ას-414-700-04 9 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: კუთვნილი ქონების გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
......... ფონდმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1990 წელს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა მცხეთის რაიონის სოფ. ........-ში საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა. 1993 წელს ფონდმა მ. წ-თან გააფორმა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის „გამოსყიდვის უფლებით გადაცემის“ ხელშეკრულება. წ-ი ვალდებული იყო, 40 წლის განმავლობაში ფონდისთვის გადაეხადა ყოველთვიურად 2000 მანეთი. ვინაიდან წ-მა არ შეასრულა პირობები, ფონდმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მისი გამოსახლების შესახებ. 2002წ. 7 აგვისტოს საქმეზე წარმოება შეწყვეტილ იქნა მხარეთა მორიგების გამო. მორიგების პირობების მიხედვით, დადგინდა მ. წ-ის ბინიდან გამოსახლება და მისი დაკმაყოფილება საცხოვრებელ სახლთან მდებარე დამხმარე ნაგებობის ხარჯზე. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ დამხმარე ნაგებობაში 1993 წლიდან ფონდის ნებართვის გარეშე ოჯახთან ერთად ცხოვრობს რ. თ-ი.
სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელემ მოითხოვა რ. თ-ის გამოსახლება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სადავო ნაგებობა ფონდის სახელზე არ ირიცხება, ხოლო თვითონ იქ შესახლდა საზოგადოების წარმომადგენლის მიერ, როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო მიუთითებდა, რომ მცხეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, ტექაღრიცხვის ბიუროსა და ლისის საკრებულოს ცნობის მიხედვით, სადავო ნივთი მოსარჩელის სახელზე არ ირიცხება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატა მიუთითებს, რომ სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების მიმართ ახალ წესებს ითვალისწინებს, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნას ახალი სკ-ის ნორმები. უძრავი ნივთების მიმართ სამოქალაქო კოდექსი ახალ წესებს ითვალისწინებს, როგორიცაა ნივთზე საკუთრების უფლების შეძენის წესი და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აპელანტი მხარე წარმოადგენს სადავო ნივთის მესაკუთრეს, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. სკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში შეიტანება უძრავი ნივთებზე საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებები. ასეთი სახის მტკიცებულებები კი სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. იგი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორის მითითებით, 1990 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ხელმოწერის დღესვე რეგისტრირებულ იქნა ლისის სასოფლო საბჭოში. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის თანახამად, თუ ნივთის გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრაციას მოითხოვს, საკუთრების უფლება წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან.
ფონდის ქონება რეგისტრირებულია ასევე მცხეთის ტექაღრიცხვის ბიუროში.
კასატორი მოითხოვს, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხე გამოსახლდეს დაკავებული ფართიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმე ხელახალა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტიელება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
იურიდიულად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აპელანტი მხარე წარმოადგენს სადავო ნივთის მესაკუთრეს, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. სკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები. ასეთი სახის მტკიცებულებები კი სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სკ-ის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები უნდა განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. სკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, სოფ. .....-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული წერილობით და რეგისტრირებულ უნდა იქნეს სახალხო დეპუტატების სასოფლო საბჭოში.
ამ ნორმით დადგენილი პირობების დაცვა საკმარისი იყო, რათა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების პერიოდში სოფლად საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილად ჩათვლილიყო.
ცხადია, რომ 1990 წელს განხორციელებული საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში ვერ აღირიცხებოდა საჯარო რეესტრის არარსებობის გამო.
კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული სკ-ის ამოქმედებამდე დადებული ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხელშეკრულების მხარეთათვის სავალდებულო წესი.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ხელშეკრულების ფორმაზე მსჯელობისას უნდა გაერკვია, სადავო საცხოვრებელი სახლის შესყიდვისას მახარეთა მიერ იყო თუ არა დაცული სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დადგენილი წესები. თუ აღნიშნული წესები იყო დაცული, საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ფორმა დაცულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 27 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.