Facebook Twitter

საქმე # 330100118002745948

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №237აპ-21 ქ. თბილისი

გ–ა ი., 237აპ-21 22 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისისა და 7 ივლისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით:

მიუხედავად არაერთი პირდაპირი მტკიცებულებისა, სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არასანდოდ მიიჩნია ისინი, მათ შორის - თვითონ დაზარალებულისა და მისი დების - მ. და მ. ლ–ების ჩვენებები, ასევე დაზარალებულის ადვოკატის ჩვენება; სასამართლომ ასევე საეჭვოდ მიიჩნია დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია სანდოდ ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ჩვენებები; მოცემულ შემთხვევაში ი. გ–სა და ი. ლ–ს ქმედებებში იკვეთება შერეული ბრალი და ერთ-ერთი მათგანის მსჯავრდება არ გამორიცხავს მეორისას.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. გ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

ი. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 5 ივლისს, თ...........ში, აკ. ...........ის №..-ში, ი. გ–მ მეუღლის დას, ი. ლ–ს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულს დაუზიანდა ტუჩი და ასევე ფრჩხილებით დაფხაჭნა მარცხენა მკლავის არე, რის შედეგადაც ი. ლ–მ მიიღო სხეულის დაზიანებები - ნაჭდევების, სისხლნაჟღენთისa და ჭრილობის სახით და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2018 წლის 7 ივლისს, თ..............ში, .............ის №139-ში, ი. გ–მ მეუღლის დას, ი. ლ–ს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ხელი მოუჭირა ყელის არეში, ხელი ჰკრა, რამდენჯერმე დაარტყა სხეულსა და სახის არეში, ფრჩხილებით დაფხაჭნა მკლავის არე, ასევე ხელი მოაყოლა კარსა და მის ჩარჩოს შორის, რის შედეგადაც ი. ლ–მ მიიღო სხეულის დაზიანებები - ნაჭდევების, სისხლნაჟღენთისა და ჭრილობის სახით და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ი. გ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისისა და 7 ივლისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა გამართლებულ ი. გ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთიs ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

გამართლებულ ი. გ–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ი. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისისა და 7 ივლისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ ადასტურებს ი. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისისა და 7 ივლისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. გ–ს, თავის ყოფილ მეუღლე - ზ. ლ–ს და ი. ლ–სთან აქვს სამოქალაქო დავა. ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეები, რომლებიც არიან მომხდარი შემთხვევის უშუალო თვითმხილველები, სასამართლოს აწვდიან სრულიად ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, კერძოდ: ბრალდების მხარის მოწმეები - ი. ლ–ა და მ. ლ–ა (შეესწრო 2018 წლის 5 ივლისის ფაქტს) განმარტავენ, რომ ი. გ–მ 2018 წლის 5 ივლისს სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას დაზარალებულს სახეში დაარტყა ხელი და დაკაწრა ფრჩხილებით, ხოლო იმავე წლის 7 ივლისს განზრახ მოაყოლა ხელი კარში; დაცვის მხარის მოწმეები - გამართლებული ი. გ–ა, მოწმეები - მ. ს–ე და გ. მ–ა კატეგორიულად უარყოფენ ი. გ–ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებს ბრალდების ორივე ეპიზოდში, უფრო მეტიც, ი. გ–ა და მ. ს–ე განმარტავენ, რომ ი. ლ–მ 2018 წლის 5 ივლისს მიიყენა თვითდაზიანებები, კერძოდ, გაიხეთქა ტუჩი და დაიკაწრა ხელი, რის შემდეგაც დაზიანებების მიყენება დააბრალა გამართლებულს, ხოლო 2018 წლის 7 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით განმარტავენ, რომ ი. ლ–ა ი. გ–ს მიუვარდა სახლში და განაცხადა, რომ იქ უნდა ეცხოვრა. ი. გ–ა ცდილობდა, რომ იგი სახლში არ შეეშვა, დაზარალებული კი ძალის გამოყენებით შეეცადა შესვლას და ამ დროს მას ხელი შემთხვევით მოჰყვა კარში.

9. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 7 ივლისის ეპიზოდში კონფლიქტის თვითმხილველი პირების, ი. გ–ს მეზობლად მცხოვრები ნეიტრალური მოწმეების - რ. ბ–ისა და მ. ჭ–ს ჩვენებებზე. ორივე მათგანი განმარტავს, რომ დაინახეს, თუ როგორ „ეჯიკავებოდა“ ი. გ–ს ი. ლ–ა, რომელიც ცდილობდა მის სახლში შესვლას, ხოლო ი. გ–ა არ უშვებდა მას და იჭერდა კარს, რა დროსაც, ი. ლ–ს ხელი მოჰყვა კარში. შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

10. რაც შეეხება კიდევ ერთი თვითმხილველი მოწმის, მ. ფ–ს ჩვენებას, იგი განმარტავს, რომ 2018 წლის 7 ივლისს დაინახა თუ როგორ გამოათრია სახლიდან ი. გ–მ ი. ლ–ა, რომელსაც ახრჩობდა და კარში ხელი მოაყოლა. თვითონ იქ რომ არ ყოფილიყო, ალბათ მოკლავდა კიდეც დაზარალებულს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ჩვენებაც არსებითად ეწინააღმდეგება და შეუსაბამოა ნეიტრალური მოწმის, რ. ბ–ს ჩვენებასთან, სახელდობრ: რ. ბ–ე განმარტავს, რომ მ. ფ–ი შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციის მისვლის შემდეგ, ხოლო მისი იქ ყოფნის დროს მ. ფ–ი არ დაუნახავს და, შესაბამისად, არ შესწრებია იმ ფაქტს, რომ ის ი. გ–ს და ი. ლ–ს აშველებდა. გარდა ამისა, მ. ფ–ს ჩვენება ასევე ეწინააღმდეგება დაზარალებულ ი. ლ–ს ჩვენებასაც და ამასთან, დგინდება, რომ მ. ფ–ი ი. გ–ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავის წარმოებისას იყო დაზარალებულის წარმომადგენელი, ყოველივე აღნიშნული კი მ. ფ–ს ჩვენებას უკარგავს დამაჯერებლობასა და სანდოობას; სხვა დანარჩენ მოწმეთა ჩვენებები არის ირიბი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა როგორც ი. ლ–ს, ისე - ი. გ–ს.

11. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე პირების, დაცვისა და ბრალდების მხარის მოწმეების, ბრალდების მხარისა და ნეიტრალური, საქმის შედეგებით დაუინტერესებელი მოწმეთა ჩვენებები იმდენად წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიხცავია, რომ შეუძლებელია ამ ჩვენებებიდან ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, რის შესაბამისადაც, სასამართლომ, მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, წარმოშობილი გონივრული ეჭვი კანონიერად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი