Facebook Twitter

საქმე # 110100118002742249

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№244აპ-21 ქ. თბილისი

ს–ე რ., 244აპ-21 22 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ–მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაუქმდეს და რ. ს–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს; კასატორის მტკიცებით, გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი, უარგუმენტო და უკანონოა; ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა რ. ს–ს მიერ მ. ს–ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ დანაშაულის შემადგენლობის მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად განხორციელებას; სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რ. ს–ეს მ. ს–ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, არამედ - მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, იცავდა თავის სიცოცხლეს მ. ს–ს მართლსაწინააღმდეგო თავდასხმისაგან; საქმეზე დაკითხული ძირითადი მოწმე - ნ. ხ–ა არის სუბიექტური, მიკერძოებული და არსებობს მის სანდოობაში ეჭვის შეტანის რეალური საფუძველი, რადგან მისი ჩვენება არის არასრული, არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი; სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სახლის პირველ სართულზე, ბეტონის ზედაპირზე, მეორე სართულის აივანზე ასასვლელ კიბეზე, აივანზე საწოლის წინ და საწოლის გადასაფარებელზე, იატაკის საწმენდი ჯოხის ტარსა და დანაზე აღმოჩენილია სწორედ რ. ს–ს სისხლი, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულ, რ. ს–ს თავზე არსებულ დაზიანებებთან ერთობლივად, ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მ. ს–მ თავდასხმისას მრავლობითი დაზიანება მიაყენა რ. ს–ეს; საქმის მასალებით დადგენილია, რომ მამა-შვილს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ რ. ს–მ თავი აარიდა მის გაგრძელებას, ავიდა მეორე სართულზე და დაიძინა, ხოლო დანა თავის დაცვის მიზნით მხოლოდ მას შემდეგ მოიქნია გაურკვეველი მიმართულებით, რაც იატაკის საწმენდი ჯოხი მოხვდა თავში.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით რ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2018 წლის 12 სექტემბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ს–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, რ. ს–ე და მისი შვილი - მ. ს–ე იმყოფებოდნენ ............ის რაიონის სოფელ .....ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში და იყვნენ ნასვამები. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე რ. ს–სა და მ. ს–ეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რა დროსაც რ. ს–ე ავიდა სახლის მეორე სართულის აივანზე და დაწვა საწოლზე. რამდენიმე ხანში მასთან ავიდა ნასვამი მ. ს–ე, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა დაბლა ჩასვლასა და მასთან დალაპარაკებას. აივანზე ყოფნის დროს რ. ს–ემ ბალიშის ქვემოდან გამოიღო მის მიერვე შენახული დანა, რომელიც მ. ს–ეს განზრახ მოკვლის მიზნით ჩაარტყა ჯერ გულმკერდის არეში და ისე, რომ დაზარალებულის სხეულში ჩარჭობილი დანა არ ამოუღია, განაგრძობდა ზემოქმედებას, ხოლო შემდეგ - მარცხენა მხრის არეში, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები: გულმკერდის წინა კედელზე, მარცხენა ნახევარში, გულმკერდის ღრუში შემავალი და მარცხენა მხრის არეში - ნაკვეთი ჭრილობები. მ. ს–ე დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ს–ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მა, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლასა და რ. ს–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა რ. ს–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ. ხ–ას, ნოდარ კვანტრიშვილის, ფ. ა–ის, გ. ა–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარშიც აპელირებდა მოწმე ნ. ხ–ას ჩვენების არასანდოობაზე, რასაც ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მოწმე ნ. ხ–ას ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რადგან არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან - სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) და ტრასოლოგური ექსპერტიზის დასკვნებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და მოწმეების - ნ. კ–სა და გ. ა–ს ჩვენებებთან. ამასთან, ყურადსაღებია, რომ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას არ დადგენილა და ვერც დაცვის მხარე უთითებს საკასაციო საჩივარში რაიმე დამაჯერებელ მოტივს, რაც მოწმის მიკერძოებაზე მიუთითებდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებული მოწმის მეუღლეა - ვერაფრით გახდება მის ჩვენებაში იმთავითვე დაეჭვების უპირობო საფუძველი.

10. მხარეებს შორის დავის საგნად ქცეულ საკითხთან - რ. ს–ს ქმედებაში გამოკვეთილია თუ არა განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობა, თუ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში - საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მ. ს–ეს დანით დაზიანებები მიაყენა რ. ს–მ, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებით, რ. ს–ე მოქმედებდა შვილის მოკვლის განზრახვით, ხოლო დაცვის მხარის ვერსიით - მძინარე მსჯავრდებულს სწორედ მ. ს–ე დაესხა თავს, მიაყენა დაზიანებები იატაკის საწმენდი ჯოხით, ხოლო რ. ს–ე იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და უმისამართოდ იქნევდა დანას.

11. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ დანაშაულის კონსტრუქცია მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს - ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს - პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს თუ არა შესაბამისი შემადგენლობის ნიშნებს. თუკი დადგინდება შემადგენლობის არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის - აუცილებელი მოგერიების ვითარება და შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №424აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია მსჯავრდებულის ურყევი ნება, როდესაც გულმკერდის არეში ჭრილობის მიყენების შემდეგ, მიზანმიმართულად განაგრძობდა დაზარალებულის სხეულში ჩარჭობილი დანით არაერთგზის ზემოქმედებას, ხოლო დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა (ჭრილობები - გულმკერდისა და მარცხენა მხრის არეში), მიმართულება (ზემოდან ქვემოთ), ხარისხი (დაზიანება გულმკერდის არეში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ხოლო მარცხენა მხრის არეში - სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით), მათი ლოკალიზაცია (სიცოცხლისათვის სახიფათო გულმკერდის არე) და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღი (სანადირო დანა) გამორიცხავს მ. ს–სათვის დაზიანებების გაუფრთხილებლობით მიყენების შესაძლებლობას და პირდაპირ მიუთითებს სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსპობის შემადგენლობის არსებობაზე.

