საქმე # 010100118002747651
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№182აპ-21 ქ. თბილისი
ბ–ე ვ., 182აპ-21 15 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ვ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,13811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მტკიცებით, განაჩენი კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის ნაწილში უკანონოა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, ვ. ბ–ს ქმედებაში გამოკვეთილია ოჯახური დანაშაული, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. თ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო ვ. ბ–სთან და ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ბ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 25 სექტემბერს ვ. ბ–ს მიმართ ერთი თვის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი №..........., რომლითაც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, დ. თ–ის, რომელთანაც 2014-2016 წლებში ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას - საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და ასევე - მასთან სატელეფონო კომუნიკაცია.
- 2018 წლის 5 ოქტომბერს ვ. ბ–ე მაინც დაუკავშირდა ტელეფონით დ. თ–ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, რისთვისაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა - 1 დღით.
- 2018 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ვ. ბ–მ, რომელსაც შემაკავებელი ორდერის თანახმად, აკრძალული ჰქონდა დ. თ–სთან როგორც სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება, ტელეფონით დაურეკა დაზარალებულს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მივიდა ქ. ბ.......ში, ზ. ............ს ქ. №..-ში მდებარე დ. თ–ის საცხოვრებელ მისამართზე, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. ვ. ბ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განაჩენით ვ. ბ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 3811-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - ჯარიმა - 1200 ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა - ჯარიმა - 1000 ლარი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ბ–მ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, მაგრამ მის ქმედებაში არ იყო გამოკვეთილი ოჯახური დანაშაული, ვინაიდან უტყუარად ვერ დადგინდა, რომ ვ. ბ–ე და დ. თ–ი იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან/და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ვ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, ვ. ბ–ს ქმედებაში არ იყო გამოკვეთილი ოჯახური დანაშაული, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ვ. ბ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა.
11. საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ დავის საგნად ქცეულ საკვანძო საკითხთან მიმართებით - იყვნენ თუ არა მსჯავრდებული და დაზარალებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან/და ეწეოდნენ თუ არა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რისი მხედველობაში მიღებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ითვლებოდნენ თუ არა ოჯახის წევრებად - საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443-ე, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება, მათ შორის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ უტყუარად ვერ დადგინდა, რომ დ. თ–ი და ვ. ბ–ე იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან/და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის განმარტებით, ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ერთი მხრივ, საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს მსჯავრდებულის ნათესავების, ახლობლებისა და მეზობლების ჩვენებებიდან, რომლებიც მხოლოდ მათ მეგობრულ ურთიერთობას ადასტურებენ, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული, სადავოდ გამხდარი, ზემოაღნიშნული გარემოება არ დგინდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე სახის საპირწონე, დამაჯერებელი მტკიცებულებით და, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვი, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ვ. ბ–ე და დ. თ–ი ითვლებოდნენ თუ არა ოჯახის წევრებად, - რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
12. რაც შეეხება ვ. ბ–სათვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ვ. ბ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, მტკიცებულებების ნაწილი გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გათვალისწინებით, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის გამკაცრება საკასაციო სასამართლოს სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად არ მიაჩნია აუცილებლად.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი