Facebook Twitter

საქმე # 140100118002750414

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №968აპ-19 ქ. თბილისი

კ–ე დ., 968აპ-19 15 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, დ. კ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდებების ყველა ეპიზოდში, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: განაჩენი გამამართლებელ ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან დ. კ–ს ბრალეულობა ამ ნაწილშიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რადგან დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა დ. კ–ს წინააღმდეგ.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. კ–ს ბრალად ედება: ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი); ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი); ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დ. კ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 2 სექტემბერს, ღამით, დ. კ–მ ჩაამტვრია გ....ს რაიონის სოფელ ..........ში მდებარე ე. ა–ს სააგარაკე სახლის ფანჯრის მინა და მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა შიგნით, რითაც დაარღვია ე. ა–ს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა;

- 2018 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, რ......ში, ............ის ქუჩა №..-ში მდებარე თ. ჯ–ის საცხოვრებელ სახლში მთვრალმა დ. კ–მ დედას - ე. ლ–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და ტანზე, რის შედეგადაც ე. ლ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, დ. კ–მ თ. ჯ–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც თ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება;

- 2018 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 1 საათზე, კვლავ თ. ჯ–ს საცხოვრებელ სახლში მთვრალმა დ. კ–მ დედას - ე. ლ–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და ტანზე, რის შედეგადაც ე. ლ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, დ. კ–ე თ. ჯ–ს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენით დ. კ–ე , - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

დ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით; სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დ. კ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით.

მსჯავრდებულ დ. კ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 6 ნოემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დ. კ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებების ყველა ეპიზოდში, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ დ. კ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 ნოემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2018 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებში დაზარალებულმა ე. ლ–მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის, შვილის - დ. კ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულ ე. ლ–ს სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნება, ხოლო ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილზე მიანიშნებს, მხოლოდ დაზარალებულ თ. ჯ–ს ვარაუდია, რომელიც განმარტავს, რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად ე. ლ–ს „ეტკინებოდა“. ყველა სხვა მოწმის ჩვენება ირიბია, თ. ჯ–ს ვარაუდი კი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. ბრალდების მხარეს პირდაპირი მტკიცებულებები ასევე არ აქვს წარმოდგენილი დაზარალებულ თ. ჯ–ს მიმართ მუქარის ეპიზოდში, კერძოდ: თ. ჯ–მ თვითონვე უარყო დ. კ–ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, მათ შორის - დ. კ–ს მიერ დანის დემონსტრირება, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც ამ ფაქტს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი