Facebook Twitter

ას-410-697-04 13 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სახლთმფლობელობის მთლიანად მიკუთვნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონის სასამართლოს 2000წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. მ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ... მდებარე სახლთმფლობელობის მთლიანად მიკუთვნების თაობაზე.

მითითებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 30 მაისის, ხოლო შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 30 აგვისტოს განჩინებით.

2003წ. 8 სექტემბერს ა. მ-ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოებით განახლება იმ საფუძვლით, რომ 1998წ. 1 ივნისს ჩიბათის საკრებულოს მდივნის მიერ დამოწმებული ანდერძი ნამდვილი იყო, მას არ სჭირდებოდა თავმჯდომარის თანხმობა და ამის თაობაზე პროკურატურის 2003წ. 12 ივნისის დადგენილებით აღიარებულია ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილების მიღებას.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ოქტომბრის განჩინებით ა.მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჩიბათის საკრებულოს მდივანს სანოტარო მოქმედების შესრულების უფლება გააჩნდა და ამიტომ 1993წ. 1 ივნისს გაცემული ანდერძი ნამდვილი იყო, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დროებითი დებულების 22-ე და მე-11 პუნქტების შესაბამისად, სანოტარო მოქმედების უფლება არ ჰქონდა მდივანს, ამ დებულების მიხედვით, მისი განხორციელების უფლება გააჩნდა გამგეობას, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ იყო, ამიტომ მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ ვინ იყო საკრებულოს თავმჯდომარე ამ ანდერძის დამოწმების დროს ვინ ესწრებოდა მის დამოწმებას ან ვინ მისცა არასწორი ჩვენება მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ, ვინაიდან ანდერძი დამოწმებული იყო არასათანადო პირის მიერ, მას ნაკლები იურიდიული ძალა ჰქონდა 1985 წელს შედგენილ, ნოტარიულად დამოწმებულ ანდერძთან შედარებით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 3 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა.მ-ის სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ.ბ-მა 1985 წელს და 1993 წელს გასცა ორი ანდერძი. პირველი დამოწმებულია ნოტარიუსის, ხოლო მეორე კი _ საკრებულოს მდივნის მიერ.

ქობულეთის რაიონის სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას რ.კ-ემ სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ იგი არ ესწრებოდა საკრებულოს მდივნის მიერ ანდერძის დამოწმებას და მდივანს არ ჰქონდა უფლება, დაემოწმებინა ანდერძი. 2003 წელს დანჩხუთის რაიონულ პროკურატურაში რ.კ-ემ განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო საკრებულოს მდივნის მიერ ანდერძის დამტკიცების ფაქტი.

პროკურატურაში ჩატარებული მოკვლევით მართალია, დადგინდა, რომ 1993წ. 1 ივნისს, როცა დამტკიცდა ანდერძი, კ-ე საკრებულოს გამგებლად არ მუშაობდა, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ეს გარემოება ვერ დაედებოდა საფუძვლად საქმის განახლებას, ვინაიდან გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა რ. კ-ის ჩვენებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დროებითი დებულების 22-ე მუხლის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების განხორციელების უფლება გააჩნდა გამგეობას და არა საკრებულოს მდივანს და ანდერძზე აღნიშნული არ იყო, რომ მის დამოწმებას ესწრებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირი.

2004წ. 31 მარტს ა. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებით განახლება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ კუკულაძის მიერ ცრუ ჩვენების მიცემამ გავლენა მოახდინა გადაწყვეტილების მიღებაზე. იგი ამ დროს, როცა ანდერძი დამტკიცდა, არ იყო გამგებელი, მან კი განმარტა, რომ იგი იყო გამგებელი და უნდა დასწრებოდა ანდერძის დამოწმებას. ამ პერიოდისათვის გამგებელი იყო ჩ-ე, რომელსაც საკრებულოს მდივნისათვის მიცემული ჰქონდა ანდერძის დამოწმების უფლება. მისი მოსაზრებით, უმაღლეს სასამართლოს დროებითი დებულების 22-ე მუხლის ნაცვლად უნდა გამოყენებინა 23-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სანოტარო მოქმედების შესრულებას უზრუნველყოფს გამგეობის თავმჯდომარე ანუ გამგეობის თავმჯდომარის განკარგულება საკრებულოს მდივნის მიმართ სანოტარო მოქმედებების დამოწმების თაობაზე უნდა დარეგისტრირდეს იუსტიციის რეგიონალურ ორგანოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაიონის სასამართლოს 2000წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის მიერ 1985 წელს გაცემულ ანდერძს მიეცა უპირატესობა მის მიერვე 1993 წელს გაცემულ ანდერძთან შედარებით, ვინაიდან პირველი დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ, ხოლო მეორე _ ჩიბათის საკრებულოს მდივნის მიერ, რომელსაც კანონის შესაბამისად მისი დამოწმების უფლება არ გააჩნდა.

კასატორს ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიაჩნია ლანჩხუთის რაიონის პროკურატურის გამომძიებლის მიერ 2003წ. 12 ივლისს გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რ.კ-ის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ამ დადგენილების შესაბამისად, გამოძიებას დადგენილად მიაჩნია, რომ რ.კ-ემ 2000 წელს მისცა ცრუ ჩვენება, როცა სამოქალაქო დავის განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ იგი 1993წ. 1 ივნისისათვის ასრულებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, სინამდვილეში კი ამ დროისათვის არ ასრულებდა გამგებლის მოვალეობას და არც უფლება ჰქონდა, დაემოწმებინა სანოტარო მოქმედება ან დასწრებოდა სანოტარო მოქმედების დამოწმებას.

ამ დადგენილებით სხვა რამ დადგენილი არ არის. მასში გადმოცემულია მხოლოდ გამომძიებლის მიერ გამოკითხულ პირთა განმარტებებისა და თანამდებობის პირთა მიერ გაცემული ცნობების შინაარსი. გამოძიებას ამ მტკიცებულებათა შესაბამისად, თავისი დასკვნა არ გაუკეთებია იმის თაობაზე, საკრებულოს მდივანს შეეძლო თუ არა და რის საფუძველზე _ სანოტარო მოქმედების შესრულება.

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი შეიძლება იყოს სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას და გაუქმდა.

ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი შეიძლება იყოს გამოძიების დადგენილება, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილებით უარყოფილი იქნებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებას.

მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საკრებულოს მდივანს უფლება არ ჰქონდა, შეესრულებინა სანოტარო მოქმედება. განმცხადებლის მიერ მითითებული პროკურატურის გამომძიებლის მიერ 2003წ. 12 ივლისს მიღებული დადგენილებით კი დადგენილადაა მიჩნეული კუკულაძის მიერ არასწორი ჩვენების მიცემა იმის შესახებ, რომ იგი 1993წ. 1 ივნისს ასრულებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას. ასეთ ვითარებაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის შესახებ საფუძვლად ვერ დაედება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან ეს დადგენილება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის იმ გარემოებას, რომელიც იწვევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უმაღლესმა სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ა. მარგალიტაძის სააპელაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 3 თებერვლის განჩინება.