Facebook Twitter

საქმე # 160100119003107159

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №211აპ-21 ქ. თბილისი

ჩ–ა ს., 211აპ-21 22 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას ბ. წ–ს გამართლების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 25, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ს. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განაჩენი გამამართლებელ ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ გამომდინარეობს საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან; მოწმეების - ო. ა–სა და გ. პ–ს ჩვენებებით, დაზარალებულ ა. ი. კ–ს ჩვენებით, ბ. წ–ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ს. ჩ–მ და ბ. წ–მ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

ს. ჩ–ს ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

ბ. წ–ს ბრალად დაედო ქურდობაში დახმარება, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

ს. ჩ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისს განაჩენით ს. ჩ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის განაჩენით - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ს. ჩ–მ 2019 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ. ........ის საკოლმეურნეო ბაზარში, წინასწარი შეთანხმებით, ბ. წ–თან ერთად, ა. ი. კ–ს მოჰპარა საფულე, კერძოდ: ს. ჩ–მ ა. ი. კ–ს, ხელთ ნაქონი ჩანთიდან ამოაცალა საფულე, რომელშიც ედო 75 ლარი. მოპარული საფულე ს. ჩ–მ გადამალვის მიზნით, გადასცა ბ. წ–ს.

ბ. წ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განაჩენით ბ. წ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა ს. ჩ–მ 2019 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე ქ. .......ის საკოლმეურნეო ბაზარში, წინასწარი შეთანხმებით, ბ. წ–თან ერთად, ა. ი. კ–ს მოჰპარა საფულე, კერძოდ: ს. ჩ–მ ა. ი. კ–ს, მის ხელთ არსებული ჩანთიდან ამოაცალა საფულე, რომელშიც ედო 75 ლარი. მოპარული საფულე ს. ჩ–მ გადამალვის მიზნით, გადასცა ბ. წ–ს.

3. ბოლნისის რაიონული სასამართოს 2020 წლის 1 აპრილის განაჩენით ბ. წ–ი, - დაბადებული 1974 წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ბ. წ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას მაშო წიკლაურის კუთვნილ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით: .................

ბ. წ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ს. ჩ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

ს. ჩ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობითად ჩათვლილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვითა და 28 (ოცდარვა) დღით) და საბოლოოდ ს. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

ს. ჩ–ს დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 ივლისიდან.

გაუქმდა ს. ჩ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება ბ. წ–ს გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ს. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამამართლებელ ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა, რომ ბ. წ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 25, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ს. ჩ–მ - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას ს. ჩ–ს მიერ, ბ. წ–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ქურდობის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების არასაკმარისობის თაობაზე, კერძოდ: მართალია, ბ. წ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს დაზარალებულის კუთვნილი საფულე, მაგრამ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ ბ. წ–მ იცოდა, რომ ს. ჩ–მ მას გადასცა მოპარული საფულე. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლის, მოწმე ო. ა–ს განმარტებას (რომელმაც დაინახა, თუ როგორ ამოაცალა ს. ჩ–მ დაზარალებულს ჩანთიდან საფულე), რომ ს. ჩ–ა და ბ. წ–ი მოქმედებდნენ შეთანხმებულად, აღნიშნულზე მოწმე უთითებს ძალზე ზოგადად და ვერ აკონკრეტებს, თუ სახელდობრ, რა ქმედებებში გამოიხატა მათი ერთობლივი მოქმედება. ამდენად, არ არსებობს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი