებაში იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ვ–ს მსჯავრდება კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი და არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ვ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი