Facebook Twitter

ას-416-699-04 28 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 31 ივლისს ლ. და ც. ბ-ეებმა გარდაბნის რაიონის სოფ. სართიჭალის საკრებულოს, ც. და შ. ბ-ეების წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს გარდაბნის რაიონის სოფ. სართიჭალის საკრებულოს გამგეობის 1997წ. 31 იანვრის დადგენილების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ შ. ბ-ე არის ლ. ბ-ის და, ხოლო ც. ბ-ისა და ც. ბ-ის _ მამიდა.

მის მომიჯნავედ მცხოვრებმა შ. ბ-ემ 1993 წელს მოითხოვა მის კომლთან შეერთება იმ საფუძვლით, რომ იყო ინვალიდი და საჭიროებდა მზრუნველობას. მოთხოვნა დაკმაყოფილდა სართიჭალის საკრებულოს გამგეობის 1993წ. 17 ოქტომბრის ¹50 გადაწყვეტილებით.

1994წ. 19 იანვარს დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის განცხადება შეერთებული კომლის უფროსად ც. ბ-ის ცნობის შესახებ.

სოფ. სართიჭალის საკრებულოს გამგეობის 1997წ. 31 იანვრის ¹6 დადგენილების საფუძველზე აღდგა შ. ბ-ის გაუქმებული კომლი. მოსარჩელეთა მოსაზრებით, მითითებული დადგენილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, მაგრამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საკრებულოს გამგეობის მიერ მიღებული ¹6 დადგენილება სამართლიანად მიაჩნია.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დავა გადაწყვიტა ადამიანისტრაციული სამართალწარმოების წესით.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა. მათ მოითხოვეს არა მარტო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელით მოთხოვილი სოფლის საკრებულოს 1997წ. 31 იანვრის ¹6 დადგენილების გაუქმება, არამედ 2001წ. 6 თებერვლის სანოტარო მოქმედების აქტის გაუქმებაც.

სააპელაციო საჩივარი 2002წ. 27 ნოემბერს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ და ახალი გადაწყვეტილებით კვლავ არ დაკმაყოფილდა სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 12 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. და ც. ბ-ეების საკასაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ კომლის დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო განცხადების შეტანისთანავე, რაც დასტურდებოდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებით და კომლის დაშლის თაობაზე საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით, რომელიც ეყრდნობოდა ც. ბ-ის განცხადებას და დაშლის თაობაზე დეპუტატების _ გ-ისა და ჯ-ის დასკვნას.

აქედან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი შეტანილი იყო 2001წ. 31 ივლისს, ხოლო სარჩელის შეტანის საფუძველი წარმოიშვა 1997წ. 31 იანვარს და გასული იყო სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი 3 წლიანი ვადა, სააპელაციო სასამართლომ, სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტთა მოთხოვნა სანოტარო მოქმედების გაუქმების შესახებ არ განიხილა იმ საფუძვლით, რომ ეს მოთხოვნა მოსარჩელეებს არ ჰქონდათ დაყენებული სარჩელში, სააპელაციო სასამართლოში კი დავის საგნის გაზრდის საფუძველი არ არსებობდა.

2004წ. 13 აპრილს ლ. და ც. ბ-ეებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

მათი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებები. მართალია, ც. ბ-ემ იცოდა ც. ბ-ის მიერ კომლის დაშლის თაობაზე სოფლის საკრებულოში განცხადების შეტანის შესახებ, მაგრამ მათთვის ცნობილი არ იყო სოფ. სართიჭალის საკრებულოს 1997წ. 31 იანვრის დადგენილების არსებობა და ეს მათთვის ცნობილი გახდა მაშინ, როცა გასხვისდა სადავო ქონება.

საქმეში არსებული მასალები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ლ. ბ-ემ საერთოდ იცოდა განცხადებისა და სასოფლო საბჭოს ზემოთ მითითებული დადგენილების არსებობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო ც. ბ-ის მიერ 1996 წელს სოფლის საკრებულოში კომლის დაშლის თაობაზე შეტანილი განცხადების და დაშლის თაობაზე სოფლის საკრებულოს გამგეობის 1997წ. 31 იანვრის ¹6 დადგენილების არსებობის შესახებ. აღნიშნულ გარემოებას სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სასამართლო სხდომაზე თვით მოსარჩელე ც. ბ-ისა და საკრებულოს წარმომადგენლის განმარტებით.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთა მითითება იმის შესახებ, რომ მათი სარჩელი არ არის ხანდაზმული, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. კასატორები ვერ მიუთითებენ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნების კანონიერ საფუძველს. მათ მიერ მარტოოდენ იმის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვერ გახდება საქმის ხელახალ განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს სწორად გამოიყენა და სწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე და მე-80 მუხლები და სწორად მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 1997წ. 25 ნოემბრამდე არსებული კომლის შეერთება, გაყოფა, გამოყოფა და გაყრა სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც გამოიყენება საკოლმეურნეო კომლის მიმართ. თუ არ არსებობს კოლმეურნეობა, არ არსებობს საკოლმეურნეო კომლი. საკოლმეურნეო კომლის არარსებობის შემთხვევაში კომლის გაყოფა, შეერთება, დაშლა და ა.შ. შეუძლებელია. მოცემული დავა შეეხება 1993 წლიდან 1997წ. 31 იანვრამდე პერიოდს. ამ დროისათვის გარდაბნის რაიონი სოფ. ...ში კოლმეურნეობა არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხული იყო საკოლმეურნეო კომლის არსებობა და საკოლმეურნეო კომლის შეერთება-გაყოფასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება. მათ შორის საკრებულოს გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომლის შეერთების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. და ც. ბ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.