12. ამის შემდეგ გადასაწყვეტია მთავარი საკითხი: არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელ მოგერიებად სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვაგვარად რომ ითქვას, რ. ს–ს ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხი იწვევს თუ არა ისეთ გონივრულ ეჭვს, რაც შეიძლება მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი გახდეს, როგორც ეს საკასაციო საჩივრის საკვანძო არგუმენტად არის მიჩნეული.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. საკასაციო სასამართლო განმარტავს: აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება სამი ელემენტისაგან - უკიდურესი მდგომარეობა; უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. აუცილებელი მოგერიების მართლზომიერებისათვის სავალდებულოა, გამოკვეთილი იყოს შემდეგი ობიექტური და სუბიექტური ნიშნები: ხელყოფა უნდა იყოს - ა) მართლსაწინააღმდეგო; ბ) იმწუთიერი; გ) რეალური; დ) რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და ე) მისი მოგერიება სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით უნდა იყო განხორციელებული.

14. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №593აპ-15 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).

15. ამდენად, ერთი მხრივ, დაზარალებულ მ. ს–სათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობის (ჭრილობები - გულმკერდისა და მარცხენა მხრის არეში), მიმართულების (ზემოდან ქვემოთ), ხარისხის (დაზიანება გულმკერდის არეში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ხოლო მარცხენა მხრის არეში - სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით), მათი ლოკალიზაციის (სიცოცხლისათვის სახიფათო, გულმკერდის არე) და დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღის (სანადირო დანა), ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ რ. ს–სათვის მიყენებული დაზიანებების (სკალპის ღია ჭრილობა და თავის ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები შუბლისა და თხემის არეებში) თანაფარდობის გათვალისწინებითა და იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურებულია, რომ მ. ს–ეს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: გულმკერდის მარცხენა, წინა კედელზე, ძუძუს დვრილის ზემოთ და მედიალურად, დაახლოებით 3-4 სმ-ში, ნაკვეთკიდეებიანი ჭრილობა, ირიბი მიმართულების, ზომით - 4-1,5 სმ-ზე, საიდანაც, პერიოდულად, ინტენსიურად, გამოიყოფოდა მუქი სისხლი. ჭრილობის არხი მიემართებოდა ზემოდან ქვემოთ, გარედან შიგნით, პარასტერნალურად კვეთდა მე-5-6 ნეკნების ხრტილოვან ნაწილებს, რეტროსტერნალურად აზიანებდა პერიკადს, გულის მარცხენა შიგნითა არტერიას; გულის მარჯვენა პარკუჭზე - გამჭოლი ჭრილობა, პირველ პარკუჭში შემავალი, 1,8 სმ სიგრძის, გულის მარჯვენა კიდის პერპენდიკულარულად და მეორე პარკუჭიდან გამავალი გულის დიაფრაგმულ ზედაპირზე იმავე ზომის; ორივე ჭრილობა იყო ერთ ხაზზე. მათ შორის დარჩენილი იყო გულის მარჯვენა კიდის მცირე, 0,5 სმ ზომის უბანი; გულის დიაფრაგმული ზედაპირის მიმდებარედ - პერიკარდის ჭრილობა, ირიბი მიმართულების, რომლის ქვეშ დაზიანებული იყო დიაფრაგმა - 2 სმ სიგრძეზე, შემავალი მუცლის ღრუში; დიაფრაგმის ჭრილობის შესაბამისად, დაზიანებული იყო პერიტონიუმი და მის პროექციაზე ღვიძლის მარცხენა წილზე, დიაფრაგმის ზედაპირზე - ნაკვეთი, სისხლმდენი, გამჭოლი, 1,5 სმ სიგრძის ჭრილობა; ღვიძლზე, მოპირდაპირე მხარეს - 0,5 სმ ზომის ჭრილობა; ღვიძლის ქვედა კიდის ჭრილობის მოპირდაპირედ - კუჭზე სერომუსკულარული ჭრილობა, ზომით - 0,5-1,0 სმ, კუჭის სიმრუდესთან ახლოს; მარცხენა მხრის ზედა მესამედის არეში - ნაკვეთი ჭრილობა ირიბად, ზომით - 3-1,5 სმ. ჭრილობის არხი მიემართებოდა ზემოდან ქვემოთ, აზიანებდა დელტისებურ და სამთავა კუნთს, სიგრძით 7-8 სმ, ხოლო მოწმე ნ. ხ–ას ჩვენებით სარწმუნოდ არის დადგენილი, რომ მ. ს–მ მხოლოდ მას შემდეგ მიაყენა დაზიანებები რ. ს–ეს იატაკის საწმენდი ჯოხით, რაც მსჯავრდებული დაესხა თავს დანით, რაც უპირობოდ გამორიცხავს მსჯავრდებულის მტკიცებას თავდაცვის მიზნით დანის უმისამართოდ ქნევის თაობაზე და მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს აცლის კასატორის მტკიცებას რ. ს–ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ს–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით კანონიერია და არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი